2022 წელს მოდის ინდუსტრია პანდემიის გამო გაუქმებული ღონისძიებების, ჩვენებების და პრეზენტაციების შემდგომ, გამოცოცხლდა. ბრენდებმა თითქოს, გასული ორი წლის განმავლობაში ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ანაზღაურება დაიწყეს. მამაკაცის კოლექციების ჩვენებები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ და შეუმჩნევლად ტარდებოდა, ან, სულაც კატალოგის მეშვეობით ქვეყნდებოდა, 2022 წელს უპრეცედენტო მასშტაბებით ჩატარდა. ეს, შესაძლოა, მხოლოდ პანდემიიდან გამოღვიძების ბრალი არ არის. მამაკაცის მოდა ნელ-ნელა უფრო და უფრო რელევანტური ხდება. სელებრითების ჩართულობითა და Tiktok-ის დახმარებით, მამაკაცები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სტილს და ჩაცმულობას, ხოლო დიზაინერები/მოდის სახლები, მეტ პიარს უწევენ მამაკაცის მოდას.
ამ სტატიაში გთავაზობთ გასული წლის 7 საუკეთესო მამაკაცის კოლექციის ჩვენებას მსოფლიოს გარშემო:
Saint Laurent გაზაფხული/ზაფხული 2023
როგორც WWD-ს მაილს სოჩამ აღნიშნა, ეს ჩვენება ბრენდისთვის ისტორიული იქნება. ჩვენება მარაკეშიდან ერთი საათის სავალზე, აგაფაის უდაბნოში გაიმართა. ეს მიმართულება ენტონი ვაკარელოს არჩევანი იყო და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მაროკოს თავად ივ სენ ლორანზე, არჩევანმა არავინ გააკვირვა. თუმცა, კოლექციამ და სეტ-დიზაინმა ყველა გაოგნებული დატოვა.
იხილეთ ვიდეო:
Thom Browne გაზაფხული/ზაფხული 2023
Hôtel de Crillon-ში გამართული გაზაფხული/ზაფხულის თომ ბრაუნის ჩვენება, როგორც ყოველთვის, გამოწვევი და უჩვეულო იყო. ჩვენების დასაწყისში, პოდიუმზე ქალი მოდელები გამოჩნდნენ, რომლებიც თავიანთ ადგილებს “ეძებდნენ” და შეიქმნა გარემოება თითქოს ისინი შოუს სტუმრები იყვნენ და უბრალოდ დააგვიანდათ. WWD-ს სამანტა კონტიმ აღნიშნა, რომ ამ ჩვენების შემდეგ, კიდევ დიდი ხანი, ყველა ამ თემაზე საუბრობდა.
იხილეთ ვიდეო:
Celine გაზაფხული/ზაფხული 2023
Blackpink-ის ლისა მანობალმა და BTS-ის V-მ (Kim Tae-hyung), რომლებიც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებივით უქნევდნენ ხელს ჩვენების სტუმრებს აივნიდან, შესაძლოა ედი სლიმანის მიერ შექმნილი კოლექცია “დაჩრდილეს”, თუმცა ჩვენებაც და კოლექციაც ნამდვილად იმსახურებს სიაში ყოფნას.
Louis Vuitton შემოდგომა/ზამთარი 2022
ვირჯილ აბლომ დაამტკიცა, რომ წარმოსახვის უნარი და შრომისმოყვარეობა შორს წაგიყვანს. მისი უკანასკნელი ჩვენება ფრანგული მოდის სახლის მამაკაცის ხაზისთვის როგორც ყოველთვის, შთაგონებული იყო ახალგაზრდული სულით, თუმცა ამასთან მან სურეალიზმის ელემენტებიც გამოიყენა.
იხილეთ ვიდეო:
Dior Men Pre-Fall 2023
ფრანგული მოდის სახლის Pre-Fall 2023 მამაკაცის კოლექციისთვის, დიზაინერმა კიმ ჯონსმა უჩვეულო ლოკაცია – გიზის პირამიდები შეარჩია. მოდელების ფონზე მსოფლიო საოცრების ხილვა ნამდვილად თვალწარმტაცი იყო. გარდა ლოკაციისა, აღსანიშნავია, რომ კოლექციაში თავად კრისტიან დიორის ქალის კოლექციების არქივები იყო გამოყენებული.
იხილეთ ვიდეო:
პრადა შემოდგომა/ზამთარი 2022
პრადას შემოდგომა/ზამთარი 2022-ის ჩვენებაზე ჯეფ გოლდბლუმი, კაილ მაკლაქლანი და ეისა ბათერფილდი ვიხილეთ. პრადას პოდიუმებზე ჰოლივუდის მსახიობების ხილვა სიახლე არაა, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა.
იხილეთ ვიდეო:
Zegna გაზაფხული/ზაფხული 2023
ჩვენების ლოკაციად, ზენიას კრეატიულმა დირექტორმა ალესანდრო სარტორიმ, კომპანიის მფლობელობაში მყოფი მამბის გადამამუშავებელი ქარხანის სახურავი შეარჩია. ზენია ცნობილი და მნიშვნელოვანი მამაკაცის მოდის ბრენდია, სადაც სარტორი ყოველ სეზონზე წარადგენს რელევანტურ კოლექციებს.
იხილეთ ვიდეო: