Billboard Georgia-ს წარდგენით ქართველი არტისტი გიორგი გიგაშვილი ავტორიტეტული მუსიკალური ჟურნალის, Billboard-ის გლობალური ქავერ სთორის ერთ-ერთი გმირია. არტისტის შესახებ სტატია და ვიდეო ამერიკულმა Billboard-მა საკუთარ არხებზე განათავსა და მრავალმილიონიან აუდიტორიას გააცნო. მუსიკოსის შესახებ მასალა Billboard-ის ახალი გლობალური პროექტის ფარგლებში მომზადდა. პროექტი აერთიანებს გამორჩეულ არტისტებს, იმ ქვეყნებიდან, სადაც Billboard ოფიციალურად არის წარმოდგენილი. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა საქართველო, სადაც Billboard სამი წელია, ოფიციალურად მაუწყებლობს. 

სტატიაში გიორგი გიგაშვილი თავისი შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპებზე საუბრობს. იხსენებს მუსიკალური კარიერის დასაწყისს, გარდამტეხ ეტაპებს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას მუსიკისადმი. ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწილში არტისტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ხელოვანების სამოქალაქო პოზიციის მნიშვნელობასაც ეხება: 

“როცა საზოგადოებრივ აზრს გამოვხატავ, ამ დროს პირველ რიგში მოქალაქე ვარ და არა – ხელოვანი. ეს არის ჩემი უპირველესი სტატუსი. სულ ის დღე რომ დადგეს, როცა აღარ ვუკრავ, ხმას მაინც ამოვიღებ, ჩემს პოზიციას მაინც დავაფიქსირებ. დღეს, როცა საქართველოს ევროპულ მომავალს ექმნება საფრთხე, ვფიქრობ, ყველა მოქალაქის ვალია, სამოქალაქო პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს. ეს განსაკუთრებით მათი ვალია, ვისაც დიდი აუდიტორია და შესაბამისი პლატფორმა აქვს. თუ ადამიანს სწორი სამოქალაქო პოზიცია არ გააჩნია, მისი ხელოვნება და მათ შორის მუსიკაც ჩემთვის ფასს კარგავს,” – ამბობს Billboard-თან ინტერვიუში გიორგი გიგაშვილი.  

რაც შეეხება Billboard Georgia-ს, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟურნალი საქართველოში კომპანია Silknet-მა შემოუყვანა. Billboard Georgia-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი არტისტების და ქართული მუსიკალური სცენის განვითარებას როგორც ადგილობრივი, ასევე გლობალური მასშტაბით. 

წაიკითხეთ სრული სტატია გიორგი გიგაშვილის შესახებ