Met Gala, როგორც მოდის და პოპ-კულტურის ყველაზე სანახაობრივი მოვლენა, ინტერესს ყოველ ჯერზე იწვევს, თუმცა წელს მღელვარება განსაკუთრებით შესამჩნევია. მიზეზი მიწვეული სტუმრების სიაა, რომელიც არაოფიციალური წყაროების მიერ გავრცელდა.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რაც ორგანიზატორების მიერ ოფიციალურად არის დადასტურებული.

2021 წლის მეტ გალა მაისის პირველი ორშაბათის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება. ათწლეულების განმავლობაში უცვლელი ტრადიცია, რომელიც გახმაურებული გალა საღამოს მაისში მოწყობას გულისხმობს, კოვიდ-პანდემიის გამო შეიცვალა. სექტემბერში ორგანიზატორები მეტად სტაბილურ პანდემიურ ვითარებას და ვირუსის გავრცელების მეტად მართვად რეალობას ელიან.

შეიცვალა თემაც. მოდის მიმდევრებს მოეხსენებათ, რომ ყოველ წელს, Met Gala-ს წითელ ხალიჩას და გამოფენას აქვს თემა. თემის გათვალისწინებით, არსებობს „დრესკოდი,“ რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე უნდა დაიცვან.

2021 წლის Met Gala-ს თემა გახლავთ: “ამერიკული მოდის ლექსიკა” – ის ორიენტირდება თანამედროვე ამერიკელი დიზაინერების ნამუშევრებზე.   

ამასთან, ტრადიციულად, მეტ გალას ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც მუდმივი ორგანიზატორები, აგრეთვე მიწვეული თანაორგანიზატორები ვარსკვლავური წრეებიდან. ცნობილია, რომ  2021 წლის მეტ გალას თანაორგანიზატორებს შორის იქნებიან: ტიმოთი შალამე, ბილი ეილიში, ნაომი ოსაკა და ამანდა გორმანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ოთხივე მათგანი, წარსულში, მეტ გალას არასდროს დასწრებია და წელს, ისინი პირველად გამოჩნდებიან მოდის ყველაზე განხილვადი ღონისძიების წითელ ხალიჩაზე. გარდა ამისა, 19 წლის ასაკში, ბილი გახდება ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორი მეტ გალას ისტორიაში.

სწორედ ეს გახლავთ ოფიციალური წყაროების მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რაც ამ მომენტისათვის არის ცნობილი.

როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, მეტ გალა მოდის კალენდარში კოსტუმების ყველაზე ძვირადღირებული, ძალიან ექსკლუზიური და პრესტიჟული საღამოა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. წლების განმავლობაში, ეს იყო ღონისძიება, რომელზე მოხვედრაც თანამედროვე კულტურაში მნიშვნელოვან ადგილის ქონას ნიშნავდა.

მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, რომლის მომსწრეც გასულ ათწლეულში გავხდით, დღემდე, მეტ გალა ინარჩუნებს თავის ექსკლუზიურ ხასიათს. ცოტა ხნის წინ, ინსტაგრამზე შეიქმნა ახალი პროფილი, @_metgala2021 სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება სიახლეები 13 სექტემბერს დაგეგმილ საღამოზე.

სწორედ ამ გვერდზე გამოქვეყნდა წლევანდელი გალას სტუმართა სია, რომელიც მოიცავს პოპულარული სოციალური ქსელების ინფლუენსერებს, სილამაზის გურუებს და იუთუბის ვარსკვლავებს. ძალიან მალე, პრესაშიც აქტიურად დაიწყო განხილვა იმის შესახებ, რომ ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა, რომელიც აგრეთვე გახლავთ მეტ გალას ორგანიზატორი, წელს, სტუმართა სია ინტერნეტში პოპულარულ ინფლუენსერებს მოარგო.

მიუხედავად იმისა, რომ არაოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სია და მაგიდებზე ვარსკვლავების განლაგება არარეალურად გამოიყურება, ის მაინც საკმარისი აღმოჩნდა ინტერნეტში სკანდალის დასაწყებად. სიას გამოეხმაურა პოპ-კულტურის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსაიდერული წყარო, რომელიც ინსტაგრამის მომხმარებლებისათვის @deuxmoi -ის სახელითაა ცნობილი. მათი ინფორმაციით, გავრცელებული სიახლე სიმართლეს არ შეესაბამება და ტიკტოკის ვარსკვლავი, ედისონ რეი არის ერთადერთი ინფლუენსერი, რომელიც 2021 წლის მეტ გალაზე გამოჩნდება.