მოდის, როგორც შემოქმედებითი სფეროს აქტუალობასა და სიცოცხლისუნარიანობას ახალი იდეების მუდმივი ძიება და მათი სწორად ინტერპრეტაცია განაპირობებს. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საკულტო დიზაინერებმა მსოფლიო მოდის რუკაზე, თავის დროზე საკუთარი ადგილი ინოვაციური ხედვით, გაბედული ნაბიჯებითა და არსებული საზღვრების გარღვევით დაიმკვიდრეს.

ასეთი გაბედული ნაიჯები, ხშირად, პროვოკაციულიც არის, რასაც განსხვავებული შეფასებები, კამათი და რიგ შემთხვევებში, მწვავე კრიტიკაც მოჰყვება ხოლმე. გავიხსენოთ მოდის სამყაროს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც სხვადასხვა დროს, დიდი ხმაური და განხილვა გამოიწვია საბოლოოდ კი, ინდუსტრიის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად ჩაიწერა.

Christian Dior – New Look

მეორე მსოფლიო ომის დროს, ატელიეების კარი მსოფლიო კრიზისის ფონზე დაიხურა. ძვირფასი ქსოვილებით შეკერილი სამოსი და მოდის უწინდელი ბრწყინვალება თითქოს წარსულს ჩაბარდა. რიგ შემთხვევებში, ქვეყნებს შორის სამოსის შესაქმნელად საჭირო მასალების ექსპორტიც კი გაჩერდა. ომის შემდგომ მიღებული ზარალი და  მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის დაღი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. სწორედ ამ დროს, 1947 წელს  კრისტიან დიორმა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური კოლექციის ჩვენება მოაწყო.  ჩვენებაში ექვსი მოდელი მონაწილეობდა, რომელთაც მოდის კრიტიკოსებისაგან შემდგარი აუდიტორიის  წინაშე, 90 სხვადახვა კოსტიუმი  წარადგინეს. კოლექცია ისტორიაში შევიდა როგორც New Look მას შემდეგ, რაც Harper’s Bazaar-ის მაშინდელმა რედაქტორმა, კარმელ სნოუმ დიორს შემდეგი სიტყვებით მიმართა – Dear Christian! Your dresses have such a new look! აღფრთოვანებასთან ერთად, კოლექციას კრიტიკაც მოჰყვა. კოლექციის შექმნაზე დახარჯული თანხა და ძვირფასი ქსოვილების გამოკვეთილი ფერადოვნება ომის შემდგომი პერიოდისათვის გადაჭარბებულად მიიჩნიეს.  თუმცა დიზაინერს სურდა, პარიზისათვის მოდას უწიდნელი მნიშვნელობა და ღირებულება დაებრუნებინა-  რაც ნამდვილად მოახერხა. კრისტიან დიორმა  კრიტიკას ასე უპასუხა: „ევროპა დაიღალა ბომბების ცვენით, ამის ნაცვლად ახლა ფეიერვერკების გაშვების დროა.“ ასეთ ხმაურს დიდი კომერციული წარმატებაც მოჰყვა  – კოლექციის სამოსს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან არაერთი ცნობილი ადამიანი უკვეთავდა. ამან მოდის სახლი საერთასორისო მასშტაბით, წარმატებულ ბიზნესადაც აქცია – 1949 წელს კრისტიან დიორი იყო პირველი დიზაინერი რომელმაც თავისი სამოსის წარმოების ლიცენზია მიიღო. მალევე,  პარიზიდან ექსპორტირებული მოდური ტანსაცმლის 75% სწორედ Christian Dior-ზე მოდიოდა, რაც საფრანგეთიდან საქონლის ექსპორტის დაახლოებით 5% იყო. 

