პარიზში „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეულის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი დასრულდა. გახმაურებული დებიუტებით დატვირთული კვირა ფიზიკურ და ციფრულ ფორმატში წარმოდგენილ პრეზენტაციებს აერთიანებდა. პანდემიის გამო, გასულ წელს, პარიზში ქალის, მამაკაცისა და „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეულები თითქმის მთლიანად ციფრულად ჩატარდა. 18 თვის შემდეგ, პირველად, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის სახლებს კვლავ მიეცათ შესაძლებლობა ჩვენებების ჩვეულ ფორმატს დაბრუნებოდნენ.
5-8 ივლისის ჩათვლით, ვიხილეთ არაერთი საინტერესო პრეზენტაცია, გთავაზობთ მათ შორის ყველაზე გახმაურებულ მომენტებს:
სეზონს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას Balenciaga -ს ჩვენება წარმოადგენდა. დემნა გვასალიას პირველი „ოტ-კუტიურ“ შოუ, რომელიც ასევე არის ფრანგული მოდის სახლის პირველი “Haute Couture” – 1968 წლის შემდეგ, მოსალოდნელი ტრიუმფით დასრულდა. პრეზენტაცია პარიზში, 10 Avenue Georges V-ზე მდებარე ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სივრცის რესტავრაცია მოხდა, შედეგად, ადგილზე მისულ სტუმრებს ისეთივე გარემო დახვდათ, როგორიც კრისტობალ ბალენსიაგამ 1968 წელს დატოვა.
ბრიტანელი დიზაინერის, კიმ ჯონსის მეორე კოლექცია, Fendi -ის შემოქმედებითი თანადირექტორის ამპლუაში, ფილმის სახით ვიხილეთ. Fendi -ის ფილმი იტალიელმა რეჟისორმა ლუკა გუადანინომ გადაიღო. „თანამედროვე კავშირი ერებს, კულტურებს და ესთეტიკებს შორის, სადაც ახალი ხვდება ძველს, წარსული აწმყოს და წარმოაჩენს რომის სამარადისო მშვენიერებას და ისტორიას,“ – ასე დაახასიათა ჯონსმა ახალი კოლექცია.
32 ლუქისგან შემდგარი კოლექცია ქეით მოსმა, კრისტი ტორლინგტონმა, ამბერ ვალეტამ, მარიაკარლა ბოსკონომ და სამოდელო ბიზნესის სხვა ცნობილმა სახეებმა წარადგინეს.
მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული, ხშირად, ახალი თავის დასაწყისს ნიშნავს. ასე მოხდა Jean Paul Gaultier- ის შემთხვევაშიც. 2020 წლის იანვარში, ლეგენდარულმა ფრანგმა დიზაინერმა თავისი ბოლო „ოტ-კუტიურ“ კოლექციის ჩვენება გამართა, შემდეგ კი საკუთარ ბრენდში შემოქმედებითი სადავეები სხვა დიზაინერებს გადააბარა. გოტიეს მოდის სახლი ოპერირების ახალ მოდელზე გადავიდა, რაც ყოველ სეზონზე სხვადასხვა დიზაინერების მოწვევას და მათ მიერ კოლექციის შექმნას გულისხმობს.
გოტიეს ინიციატივით, პირველად ეს საპატიო პასუხისმგებლობა იაპური ბრენდის, Sacai-ის დიზაინერს, Chitose Abe-ს დაეკისრა, რომელმაც დასამახსოვრებელი პრეზენტაცია მოაწყო.
Chanel -ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის „ოტ-კუტიურ“ კოლექციის ჩვენება Grand Palais-ის ნაცვლად, ახალ ლოკაციაზე გაიმართა. მოდის მუზეუმი, Palais Galliera, რომელიც ამჟამად კოკო შანელის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს, იდეალური ადგილი გამოდგა ფრანგული მოდის სახლის პრეზენტაციისთვის. შოუს ყველაზე განხილვად მომენტს ფინალური, საქორწილო კაბა წარმოადგენდა, რომელიც პოდიუმზე მსახიობმა და შანელის ბრენდის ელჩმა, მარგარეტ ქუალიმ მოირგო.
„2 წელი ვამბობდი, რომ ნოსტალგია არ მაღელვებს. ამ სეზონზე, პირიქით, ყველაფერი ნოსტალგიით დაიწყო, რა იქნება, თუ გავაერთიანებ ცოტა მანეს, ცოტა ლაკრუას, 1980-იანებს, 1880-იანებს, შევძლებ ამის გაკეთებას? ან როგორი გამოვა? ამ კითხვებზე პასუხია ჩემი ახალი კოლექცია – The Matador,“ – აღნიშნა Schiaparelli -ის შემოქმედებითმა დირექტორმა, დანიელ როუზბერიმ თავის რიგით მეოთხე „ოტ-კუტიურ“ კოლექციაზე, რომელიც კატალოგის და ვიდეოს სახით გავრცელდა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, არავინ ელოდა, რომ მოდის ინდუსტრიაში ვინმე საკუთარ მომენტს შექმნიდა. მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ვკითხულობთ სიახლეებს ფინანსურ კრიზისში აღმოჩენილ ბრენდებზე, Schiaparelli არის ბრენდი, რომელიც განსხვავებულ რეალობაში მოექცა.
მიუხედავად იმისა, რომ პიტერ მიულემ, Alaïa-სთვის თავისი სადებიუტო კოლექცია, „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეულის ოფიციალური კალენდრის მიღმა წარადგინა, ჩვენება გასული კვირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
„80-იანებში, ალაიას ძალიან ბევრი ქალი ყიდულობდა, განსაკუთრებით ამერიკაში. მაგრამ შემდეგ, ის უფრო სამუზეუმო გახდა. ჩემი სურვილია ალაია მუზეუმებიდან ქუჩაში დავაბრუნო. მე არ ვგულისხმობ კედებს და იმ მოდას, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია. ჩემი მიზანია ალაია ისევ გახდეს დემოკრატიული, ამიტომ კოლექციაში წარმოდგენილია სუფთა, მარტივად ტარებადი სილუეტები, ტანისამოსი, რომელიც ჩაცმადია,“
-პიტერ მიულიე.
2021 წლის შემოდგომა/ზამთრის მაღალი მოდის კვირეულის დასასრულს Pyer Moss -ის წარმოდგენა ვიხილეთ. ბრენდის დამფუძნებელი, ქერბი ჟან-რეიმონდი პირველი აფრო-ამერიკელი დიზაინერია პარიზის „ოტ-კუტიურ“ მოდის კვირეულში. აღსანიშნავია, რომ პიერმა დაგეგმილი ჩვენების თარიღი ორჯერ შეცვალა, საბოლოოდ კი, მოდის დედაქალაქში თავისი პირველი ჩვენება 10 ივლისს გამართა. დიზაინერმა 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია შავკანიანთა გამოგონებებს და რევოლუციას მიუძღვნა.
რეიმონდმა საერთაშორისო ყურადღება 2016 წელს მიიქცია, როდესაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, თავისი კოლექციებით, ამერიკაში პოლიციის სისასტიკეს და აფრო-ამერიკელთა უფლებებს შეეხო. მას შემდეგ, ბრენდი Pyer Moss სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა. ქერბის ყოველი პრეზენტაცია მოგვითხრობს ისტორიებს შავკანიანთა ცხოვრების, კულტურის და პრობლემების შესახებ.