კრის ვან აშე Berluti-ის მოდის სახლს ტოვებს, ინფორმაციას WWD ავრცელებს. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ LVMH-ის შემადგენლობაში შემავალი ბრენდი განახლებული სტრატეგიით განაგრძობს ფუნქციონირებას.

ახალი სტრატეგია კოლექციებისთვის “საკუთარი განრიგის” დაწესებას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი მოდის ტრადიციულ კალენდარს ემიჯნება. როგორც Berluti-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ანტუან არნო აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბრენდში “savoir-faire-ს და ინოვაციის მიმართ” არსებული დამოკიდებულების შენარჩუნებაა.

კრისი Berluti-ს შემოქმედებითად 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მას შემდეგ, რაც Dior-ის მოდის სახლი დატოვა, სადაც იმავე პოზიციას 11 წლის განმავლობაში იკავებდა. როგორც ბელგიელი დიზაინერი WWD-სთან საუბრისას აღნიშავს, ბრენდში მას რამდენიმე პროექტი აქვს დასამთავრებელი და მას საბოლოოდ რამდენიმე კვირაში დატოვებს.

ანტუან არნო თავის განცხადებაში ვან აშეს მადლობას უხდის და მასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

“[კრის ვან აშემ] LVMH Group-ში თავისი საქმიანობისას მამაკაცის სამოსის სამყაროში დიდებული ნიჭი გამოავლინა. მან Berluti-ს თავისი ხედვა შესთავაზა, რაც ბრენდის მახასიათებლებთან ახალი კოდების შერწყმაში გამოიხატა.” 

Berluti შემოდგომა/ზამთარი 2020
© Vogue Runway

თავად კრისი, რომელმაც მოდის სახლში შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა სამი წლის წინ ჰაიდერ აკერმანის წასვლის შემდეგ დაიკავა, ამბობს, რომ Berluti-ში მიღებული გამოცდილების შედეგად, უკეთესი დიზაინერი გახდა:

“საკმარისად არ შემიძლია მადლიერება გამოვხატო ჩემი სტუდიისა და იქ მომუშავე ოსტატებისადმი. ატელიეებთან თანამშრომლობა ყოველთვის მიყვარდა, ხარისხისა და კვლევის ასეთი სტანდარტები ნამდვილად სტიმულის მომცემი იყო.”