„ძვირფასო აზადინ,
ჩემთვის უდიდესი პატივია ამ კოლექციის წარდგენა. ვეცადე შენი კრეატიული მეთოდის ერთგული ვყოფილყავი. შენს გონებაში შემოღწევაც კი ვცადე, მაგრამ ეს შეუძლებელია… იმდენი კითხვა მაქვს, იმდენ რამეს წარმოვიდგენ.. როგორც თავად აღნიშნავდი, შენ უფრო მშვენიერებას ქმნიდი, ვიდრე მოდას. ჩვენ შევხვედრილვართ, მაგრამ მე შენი გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა, ახლა მეძლევა შანსი, რომ მადლობა გითხრა.
მადლობა აზადინ,“
– პიტერ მიულე.
ლეგენდარული დიზაინერის, აზადინ ალაიას ბოლო ჩვენებიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ, ისევ 4 ივლისს და ისევ პარიზში, ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე, პიტერ მიულემ Alaïa-სთვის სადებიუტო კოლექცია წარადგინა.
ყოველთვის, როდესაც ისტორიული მნიშვნელობის ფიგურა გვტოვებს და მის ადგილზე სხვა გვევლინება, რამდენადაც ბუნებრივი და გარდაუვალიც არ უნდა იყოს ეს ცვლილება, საზოგადოებაც და მოდის ინდუსტრიაც, მტკივნეულად რეაგირებს. არასდროს, არც ერთი დიზაინერისთვის, არ ყოფილა მარტივი, ბრენდის დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ, პირველი ჩვენების გამართვა, თუმცა მიუხედავად ამისა, ალაიას შემთხვევა მაინც განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლოა.
აზადინმა პოპულარობა სილამაზისადმი ყველაზე წმინდა და ნათელი დამოკიდებულებით მოიპოვა, თუმცა ის არასდროს ყოფილა დიზაინერი, რომლის მიმზიდველობა მხოლოდ ქსოვილებში, ფერებში და ფორმებშია. ალაიას, როგორც, მსოფლიო მოდის ისტორიაში, ყველაზე დამოუკიდებელი და საკუთარი პრინციპების ერთგული დიზაინერის ნაბიჯების გაგრძელება, უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მოდამ უკვე მიაღწია სოციალური ქსელების რევოლუციის პიკს და პანდემიით გამოწვეული კრიზისი კვლავ ახდენს უარყოფით გავლენას ინდუსტრიის განვითარებაზე.
„მინდა ახალ თაობას ავუხსნა, თუ რა არის Alaïa,“ -აღნიშნა ბელგიელმა დიზაინერმა ჩვენების დასრულების შემდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, კოლექცია ერთგვარი არქივია ალაიას შემოქმედების, ის წარმოგვიდგენს ალაიას კოდებს, პიტერის პრიზმაში.
ჩვენება ქუჩაში, მოდის სახლის ატელიეს გვერდით გაიმართა. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც პანდემიამდელ რეალობაში: მიწვეული სტუმრები, ტოპ მოდელები პოდიუმზე და აღელვებული დიზაინერი კულისებში. პოდიუმის ქუჩაში მოწყობა სიმბოლურია, მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გამოხატავს პიტერის მიზანს.
„80-იანებში, ალაიას ძალიან ბევრი ქალი ყიდულობდა, განსაკუთრებით ამერიკაში. მაგრამ შემდეგ, ის უფრო სამუზეუმო გახდა. ჩემი სურვილია ალაია მუზეუმებიდან ქუჩაში დავაბრუნო. მე არ ვგულისხმობ კედებს და იმ მოდას, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია. ჩემი მიზანია ალაია ისევ გახდეს დემოკრატიული, ამიტომ კოლექციაში წარმოდგენილია სუფთა, მარტივად ტარებადი სილუეტები, ტანისამოსი, რომელიც ჩაცმადია,“
-პიტერ მიულიე.
საკმაოდ ხშირად, ოტ კუტიური, როგორც ტანისამოსის უმაღლესი მდგომარეობა და ფორმა, ყოველდღიურობისთვის შეუფერებელია. თავისი არსით, ის იქმნება, რათა არ იყოს ხელმისაწვდომი და პრაქტიკული. გასული საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი კუტიურიებისგან ალაიას სწორედ „უბრალოება“ და კომფორტი გამოარჩევდა. მისი ოტ კუტიური განსაცვიფრებელი ოსტატობით, კრეატიულობით და ხარისხით იქმნებოდა, თუმცა ამასთან ერთად – განკუთვნილი იყო სატარებლად. ქალები ატარებდნენ ალაიას ყოველდღიურად, ამან განაპირობა აზადინის ბიზნესის კომერციული სტაბილურობა თითქმის 50 წლის განმავლობაში.
„ამ მოდის სახლის, მისი ატელიეების და ნიჭიერი გუნდის ნაწილად ქცევა ნამდვილი ოცნებაა. ერთი სული მაქვს შევხვდე ალაიას პატივსაცემ კლიენტებს და მეგობრებს, ასევე გავეცნო ალაიას ფონდს და ერთად შევუდგეთ ამ ლეგენდარული მოდის სახლის მომავლის შექმნას,“ – თქვა ბელგიელმა, როდესაც ბრენდის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, თუმცა გუშინდელი ჩვენების შემდეგ, პიტერმა გაამხილა, რომ ალაიას მფლობელი კომპანიის, Richemont-ის შემოთავაზებაზე თითქმის ერთი წელი ფიქრობდა.
„წარსულშიც იყო შემოთავაზებები სხვადასხვა ბრენდებისგან, მაგრამ არ მინდოდა რაღაც ძალიან მასშტაბურის ნაწილი გავმხდარიყავი, უფრო პატარას ვეძებდი. ნიუ-იორკის შემდეგ კი, საერთოდ მოდიდან წასვლა მქონდა გადაწყვეტილი, ვფიქრობდი, რომ ამ საქმით არასდროს აღარ დავკავდებოდი,“ – პიტერ მიულე.
პროფესიით არქიტექტორი, პიტერი უკვე 15 წელზე მეტია რაფ სიმონსის მარჯვენა ხელია. ისინი ერთად ქმნიდნენ კოლექციებს, როგორც რაფის საკუთარი ბრენდისთვის, ისე ჯილ სანდერისთვის, დიორისა და კელვინ კლაინისთვის. 2016-2018 წლებში, პიტერი ნიუ-იორკში, კელვინ კლეინის დიზაინ დირექტორად მუშაობდა, თუმცა რაფის და Calvin Klein-ის სკანდალის შემდეგ, ბრენდი დატოვა.
გუშინ, მიულეს სადებიუტო ჩვენებას ესწრებოდა სიმონსიც, რომელიც ახლა, პრადას შემოქმედებითი თანადირექტორია.
„საკუთარ ჩვენებებზე არ ვღელავ ისე, როგორც ახლა. მე ვფიქრობ, რომ ამ რთულ გამოწვევას, პიტერმა თავი ბრწყინვალედ გაართვა“ – თქვა რაფმა პრესასთან საუბარში.
დასვკნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებიუტი შედგა, პიტერ მიულემ გვაჩვენა, რომ მას აქვს ყველა საჭირო უნარი და თვისება, რათა საბოლოოდ, გამოვიდეს რაფ სიმონსის ჩრდილიდან და მოდაში საკუთარი სიტყვა თქვას.