ეს ისტორია ესპანეთიდან იწყება. კრისტობალ ბალენსიაგა 1895 წლის 21 იანვარს, ესპანეთის ქალაქ გეტარიაში დაიბადა. ბალენსიაგამ მამა ადრეულ ასაკში დაკარგა, რის შემდეგაც ოჯახის რჩენის სირთულეები, მთლიანად კრისტობალის მკერავ დედაზე გადავიდა. დედის საქმიანობიდან გამომდინარე, არავის უკვირდა, რომ 11 წლის ასაკში, ბალენსიაგა უკვე საკმაოდ კარგად კერავდა. მიუხედავად ამისა, რთულად თუ წარმოიდგენდნენ, რომ გვარი BALENCIAGA საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდი გახდებოდა. კრისტობალმა პირველი მაღაზია 1917 წელს მშობლიურ ესპანეთში გახსნა, თუმცა სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და საბოლოოდ, პარიზში დამკვიდრდა. სწორედ პარიზში გაატარა თავისი კარიერის და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები.

„მაღალი მოდა ორკესტრია,სადაც მხოლოდ კრისტობალ ბალენსიაგა არის დირიჟორი. დანარჩენები მუსიკოსები ვართ, რომლებიც მის მითითებებს მივყვებით.“ – ამბობდა კრისტიან დიორი.


დიორის „ახალი ლუქის“ (New Look by Dior) რევოლუციის შემდეგ,კრისტობალი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც საპირისპირო სილუეტი აირჩია და მოდის ინდუსტრიაში დიდი ფორმები დანერგა. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ბალენსიაგა პირველი კუტიურიე იყო, რომელმაც მაღალ მოდაში ფორმები სარწმუნო გახადა. წელში გამოყვანილი ჟაკეტის მაგივრად, რომელიც მხოლოდ ვიწრო და სრულყოფილი წელის მქონე ქალბატონებს ერგებოდა, კრისტობალმა ქალებს განიერი ფორმები შესთავაზა. ის იწონებდა და აცმევდა ქალებს, რომლებსაც მუცელი ეტყობოდათ და არ იყვნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც დიორის და შანელის იმდროინდელი მუზები.

ბალენსიაგა ძალიან ანონიმური და რთული პიროვნებაც გახლდათ. ის იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებს და თითქმის არასდროს ჩნდებოდა საჯაროდ. მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული თავისი საქმე იყო,რომელსაც სიკვდილის წინ „ძაღლის სამუშაო“ უწოდა. 1972 წლის 23 მარტს, WWD იუწყებოდა: „მეფე გარდაიცვალა!“ კრისტობალ ბალენსიაგა პარიზში დაიღუპა და ამით ბრენდის პირველი თავი დაიხურა.

კრისტობალ ბალენსიაგა

მოდაში აღიარეს, რომ ბრენდი ბალენსიაგა კრისტობალ ბალენსიაგასთან ერთად მოკვდა. მაშინ, როდესაც ლაგერფელდი შანელს ხელახლა ქმნიდა, სან ლორანი მონდრიანის კაბით მსოფლიოს იპყრობდა, ხოლო პრადა თავის პირველ ცნობილ ჩანთაზე მუშაობდა, ბალენსიაგაში აღსანიშნი არაფერი ხდებოდა. 25 წელი საკმარისად დიდი დრო აღმოჩნდა საიმისოდ, რომ დიდებული მოდის სახლი დავიწყებას მისცემოდა.


კრისტობალის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ, პარიზში გამოჩნდა ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, რომელიც ჰელმუტ ლენგის ასისტენტობაზე ოცნებობდა. ნიკოლა ჟესქიერი 1971 წლის 9 მაისს საფრანგეთში დაიბადა. 18 წლის ნიკოლამ თავისი ესკიზები ჟან პოლ გოტიესთან მიიტანა და ინტერნობაზე განაცხადი გააკეთა. ასე მიიღო მოდაში თავისი პირველი სამსახური. 1997 წელს, მას შემდეგ, რაც პარიზში ჭორები გავრცელდა,რომ ბალენსიაგას ახალი დიზაინერი ლეგენდარული ჰელმუტ ლენგი გახდებოდა. ჟესქიერი სასწრაფოდ გადავიდა ბალენსიაგაში სამუშაოდ, იმ იმედით, რომ ჰელმუტის პირველი ასისტენტის პოზიციას დაიკავებდა. ლენგმა შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი განაცხადა.

