
ფრანგული კონგლომერატის, LVMH-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წლის პირველი მეოთხედის სტატისტიკას ასახავს, გაყიდვები 17%-ითაა გაზრდილი. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ნახტომი ჩინეთის ბაზრის გამოცოცხლებას უკავშირდება, ისევე, როგორც იაპონიისა და შეერთებული შტატების ბაზრებზე მოთხოვნის გაზრდას. გარდა ტყავის ნაწარმის არნახული პოპულარობისა, შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წილი LVMH-ში Sephora-სა და ლაქშერი სამოგზაურო სერვისის პროვაიდერზე DFS-ზე მოდის. ანგარიშში აღნიშნულია ასევე რიანას Superbowl-ის პერფორმანსის შემდეგ გაზრდილი გაყიდვები Fenty Beauty-ში, რომლის თითქმის 1/2-ის მფლობელი LVMH-ია.

31 მარტის ჩათვლით, LVMH-ის შემოსავალმა 21.04 მილიარდ ევროს გადააჭარბა, მიუხედავად “არასტაბილური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გარემოებებისა,” ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნული დროის მონაკვეთში კონგლომერატის ყველა სეგმენტში, გარდა ალკოჰოლური სასმელების სეგმენტისა, ორ ციფრიანი ზრდაა დაფიქსირებული. კონგლომერატის მეგა-ბრენდებში, Louis Vuitton-სა და Dior-ში აღსანიშნავი, 18%-იანი ზრდაა, ხოლო დანარჩენ ბრენდებში, როგორებიცაა Celine, Rimowa, Loewe და სხვები, “ასევე შესანიშნავი მაჩვენებლებია,” როგორც ანგარიშში ვხედავთ.

გაყიდვებმა მოლოდინს LVMH-ის დაქვემდებარებაში მყოფ სამკაულების ბრენდებშიც გადააჭარბა, რამაც 11%-ი შეადგინა, საუბარია Tiffany & Co.-ზე, Chaumet-ზე, Tag Heuer-ზე, Hublot-სა და Zenith-ზე.