4-8 მაისს, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ფიზიკურ ფორმატში 2019 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო დიზაინერებმა. Fashionholics Online-ის გუნდი თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს ამჯერად Mastercard-თან პარტნიორობით ვაშუქებთ.

კვირეულის ფარგლებში მოეწყო ქართული მოდის ფონდის ორგანიზებული კონკურსი გამოცდილი დიზაინერებისთვის და 2010 წელს დაარსებული საერთაშორისო კონკურსი BeNext, რომელზეც დამწყებმა დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურებით დაკომპლექტებულ ჟიურის წარუდგინეს. გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ, კახეთსა და თბილისში, რეი კავაკუბოსა და ბრაიან გრიფინს შორის 1990 წელს შემდგარი ფოტო კოლაბორაცია კომ დე გაღსონისთვის და ARCHIVED-ის სელექციაში შესული ისეთი მოდის სახლების შთამბეჭდავი ვინტაჟური და იშვიათი სამოსის გამოფენა, როგორებიცაა: ივ სენ ლორანი, კრისტიან ლაკრუა და შანელი. ღონისძიებას 40-მდე საერთაშორისო გამოცემის წარმომადგენელი დაესწრო. ამ შემთხვევისთვის თბილისს ასევე ესტუმრნენ ბაიერები ისეთი სახელგანთქმული სავაჭრო სივრცეებიდან, როგორებიცაა: Bergdorf Goodman, Neiman Marcus, Samaritaine და ა.შ.

გასული დღეების განმავლობაში, Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე და სხვა გამორჩეულ ლოკაციებზე მოწყობილ პოდიუმზე, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციებთან ერთად ვიხილეთ პოლიტიკური ხასიათის მესიჯები, უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა, ქვიარ თემატიკა, მდგრადი მოდის მნიშვნელობის ხაზგასმა. კვირეულში მონაწილე ტალანტებმა დიზაინში გამოხატული თავიანთი სათქმელი სხვადასხვა ფორმით გააჟღერეს და შემოგვთავაზეს როგორც პრეზენტაციები, ისე ტრადიციულ ფორმატში გამართული ჩვენებები.

Reckless / ფოტოები: იდეაში•Ideashi

დიზაინერის შემოქმედებაში, ზოგჯერ, გარკვეულ დატვირთვას არა მხოლოდ ნამუშევრები, არამედ ის ადგილიც ატარებს, სადაც მათ საზოგადოებას – აჩვენეს. ამის მაგალითი თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში გოგირდის აბანოების ტერიტორიაზე ჩატარებული Situationist-ის ჩვენებაა. ბრენდის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, ირაკლი რუსაძის განმარტებით, აღნიშნული ლოკაცია თავისი ისტორიული მნიშვნელობის გამო შეირჩა. თუმცა, თავდაპირველად, კოლექციის წარსადგენად ბრენდში სულ სხვა ადგილებს მოიაზრებდნენ: ადმინისტრაციულ “საზღვარს” სამაჩაბლოში ან რუსულ-ქართულ “მეგობრობის” მონუმენტს, რომლებიც მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან და არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით მკაფიო განაცხადი იქნებოდა. Situationst-ში სურდათ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია იდეოლოგიათა დაპირისპირების მიმართ, რაც განსაკუთრებით ღრმა ჭრილობებს ქვიარ თემში ტოვებს, რუსული პროპაგანდა ანტი-ქვიარ განწყობას კი, კიდევ უფრო ამძაფრებს. მაგრამ იმის გაცნობიერების შედეგად, რომ ბრძოლაში ჩართვა სხვაგვარად ჯობდა, ბრენდის მამაკაცის ახალი კოლექცია ვიხილეთ იქ, სადაც, დიზაინერის თქმით, “ჩვენი წინაპრები ხშირად დადიოდნენ, რათა თავიანთი სიყვარული და სიმპატია თბილ, საამო ორთქლში და გოგირდის სურნელში გამოეხატათ.”

თამამი და თავისუფალი კოლექცია მოიცავდა გამჭირვალე ნაქსოვ მაისურებს, ქვედაბოლოებს, თეილორინგს, მკაცრი სტილის პალტოებს და ჩოხის ელემენტებს – ის გენდერული ჩარჩოების მიღმა იდგა და თანამედროვეობის მოთხოვნებს ტრადიციასთან შეთავსებით აკმაყოფილებდა.

Situationist / ფოტოები: იდეაში•Ideashi

ქვიარ თემატიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოდ აკა ფროდიაშვილის შოუზე იყო ნაჩვენები.  თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში მან თავისი კოლექცია პირველად 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგინა, რასაც საერთაშორისო პრესის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მას ამერიკული Vogue “ამომავალ ვარსკვლავად” მოიხსენიებდა, აკას ხედვის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებდა Dazed, Re-Edition კი, მის შემოქმედებას გარეკანს უძღვნიდა.

