Fashionholics Online

ეს ისტორია 124 წლის წინ ესპანეთში დაიწყო, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგა დაიბადა. ბალენსიაგამ მამა ადრეულ ასაკში დაკარგა. ოჯახის რჩენის სირთულეები დედის მხრებზე გადავიდა. დედა სამკერვალო საქმიანობით იყო დაკავებული, ამიტომ არავის უკვირდა,რომ 11 წლის ასაკში კრისტობალი უკვე საკმაოდ კარგად კერავდა. მიუხედავად ამისა, რთულად თუ წარმოიდგენდნენ, რომ გვარი BALENCIAGA მსოფლიო დონის ბრენდი გახდებოდა. პირველი მაღაზია 1917 წელს ესპანეთში გახსნა,თუმცა სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, ბალენსიაგა პარიზში გადასახლდა და საცხოვრებლად უკან აღარ დაბრუნებულა.

„მაღალი მოდა ორკესტრია,სადაც მხოლოდ კრისტობალ ბალენსიაგა არის დირიჟორი. დანარჩენები მუსიკოსები ვართ, რომლებიც მის მითითებებს მივყვებით.“ – კრისტიან დიორი.


დიორის „ახალი ლუქის“ რევოლუციის შემდეგ,კრისტობალი იყო პირველი დიზაინერი,რომელმაც საპირისპირო სილუეტი აირჩია და მოდის ინდუსტრიაში დიდი ფორმები დანერგა. ბალენსიაგა პირველი კუტიურიე იყო,რომელმაც მაღალ მოდაში ფორმები სარწმუნო გახადა. წელში გამოყვანილი ჟაკეტის მაგივრად, რომელიც მხოლოდ ვიწრო და სრულყოფილი წელის მქონე ქალბატონებს ერგებოდა, კრისტობალმა ქალებს განიერი ფორმები შესთავაზა. ის იწონებდა და აცმევდა ქალებს, რომლებსაც მუცელი ეტყობოდათ და არ იყვნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც დიორის და შანელის იმდროინდელი მუზები.
ბალენსიაგა ძალიან ანონიმური და რთული პიროვნება იყო,იშვიათად თანხმდებოდა ინტერვიუებს და თითქმის არასდროს ჩნდებოდა საჯაროდ. მისი ერთადერთი ნამდვილი სიყვარული თავისი საქმე იყო,რომელსაც სიკვდილის წინ „ძაღლის სამუშაო“ უწოდა. 1972 წლის 23 მარტს WWD-ს ჰედლაინი იუწყებოდა: „მეფე გარდაიცვალა!“ კრისტობალ ბალენსიაგა პარიზში დაიღუპა და ამით ბრენდის პირველი თავი დაიხურა. მოდაში აღიარეს, რომ ბრენდი ბალენსიაგა კრისტობალ ბალენსიაგასთან ერთად მოკვდა. მაშინ როდესაც ლაგერფელდი შანელს ხელახლა ქმნიდა, სან ლორანი მონდრიანის კაბით მსოფლიოს იპყრობდა, ხოლო პრადა თავის პირველ იტ ჩანთაზე მუშაობდა, ბალენსიაგაში აღსანიშნი არაფერი ხდებოდა. 25 წელი საკმარისად დიდი დრო აღმოჩნდა საიმისოდ, რომ დიდებული მოდის სახლი დავიწყებას მისცემოდა.

კრისტობალ ბალენსიაგა

კრისტობალის გარდაცვალებიდან 25 წლის შემდეგ,1997 წელს ჩნდება ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი, რომელიც ჰელმუტ ლენგის ასისტენტობაზე ოცნებობს. ნიკოლა ჟესქიერი 1971 წლის 9 მაისს საფრანგეთში დაიბადა. 18 წლის ნიკოლამ თავისი ესკიზები ჟან პოლ გოტიესთან მიიტანა და ინტერნობაზე განაცხადი გააკეთა. ასე მიიღო მოდაში თავისი პირველი სამსახური.
1997 წელს პარიზში ჭორები გავრცელდა,რომ ბალენსიაგას ახალი დიზაინერი ჰელმუტ ლენგი უნდა გამხდარიყო. ჭორებმა მიაღწიეს ნიკოლამდეც,რომელიც ჰელმუტის დიდი გულშემატკივარია. ჟესქიერი სასწრაფოდ გადავიდა ბალენსიაგაში იმ იმედით, რომ ჰელმუტის პირველი ასისტენტი გახდებოდა. ჰელმუტმა უარი თქვა და ბალენსიაგაში სტრატეგია შეცვალეს. ცნობილი დიზაინერის ნაცვლად ახალბედა შემოქმედებითი ხელმძღვანელის აყვანა გადაწყვიტეს. არჩევანი შეაჩერეს 25 წლის ნიკოლა ჟესქიერზე.

