აკა ფროდიაშვილმა თავისი პირველი კოლექციის ჩვენება 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში გამართა. “ქვიარ” კულტურის გავლენითა და “დრეგ ქვინების” ესთეტიკით შთაგონებულმა თეატრალურმა პრეზენტაციამ დიზაინერი მომენტალურად აქცია “ამომავალ ვარსკვლავად,” როგორც მას ამერიკული “ვოგი” მოიხსენიებდა.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

“ჩემს ხედვას,  კოლექციებს,  პრეზენტაციებს სხვებთან შედარებით უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდა,” – ამბობს აკა და სწორედ ამ ფაქტორის დამსახურებით მოიპოვა კარიერის პირველ ეტაპზევე საზოგადოების მხრიდან სიმპატია. 

ექვსი წლის შემდეგ, ის მოდის საშუალებით კვლავ გვესაუბრება გარკვეულ თემებზე. ამჯერად სათქმელს თავი მოუყარა კოლექციაში, რომელიც გავიცანით, როგორც “მეთოდი.”

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

კოლექცია კონტრასტულ ელემენტებს აერთიანებს, რომლებიც მთლიანობაში ორგანულად არის ერთმანეთთან შერწყმული. მასში თვალსაჩინოა გამჭირვალე ქსოვილებში გამოვლენილი სენსუალურობა, ოვერსაიზ სამოსში გამოხატული ახალგაზრდული სულისკვეთება, წაშლილი გენდერული საზღვრები, ფლუიდურობა, სითამამე, ჰაეროვნება და მასთან ერთად სიმძიმე. ნამუშევრები მოდელებმა დრამატულ ატმოსფეროში სახასიათო სიარულის მანერით წარადგინეს. მკვეთრი მაკიაჟი, უწესრიგობა კი მათ უფრო დამაინტრიგებელს ხდიდა. გარდა მკაფიოდ გაჟღერებული გზავნილებისა, ეს იყო ინდივიდუალიზმის ზეიმი და არასრულყოფილებაში სილამაზის ძიების მეთოდი. 

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

ჩვენება ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში გაიმართა, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიებაა, რომელმაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ხელოვანებს უმასპინძლა. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი გახლდათ Mastercard – ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, რომელიც გამოირჩევა ქართული კულტურისა და მისი პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განსაკუთრებული მხარდაჭერით. “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში აქტივობების უმეტესობა, მათ შორის აკა ფროდიაშვილის ჩვენება, Factory Tbilisi-ში მოეწყო, კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული ხელოვნების, მოდისა და კულტურის ცენტრში.