ბელგიური სახლი Ann Demeulemeester გასულ წელს კლაუდიო ანტონიოლიმ შეიძინა, რომელმაც, პირველ რიგში, ანტვერპენში მდებარე ბრენდის მთავარი მაღაზიის განახლება დაგეგმა. განახლებული მაღაზია, რომელზეც ენის მეუღლემ, პატრიკ რობინმა იმუშავა, ზაფხულში გაიხსნა. მაღაზიაში ენის ხელწერა იგრძნობა, ისევე, როგორც ახალ კოლექციაში. ანტონიოლის სწორედ ეს ჰქონდა მიზნად, როდესაც ბრენდის მმართველობა ჩაიბარა. “ენი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია, ვფიქრობ, სრულად მოდის ინდუსტრიისთვისაც სწორედ ასეა. არ მინდა ბრენდის შეცვლა, მსურს მისი აუთენტურობის შენარჩუნება,” ამბობს ანტონიოლი. როგორც Vogue წერს, კოლექციის მიღმა “უხილავი” გუნდია, თუმცა ენი მათი ნაწილია.

კოლექციის შთაგონება, რა თქმა უნდა, ენ დემულემისტას 90-იანი წლების კოლექციებია, პერიოდი, როდესაც მოდაში ბელგიელებს აღმერთებდნენ. ენის ჰარმონიულ ქაოსს შავ-თეთრ ფერებში ყველასგან გამოარჩევ, ამიტომ სასიამოვნო სანახავია მისი მემკვიდრეობის გაგრძელება 2021 წლის ინტერპრეტაციით.