მერი ქუანთის მოკლე ქვედაბოლო

მუხედავად იმისა, რომ “მინი კაბის” დიზაინი პირველად მერი ქუანთს არ შეუქმნია, სწორედ ამ დიზაინერა და მისმა მაღაზია  Bazaar-მა  აქცია ის რევოლუციურ და ხმაურიან ტრენდად. მერი ქუანთის მოკლე ქვედაბოლო მოდების (Mod) ახალგაზრდული და მეამბოხე სუბკულტურის იმიჯის ნაწილად იქცა – ეს იყო სტილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ინგლისში დამკვიდრებულ, მორალურ პრინციპებად შერაცხულ სტერეოტიპებს. ქუანთის ეს ქმნილება იქცა სიმბოლოდ, რომლის მეშვეობითად 1960-იანი წლების ახალი თაობა უფროსების დოგმატურ იდეოლოგიას დაუპირისპირდა – მათ დაიწყეს სხეულის მეტი ნაწილის გამოჩენა, საკუთარი სექსუალობისა და ფემინურობის დემონსტრირება.

ვივიენ ვესტუდის ბუტიკი SEX და პანკ ტალღა მოდაში

უნდა ითქვას, რომ თავად ვივიენ ვესტვუდი იქცა მოდაში ხმაურიან მოვლენად და არა მისი რომელიმე ერთი ქმნილება. ვესტვუდმა თავისი კარიერა თავიდანვე საზღვრების დარღვევით დაიწყო. 1970-იან წლებში, მალკოლმ მაკლარენთან ერთად, ლონდონში კონცეპტუალური მაღაზია SEX გახსნა. Sex იქცა სივრცედ, სადაც პანკ მოძრაობის ისეთი წამყვანი ვარკვლავები იცვამდნენ, როგორებიც საკულტო ჯგუფის,  Sex Pistols-ის წევრები იყვნენ. მალევე, პანკ კულტურის ესთეტიკით, ფეტიშისტური და წინააღმდეგობრივი იდეების მატარებელი დიზაინით, ვესტვუდი ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო და ხმაურიან დიზაინერად ჩამოყალიბდა.

ალექსანდრ მაკქუინი – Highland Rape

ალექსანდრ მაკქუინის შემოქმედებითი კარიერის განმავლოაბაში, მოდის ინდუსტრიამ პოდიუმზე არა ერთხელ იხილა დიზაინერის საკმაოდ  პროვოკაციული გადაწყვეტილება. Highland Rape კი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჩვენებაა. 1995 წელს წარმოდგენილი კოლექციისა და შოუს ესთეტიკიდან გამომდინარე, მოდის პრესამ ჩათვალა, რომ ის ქალების გაუპატიურებას ეხებოდა და არაეთიკურად შერაცხა. სინამდვილეში, მაკქუინს ამ ჩვენებით სრულიად სხვა რამის თქმა სურდა, რაც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა. დიზაინერის  თქმით, ამ კოლექციას ისტორიული ფესვები ჰქოდნა და ინგლისის მხრიდან  შოტლანდიის მიმართ წარსულში განხორციელებულ ქმედებებს გამოხატავდა.

გეიშას ფენომენით შთაგონებული Dior-ის კოლექციები ჯონ გალიანოსგან

2007 წელს, ჯონ გალიანომ თავისი მოღვაწეობის განმავლობაში,  ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კოლექცია წარადგინა. ამ სეზონის გაზაფხული/ზაფხულის Haute Couture კოლექციაში აუდიტორიამ გეიშების  სტილითა და მაკიაჟით შთაგონებული ლუქები იხილა. კოლექციის წარდგენის მეორე დღეს, მსოფლიო მოდის პრესა ჯონ გალიანოზე ალაპარაკდა. დადებით შეფასებებთან ერთად, იყო მწვავე კრიტიკაც –  გალიანოს ეს კოლექცია კულტურულ მისაკუთრებად შეირაცხა, გეიშებისა და იაპონელების ტრადიციების არასწორ და არაეთიკურ ინტერპრეტაციად, რომელიც ქვეყნის კულტურის მარგინალიზაციისაკენ იყო მიმართული. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა გეიშა გალიანოსათვის შთაგონების წყაროდ იქცა –  1997 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაშიც იგრძნობოდა გეიშას ფენომენის გავლენა, თუმცა, იმ დროს მოდის პრესისათვის კულტურული იდენტობა არც იმდენად სენსიტიური და აქტუალური თემა იყო, როგორც ათი  წლის შემდეგ.