მსახიობი ბლეიქ ლაივლი ქეით მიდლტონის ვიდეოს გამოეხმაურა და ბოდიში მოიხადა, რომ მისი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში იხუმრა.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში უელსის პრინცესა საჯარო სივრცეში აღარ ჩნდებოდა. ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ მან ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ამის შემდეგ ქეითი არც პაპარაცების და არც მედიის წარმომადგენლების ობიექტივში აღარ მოხვედრილა. საზოგადოებრივი ინტერესის პარალელურად, სამეფო ოჯახმა ქეითის შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ფოტოშოფი აღმოჩნდა. ეს ამბავი კონსპირაციულ თეორიებთან ერთად, მიმების ინსპირაციადაც იქცა. ერთ-ერთი ასეთი მიმი ბლეიქ ლაივლს ეკუთვნოდა. მან ფოტოშოფით დამუშავებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლითაც თავისი სასმელების ბრენდის – Betty Buzz-ის ახალ პროდუქტებს აანონსებდა. ფოტოზე თავად ბლეიქ ლაივლი ჩანდა, თუმცა დარღვეული პროპორციების გამო, მნახველი სურათზე პროგრამულ მანიპულაციას მაშინვე შეამჩნევდა.

მიმების ტალღის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 22 მარტს ინტერნეტში ქეით მიდლტონის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც მან თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაამხილა და თქვა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

სწორედ ამ ვიდეოს შემდეგ გამოქვეყნდა ბლეიქ ლაივლის პოსტი, სადაც ის ქეითზე ხუმრობის გამო სინანულს გამოთქვამს.


“ვიცი, ახლა ეს არავის ადარდებს, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო. გასულ კვირას სულელური პოსტი გამოვაქვეყნე [ქეითის] ფოტოშოფის შესახებ. დღეს ამ საქციელის გამო ძალიან მრცხვენია. ვწუხვარ,”- წერს მსახიობი.

რაც შეეხება ქეითის ვიდეოს, უელსის პრინცესამ განმარტა, რომ ამჟამად ის მკურნალობს და ქიმიოთერაპიის კურსს გადის. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ქეითის საჯარო სივრციდან გაუჩინარების მიზეზი.