გაუქმებული კონცერტების, ჩაშლილი დაჯილდოებების, გადადებული ტურების მიუხედავად, გასულ წელსაც არსებობდნენ ვარსკვლავები, რომელთა სცენაზე ხილვა საკმარისი ბრწყინვალებით მაინც შევძელით. სუპერთასის პერფორმანსი 2020 წლის გახმაურებული მუსიკალური მოვლენა გახდა. შაკირას და ჯენიფერ ლოპეზის წარმოდგენას ხშირად აღწერენ, როგორც პანდემიისგან პარალიზებული შოუ-ბიზნესის საუკეთესო მოგონებას. სუპერ-ბოული შაკირას და ჯეი ლოს კარიერაში 2020 წლის ერთადერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ ყოფილა. რამდენად წამოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს, გასული 12 თვე, ორივე ვარსკვლავის ცხოვრებაში საინტერესო მომენტებით დატვირთული იყო. ჯენიფერმა ტრადიცია არც წლის მიწურულს დაარღია და 31 დეკემბერს, ნიუ-იორკში, გრანდიოზული საახალწლო წარმოდგენა მოაწყო. ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა მომღერლის და მსახიობის ჩაცმის სტილმა.


წარმოდგენის პირველი ნაწილი ნიუ-იორკის მეტროში გადაღებული ვიდეორგოლით იწყება, სადაც არტისტი ფრანგული მოდის სახლის, Balmain-ის 2021 წლის ზაფხულის კოლექციის ჟაკეტით, შავი ჩექმებით და ცისფერი ე.წ. ‘Cinderella’ კაბით ჩნდება.


რაც შეეხება ცოცხალ პერფორმანსს, ჯენიფერი სცენაზე Valentino -ს კოსტიუმით ვიხილეთ. კოლექცია, რომელიც ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, პიერპაოლო პიჩოლიმ გასული წლის ივლისში წარადგინა, ციფრული მოდის კვირეულების ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სანახაობად დაგვამახსოვრდა.