ნიკოლა ჟესქიერი

1998 წლის სეზონზე ნიკოლამ პირველად წარადგინა კოლექცია.  ჟესქიერის დებიუტი არ ყოფილა ისეთი ხმაურიანი, როგორიც დემნა გვასალიასი, რადგან გვასალიასგან განსხვავებით, ნიკოლას განადგურებული ბრენდი დახვდა, სადაც 30 წელი საინტერესო არაფერი ხდებოდა.
ნიკოლას 2 წელი დასჭირდა, რომ უბრალოდ რედაქტორებს შანსი მიეცათ და კვლავ მისულიყვნენ ბალენსიაგას ჩვენებებზე. 2 წლიანი მუშაობის შემდეგ ინდუსტრიაში ფუსფუსი დაიწყო. ფუტურისტული, ნოვატორული, ძლიერი ხედვის მქონე, მომთხოვნი და პერფექციონისტი. ჟესქიერმა ყველა საჭირო თვისება გამოავლინა. მოდაში სიგიჟე დაიწყო, ნუთუ ბალენსიაგა ბრუნდება?

Balenciaga by Nicolas Ghesquière

„ჩემს კარიერაში დადგა დღე,როდესაც ყველა მირეკავდა: ლუი ვიტონის ბერნარ არნო, პრადა, გუჩი გრუპი. ყველა ერთ რამეს მეუბნებოდა: ‘საკუთარი ბრენდი გინდა? რომელიმე სხვა დიდი მოდის სახლი გსურს? ყველაფერს მოგცემთ, თუ ჩვენთან წამოხვალ.’ გუჩი გრუპი (დღევანდელი ქერინგი) ავირჩიე ტომ ფორდის გამო.“ იხსენებს ფრანგი. ტომ ფორდმა გუჩი გრუპის (დღევანდელი ქერინგი) სახელით ბალენსიაგა შეიძინა და ნიკოლას ყველა საჭირო მხარდაჭერა მისცა იდეების განსახორციელებლად.
Balenciaga Did It FIRST! ეტაპობრივად შესამჩნევი გახდა ბალენსიაგას გავლენა, რომელმაც მთელი ინდუსტრია მოიცვა. შეიქმნა ბლოგი “ეს პირველად ბალენსიაგამ გააკეთა,“ ბლოგი მსოფლიოს წამყვან ბრენდებს ბალენსიაგას კოპირებაში ამხელდა. 2006 წელს ჟესქიერმა კარლ ლაგერფელდისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა: „60-იანები ბალენსიაგას და შანელის იყო. მე მზად ვერ ეს დრო დაბრუნდეს.“ ეს დრო მართლაც დაბრუნდა. იმ წელს თაიმმა ფრანგი დიზაინერი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავში შეიყვანა.

2004 წლის ბოლოს ტომ ფორდმა და დომენიკო დე სოლიმ გუჩი გრუპი (დღევანდელი ქერინგი) დატოვეს. ძალაუფლება ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა პინოს ხელში გადავიდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება ნიკოლას და ბალენსიაგას მფლობელებს შორის სირთულეები, რაც საბოლოოდ ჟესქიერის ბრენდიდან წასვლით დასრულდა. ეს იყო სიახლე,რომელმაც ისეთივე შოკი და ტკივილი გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ტომ ფორდის გუჩიდან წასვლამ.

„კრისტობალ ბალენსიაგას ვაჟი რომ ჰყოლოდა, ნიკოლასნაირი იქნებოდა. მოდაში ბევრი არ არის ჟესქიერის დონის. ძალიან გულდასაწყვეტია, როცა ხედავ, რომ ასეთი დიდი ნიჭის პატრონი დიზაინერი მიდის. გალიანო წავიდა დიორიდან, ჰელმუტი წავიდა მოდიდან, ახლა ნიკოლა.“ – გრეის კოდინგტონი.

Balenciaga by Nicolas Ghesquière

ნიკოლას და ბალენსიაგას ისტორიის პარალელურად ლუი ვიტონში მარკ ჯეიკობსის შესაცვლელად ემზადებოდნენ. როცა ფრანგმა დიზაინერმა გაავრცელა სიახლე, რომ ბალენსიაგას ტოვებს, ლუი ვიტონში დრო იხელთეს და ნიკოლას შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა შესთავაზეს. ასე გახდა ნიკოლა ჟესქიერი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ხელმძღვანელი.
ბალენსიაგაში ფრანგის შემცვლელად ამერიკული მოდის ვარსკვლავი, ალექსანდრ ვენგი დაასახელეს. ვენგი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ გამბედაობა არ ეყო, რომ აღებული კურსიდან გადაეხვია. ალექსი ფრთხილად გაჰყვა ჟესქიერის მიმართულებას, რაც არავინ მიიღო. ბალენსიაგა კვლავ მივიწყების გზას დაადგა, ამიტომ მფლობელებმა ვენგთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტეს.