ავსტრიელი დიზაინერის უარის შემდეგ, ბალენსიაგას მფლობელებმა სტრატეგია შეცვალეს და ცნობილი სახის ნაცვლად, ბრენდში ახალბედა შემოქმედებითი ხელმძღვანელის აყვანა გადაწყვიტეს. მათ არჩევანი შეაჩერეს 25 წლის ფრანგ დიზაინერზე – ნიკოლა ჟესქიერზე.

ნიკოლა ჟესქიერი

1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ნიკოლამ პირველად წარადგინა კოლექცია ბალენსიაგას მოდის სახლის სახელით.  ჟესქიერის დებიუტი არ ყოფილა ისეთი ხმაურიანი, როგორიც დემნა გვასალიასი, გამომდინარე იქიდან, რომ ნიკოლას შემოქმედებითად გაყინული და ყველასგან მივიწყებული ბრენდი დახვდა, სადაც 30 წელი საინტერესო არაფერი ხდებოდა. ორ წლიანი მუშაობის შემდეგ, ინდუსტრიაში ჩურჩული დაიწყო. ფუტურისტული, ნოვატორული, ძლიერი ხედვის მქონე და პერფექციონისტი. ჟესქიერმა ყველა საჭირო თვისება გამოავლინა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა მოდაში ახალი ერის დასაწყებად. „ჩემს კარიერაში დადგა დღე,როდესაც ყველა მირეკავდა: ლუი ვიტონის ბერნარ არნო, პრადა, გუჩი. ყველა ერთ რამეს მეუბნებოდა: ‘საკუთარი ბრენდი გინდა? რომელიმე სხვა დიდი მოდის სახლი გსურს? ყველაფერს მოგცემთ, თუ ჩვენთან წამოხვალ.’ Gucci Group (დღევანდელი Kering) ავირჩიე, ტომ ფორდის გამო.“ – იხსენებს ფრანგი. შედეგად, ტომ ფორდმა Gucci Group-ის სახელით ბალენსიაგა შეიძინა და ნიკოლას ყველა საჭირო მხარდაჭერა მისცა იდეების განსახორციელებლად.


Balenciaga Did It FIRST! ეტაპობრივად შესამჩნევი გახდა ბალენსიაგას გავლენა, რომელმაც მთელი ინდუსტრია მოიცვა. შეიქმნა ბლოგი “ეს პირველად ბალენსიაგამ გააკეთა,“ ბლოგი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს ბალენსიაგას კოპირებაში ამხელდა. 2006 წელს ჟესქიერმა კარლ ლაგერფელდისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა: „60-იანები ბალენსიაგას და შანელის იყო. მე მზად ვერ ეს დრო დაბრუნდეს.“ ეს დრო მართლაც დაბრუნდა. იმ წელს თაიმმა ფრანგი დიზაინერი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავში შეიყვანა.

2004 წლის ბოლოს ტომ ფორდმა და დომენიკო დე სოლიმ Gucci Group (დღევანდელი Kering) დატოვეს. ძალაუფლება ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა პინოს ხელში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება ნიკოლას და ბალენსიაგას მფლობელებს შორის სირთულეები, რაც საბოლოოდ ჟესქიერის ბრენდიდან წასვლით დასრულდა. ეს იყო სიახლე,რომელმაც ისეთივე შოკი გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ტომ ფორდის გუჩიდან წასვლამ.

