Beyoncé ერთ-ერთი პირველი ცნობილი არტისტი იყო, რომელმაც ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის სამოსის ტარება დაიწყო. ეს მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომახიძეს Central Saint Martins -ში სწავლა ახალი დასრულებული ჰქონდა და მოდის ინდუსტრიაში მისი სახელი არავინ იცოდა. სწორედ ამიტომ, ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომ ვარსკვლავებში ე.წ. „KOMA-მანიას“ საფუძველი ბიონსემ ჩაუყარა. ბიონსეს David Koma -ს ბრენდისადმი აღტაცება არ ყოფილა ხანმოკლე. გასული ათწლეული, ამერიკელი მომღერალი ხშირად გვევლინებოდა ქართველი დიზაინერის კოლექციებით. მეტიც, Beyoncé ახალ წელსაც კომახიძის კოსტიუმში ხვდება. გრემის ისტორიაში ყველაზე ხშირად ნომინირებული არტისტის ახალი ფოტოები ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. ერთ-ერთი ლუქი სწორედ David Koma -ს 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.

ბიონსეს ამ ლუქის სტილისტი გახლავთ კოსტიუმების დიზაინერი, Zerina Akers, რომელმაც ინსტაგრამზე დავითს თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობაც გადაუხადა. აკერსმა იმუშავა ბრიტანული ვოგის 2020 წლის ნოემბრის ნომრის ყდაზეც, რომელსაც Beyoncé ამშვენებს.