ალექსანდრ ვენგის კოლექცია ბალენსიაგასთვის

2015 წელს ალექსანდრ ვენგი ამერიკაში დაბრუნდა და ბალენსიაგა კვლავ შემოქმედებითი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. მაშინ ქერინგში (ბალენსიაგას მფლობელი კომპანია, ყოფილი გუჩი გრუპი) დაფიქრდნენ, რომ ნიკოლას უბრალოდ კარგი დიზაინერით ვერ შეცვლიდნენ. უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე მორიგი მშვენიერი კაბა ლამაზი პრინტებით. მიხვდნენ, რომ რისკზე უნდა წასულიყვნენ და მსოფლიოსთვის რადიკალურად სხვა შეეთავაზებინათ.

2015 წლის 7 ოქტომბერს ინდუსტრია შეძრა სიახლემ, რომ ვეტმანის დამფუძნებელი, დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალი ხელმძღვანელია. ქუჩის სტილის დიზაინერი, რომელიც მარჯიელას სკოლას ეკუთვნის და ჩვენებებს გეი სექს კლუბში მართავს, ჩაიბარებს ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კუტიურიეს მოდის სახლს.
„ვიცოდით, რომ ვრისკავდით. გვასალიას აყვანა ძალიან დიდი რისკი იყო, მაგრამ გავრისკეთ და მოვიგეთ. ჩვენ მოდაში თამაში 2015 წელს შევცვალეთ, როცა დემნა ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად დავნიშნეთ.“ – სედრიქ შარბი.
2016 წლის გაზაფხულზე ბალენსიაგაში დემნას დებიუტი შედგა. ჩვენება კრისტობალ ბალენსიაგას 1950-იან წლებში შექმნილი ლუქის განახლებული ვერსიით გაიხსნა, რაც ბრენდის დამფუძნებლისადმი პატივისცემას მიანიშნებდა. ჩვენების მეორე და მესამე ნაწილებში დიდი ზომის ქურთუკები, ასიმეტრიული ჯინსები და ბაზრის ჩანთები ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ დემნას ბალენსიაგა ძალიან შორს იყო ისეთი სრულყოფილებისგან, როგორსაც კრისტობალის და ნიკოლას ნამუშევრებში ვხედავდით, დემნამ გვაჩვენა პატივისცემა ბრენდის დამფუძნებლის მიმართ და გამბედაობაც. ნათელი იყო, რომ ეს ბიჭი იაზრებდა სად მოხვდა, თუმცა საკმარისად თავდაჯერებული და რისკიანია, რომ არ გაჰყვეს თავისი წინამორბედის ნაბიჯებს. მის წარმატებაში გადამწყვეტი სწორედ ეს გახდა. დემნაში დაინახეს ლიდერის ხასიათი, რომელსაც შეუძლია სხვები საკუთარი ხედვის ქვეშ მოაქციოს. გვასალიას დებიუტიდან 6 თვეში, თითქმის ყველას პოდიუმზე ბალენსიაგას სილუეტებს ვხედავდით. 2016 წელს ამერიკის მოდის საბჭომ დემნა წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელა. 2017 წელს იგივე სტატუსი ბრიტანეთშიც მიანიჭეს.

Balenciaga by Demna Gvasalia 2016 / Christobal Balenciaga 1950

კრისტობალ ბალენსიაგა იყო ლიდერი, რთული, მაგრამ განსაკუთრებული ხასიათით. ნიკოლა ჟესქიერი არის ლიდერი არანაკლებ რთული პიროვნულობით. დემნა გვასალიაც ჩვენი თაობის ლიდერია, რომელმაც უარყო მოდის თითქმის ყველა წესი, მაგრამ შედეგად დიდ წარმატებას მიაღწია. ადვილი არ არის ვივარაუდოთ რა იქნება მომავალში, რამდენი ხანი გაგრძელდება ქართველი დიზაინერის ერა, მაგრამ ფაქტია, BALENCIAGA არ არის მოდის სახლი, სადაც ოქროს შუალედში მუშაობა საკმარისია. ბრენდს აქვს ლიდერის სული, რაც უპირატესობასთან ერთად დიდი გამოწვევაც არის. თუ დიორში ყველაზე წარუმატებელი დიზაინერის შემთხვევაშიც არაფერი აქვთ სანერვიულო, ბალენსიაგაში ყოველთვის არის საშიშროება, რომ შემოქმედებითი ლიდერის წასვლის შემდეგ ბრენდი ხანგრძლივ ძილს მიეცემა.