Adidas-ის და ქანიე ვესტის მულტიმილიარდ დოლარად შეფასებული თანამშრომლობა სამართლებრივ დავაში გადაიზარდა. როგორც ბიზნეს გამოცემა  Bloomberg  იუწყება დავა Adidas-ის მარკეტინგულ ბიუჯეტს ეხება. სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების კომპანიის მტკიცებით, ქანიე ვესტმა მათთან თანამშრომლობისას მარკეტინგის 100 მილიონიანი ფონდის ბიუჯეტი არამიზნობრივად გამოიყენა. 

Adidas-ის განცხადებით ამ ფონდიდან 75 მილიონი დოლარი ქანიე ვესტის ბრენდის, Yeezy-ის ანგარიშზე გადაირიცხა, თუმცა ვესტმა და მისმა გუნდმა ეს თანხა შეუთანხმებელი აქტივობებისათვის დახარჯეს. 

როგორც გავლენიანი მედია გამოცემები წერენ, მათმა წარმომადგენლებმა იხილეს კონტრაქტიც, რომელიც Adidas-სა და Yeezy-ის შორის გაფორმდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, თუ Yeezy ბიუჯეტს შეუთანხმებლად და არამიზნობრივად გამოიყენებდა, მას Adidas-ისთვის ამ თანხის ანაზღაურება მოუწევდა. 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ქანიე ვესტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე განაცხადა, რომ მან Yeezy-ის ბიუჯეტი თავის მუსიკალურ პროექტზე – Sunday Service-ზე დახარჯა. „ეს Yeezy არის, ისინი თავის თავისთავად იყიდებოდნენ. ამიტომაც მათ რეკლამაში ფულის დახარჯვის მაგივრად, ეს თანხა ეკლესიას მოვახმარე“. – აღნიშნა რეპერმა თავისი ბრენდის მოდელებზე საუბრისას. მიუხედავად ამ აღიარებისა, რომელიც შესაძლოა ქანიე ვესტის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვან მტკიცებულებად გამოიყენონ, პოდკასტის მსვლელობისას რეპერს არ დაუზუსტებია, თუ რა ბიუჯეტზე საუბრობდა და იყო თუ არა ეს Adidas-ის მარკეტინგული ფონდი.