ახალგაზრდა ქვიარ დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია აქტივისტად და საქართველოში LGBTQ+ თემის უფლებების დამცველად გვევლინება. ის იწვევს გენდერულ ნორმებს და დრეგ კულტურის გავლენით ქმნის ნამუშევრებს, რომლებშიც მოდელები ჩვენ წინაშე თავისუფალ, ინდივიდუალიზმით განმსჭვალულ სულისკვეთებას ავლენენ. მისი ახალი კოლექციაც, რომელიც პროვოკაციულ ელემენტებს და ინდივიდუალიზმის გამომხატველ სამოსს აერთიანებს, წინა პლანზე აყენებს გამოხატვის თავისუფლებას და არსებულ სტიგმებს ღიად უპირისპირდება. აკამ ადგილობრივ მოდის კვირეულში განსხვავებული ენერგეტიკა შემოიტანა, რაც, უპირველესყოვლისა, ჩვენებაში თეატრალური და შოუს ელემენტების გაერთიანებით შეძლო.

Aka Prodiashvili / ფოტოები: იდეაში•Ideashi

ზოგ შემთხვევაში გარკვეულ მესიჯს შესაძლოა მაკიაჟიც ატარებდეს, როგორც Keburia-ს ახალი კოლექციის ჩვენებაზე. მასზე მოდელები თვალის გარშემო იმის მსგავსი მოხატულობით წარსდგნენ, როგორი ტატუც მარტის აქციების მონაწილეს, პოლიციელზე ძალადობის და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აქვს.

უშუალოდ კოლექცია კი ფერადი, მბზინვარე მოტივების, მრავალფეროვანი პატერნებისა და ტექსტურების ზეიმი იყო. მუხტი გამოიხატებოდა პანკურ თმის ვარცხნილობასა და პლატფორმაზე მდგარ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებშიც. ფერთა პალიტრა მოიცავდა კრემისფერის, მარგალიტისფერის, ვანილისფერისა და თეთრის ნათელ ტონალობებთან შერწყმულ ფუქსიის, კობალტის ლურჯ, ალისფერ წითელ, შავ და მწვანე ფერებს. კოლექცია აერთიანებდა გიორგი ქებურიას შემოქმედებაში უკვე კარგად ნაცნობ არაერთ დეტალს და მოიცავდა სხვადასხვა გარემოებებისთვის შესაფერისს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სამოსს. Keburia-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ელეგანტურობას ახლებური, უფრო მხიარული სახით წარმოაჩენს.

Keburia / ფოტოები: იდეაში•Ideashi

იმ მნიშვნელოვან თემებს შორის, რომლებსაც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალ სეზონზე ყურადღება დაეთმო, ასევე იყო მდგრადობა და ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც ამ საკითხს შეეხო თამუნა ინგოროყვა გახლავთ, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო Unfoud Door-ის უნიკალურ გარემოში მოეწყო. დიზაინერი უკვე რამდენიმე წელია Plastic Watcher-თან თანამშრომლობს, 2019 წელს შექმნილ ქართულ სოციალურ საწარმოსთან, რომლის მიზანიც პოლიეთილენის პარკების და საოჯახო პროდუქტების შესაფუთი ნარჩენებით დაბინძურებისგან გარემოს დაცვაა. Plastic Watcher უზრუნველყოფს Ingorokva-ს მიერ მიწოდებული ნარჩენების გადამუშავებას, რაც უმთავრესად ამ მიმართულებით ხალხის ქცევისა და აზროვნების ცვლილებას ემსახურება. ჩვენებაზე გამოყენებული იყო ამ კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი ჩანთები და სპეციალურად ამ კოლექციისთვის დამზადებული ვარდები, რომლებიც სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ. “რადგან ინგოროყვას კოლექცია ისევე, როგორც თვითონ ბრენდი ასეთი მდგრადია, გვინდოდა ამაზე აქცენტი ჩვენი თანამშრომლობითაც გაგვეკეთებინა,” – განაცხადა დიზაინერმა.

კოლექციაზე მუშაობისას მისი ინსპირაცია ნიკი დე სენ ფალი იყო, რომლის პიროვნებისა და ხელოვნებისთვის დამახასიათებელი ასპექტები თამუნამ თავის შემოქმედებაში გამოავლინა. ფრანგი-ამერიკელი არტისტი ქალის ძლიერი ხასიათი, თავისუფლებისკენ სწრაფვა, დირექტივებისადმი დაუმორჩილებლობა და მუდმივად იმის შექმნისკენ მიდრეკილება, რაც თავად მოსწონდა მისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა, დაკვირვებული თვალი კი, კოლექციაში ტოსკანაში შექმნილი ფსიქოდელიური “ტარო გარდენის” ფერებსაც შეამჩნევს.

Ingorokva / ფოტოები: იდეაში•Ideashi

მიუხედავად რამდენიმე წლიანი პაუზისა, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფიზიკურ ფორმატში დაბრუნებამ ცხადყო, რომ მის მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს და პროექტი ამ სეზონზე კიდევ ერთხელ შედგა.