„კრისტობალ ბალენსიაგას ვაჟი რომ ჰყოლოდა, ნიკოლასნაირი იქნებოდა. მოდაში ბევრი არ არის ჟესქიერის დონის. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ხედავ, რომ ასეთი დიდი ნიჭის პატრონი დიზაინერი მიდის. გალიანო წავიდა დიორიდან, ჰელმუტი წავიდა მოდიდან, ახლა ნიკოლა…“ – ამბობდა გრეის კოდინგტონი.


ბალენსიაგაში ფრანგის შემცვლელად ამერიკული მოდის ვარსკვლავი – ალექსანდრ ვენგი დაასახელეს. ვენგი ფრთხილად გაჰყვა ჟესქიერის ნაბიჯებს, რაც მოდისთვის რთულად მისაღები აღმოჩნდა. მხოლოდ 3 წელში, ბრენდს და ალექსანდრ ვენგს შორის კონტრაქტი შეწყდა. 2015 წელს, ვენგი ამერიკაში დაბრუნდა და ბალენსიაგა კვლავ შემოქმედებითი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. მაშინ Kering-ში უკვე კარგად იაზრებდნენ, რომ ნიკოლა ჟესქიერს უბრალოდ კარგი დიზაინერით ვერ შეცვლიდნენ. უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე მორიგი მშვენიერი კაბა ლამაზი პრინტით. მიხვდნენ, რომ რისკზე უნდა წასულიყვნენ და მსოფლიოსთვის რადიკალურად სხვა შეეთავაზებინათ.

2015 წლის 7 ოქტომბერს ინდუსტრია შეძრა სიახლემ: ვეტმოს თანადამფუძნებელი, დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალი კრეატიული ხელმძღვანელია. ქუჩის სტილის დიზაინერი, რომელიც მარჯიელას სკოლას ეკუთვნის და ჩვენებებს გეი სექს კლუბში მართავს, ჩაიბარებს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კუტიურიეს მოდის სახლს საფრანგეთში. „გვასალიას აყვანა დიდი რისკი იყო, მაგრამ გავრისკეთ და მოვიგეთ. ჩვენ მოდაში თამაში 2015 წელს შევცვალეთ, როცა დემნა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად დავნიშნეთ“ – აღნიშნავს ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი, სედრიქ შარბი.

2016 წლის გაზაფხულზე ბალენსიაგაში დემნას დებიუტი შედგა. ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას 1950-იან წლებში შექმნილი ლუქის განახლებული ვერსიით გაიხსნა, რაც ბრენდის დამფუძნებლისადმი პატივისცემას მიანიშნებდა. ჩვენების მეორე და მესამე ნაწილებში დიდი ზომის ქურთუკები, ასიმეტრიული ჯინსები და ბაზრის ჩანთები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ბალენსიაგა შორს იყო ისეთი სრულყოფილებისგან, როგორსაც კრისტობალის და ნიკოლას ნამუშევრებში ვხედავდით, დემნამ გვაჩვენა პატივისცემა ბრენდის დამფუძნებლის მიმართ და გამბედაობაც.

Balenciaga 2016 / Balenciaga 1950

დემნას ხედვაში შესამჩნევი იყო ლიდერის ხასიათი, რომელსაც შეეძლო სხვები საკუთარი ხედვის ქვეშ მოექცია. გვასალიას დებიუტიდან 6 თვეში, თითქმის ყველას პოდიუმზე ბალენსიაგას სილუეტებს ვხედავდით. 2016 წელს ამერიკის მოდის საბჭომ დემნა წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა.


დასკვნის სახით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ BALENCIAGA არ არის მოდის სახლი, სადაც ოქროს შუალედში მუშაობა საკმარისია. ბრენდს აქვს ლიდერის სული, რაც უპირატესობასთან ერთად დიდი გამოწვევაც არის. თუ სხვა ცნობილ მოდის ბრენდებში, როგორებიცაა, შანელი, დიორი, ერმესი, ყველაზე წარუმატებელი დიზაინერის შემთხვევაშიც არაფერი აქვთ სანერვიულო, ბალენსიაგაში ყოველთვის არის საშიშროება, რომ ლიდერის წასვლის შემდეგ, ბრენდი ხანგრძლივ ძილს მიეცემა.