40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფრანკო მოსკინომ დააარსა ბრენდი, რომლის სახელიც დღეს უამრავმა ადამიანმა იცის – 1983 წელს მილანში Moschino-ს ისტორია დაიწყო. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად 21 სექტემბერს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში იტალიური ბრენდი სპეციალურ ჩვენებას მოაწყობს. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი ღონისძიების უმთავრესი მიზანი ფრანკოს “გასაოცარი მიღწევებისთვის” და “მარადიული მემკვიდრეობისთვის” პატივის მიგებაა.

ფრანკო მოსკინო © Moda Metiers

ეს ასევე იქნება პირველი ჩვენება, რომელიც კრეატიული დირექტორის, ჯერემი სკოტის, Moschino-დან წასვლის შემდეგ გაიმართება. თუმცა ახალი კოლექციის შექმნაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მოდის ინდუსტრიის გავლენიანი სტილისტები: კარლინ სერფ დე დუძელი, ქეითი გრანდი, გაბრიელა ქარეფა-ჯონსონი და ლუსია ლიუ. თითოეული მათგანი ფრანკოს შემოქმედებით შთაგონებულ 10 თანამედროვე ლუქს შექმნის.

ამ ეტაპზე უცნობია ვინ დაიკავებს Moschino-ში პოსტს, რომელიც ჯერემის 10 წლის განმავლობაში ეკავა. როგორც WWD-ს წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, იტალიური ბრენდის მფლობელი კომპანიის Aeffe-ს თავმჯდომარე მასიმო ფერეტი კანდიტატებთან კვლავ მოლაპარაკებებს აწარმოებს.