ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყვით, რომ 2020 მოდის ინდუსტრიის წელი იყო – პანდემიამ ყველა სფეროზე ერთნაირად ნეგატიურად იმოქმედა, პირველ რიგში კი, ცხადია – ფინანსურად. თუმცა, კრიზისულ სიტუაციებს მაინც ახასიათებს ერთი დადებითი ფაქტორი – ამ დროს, კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა დგება, შესაბამისად, კარგად იკვეთებიან ლიდერები, რომლებსაც გამოწვევებთან გამკლავება შეუძლიათ. მოდის ინდუსტრიის, როგორც ბიზნესის მიღმა რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო ფაქტი გავიხსენოთ. გლობალურმა ლოქდაუნმა, საჯარო დაწესებულებების დახურვამ და მასშტაბური ღონისძიებების გაუქმებამ მათ პოპულარობას ვერაფერი დააკლო, რადგან ჩვენ სოციალური მედიის სამყაროში ვცხოვრობთ. გთავაზობთ მოდის სამყაროში 2020 წელს მომხდარ რამდენიმე დასამახსოვრებელ მომენტს.
ოსკარის დაჯილდოება და წითელი ხალიჩა
ყოველი წელი იწყება ყველაზე მასშტაბური ღონისძიებით – ოსკარის დაჯილდოებით, რომელიც უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კინოინდუსტრიისათვის მნიშვნელოვანი მოვლენის სტატუსს. თუმცა, მოდის პრესისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც წითელი ხალიჩაა და დაჯილდოების ეს ნაწილი სოციალურ ქსელებშიც ყველაზე აქტიურად განიხილება.
პირბადეები, როგორც აუცილებელი მოდური აქსესუარი

პანდემიამ დიდი არჩევანი არ დაგვიტოვა – ჩვენი სურვილები ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელმა პრიორიტეტებმა ჩაანაცვლა. რამდენადაც ვირუსისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება პირბადეა, ის ჩვენი ყოველდღიური სტილის ნაწილი გახდა. ამ მოცემულობამ კი, არაერთ ბრენდს და დიზაინერს ახალი პროდუქტის შექმნის აუცილებლობისაკენ უბიძგა.
ნაომის სკაფანდრი Covid-19-სგან თავის დასაცავად

ნაომი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი იპოქონდრიით, ამიტომ არავის გაჰკვირვებია მისი ასე ხილვა, თუმცა, აეროპორტში სკაფანდრით გამოჩენამ, სოციალური ქსელის ყურადღება მაინც მიიპყრო.
#MetGalaChallenge

2020 წელს გაუქმებულ მოდურ ღონისძიებებს შორის, ყველაზე აღსანიშნავი მეტ გალაა – მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული მიღება, რომელიც ყველაზე სანახაობრივ მოვლენას წარმოადგენს. სოციალურ მედიაში პოპულარულ ტრენდად იქცა Vogue-ის გამოწვევა – #MetGalaChallenge, რომელიც ვარდისფერი ხალიჩის რჩეული ლუქების გაცოცხლებას გულისხმობდა.
ჰარი სტაილსის გამოჩენა JW Anderson-ის ფერადი კარდიგანით და TikTok-ის ვირუსული ტრენდი

ჰარი სტაილსის კარდიგანი TikTok-ზე ახალი ვირუსული ტრენდის მიზეზი გახდა. 2020 წლის თებერვალში, სტაილსი ბრიტანული ბრენდის – JW Anderson-ის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ამ მოდელით სატელევიზიო გადაცემა Today Show-ის რეპეტიციაზე გამოჩნდა. ფოტოების გავრცელებას კი მოჰყვა ვიდეოები, რომლებშიც ტიკტოკერები მოსაცმელს ქსოვდნენ, შემდეგ იცვამდნენ და ასე პოზირებდნენ კამერასთან. აღნიშნული ტრენდის პოპულარობამ ისიც განაპირობა, რომ ჰარი სტაილსის კუთვნილი კარდიგანი სამუზეუმო ექსპონატად იქცა – ის მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა მუზეუმმა – V&A-მ (Victoria and Albert Museum) შეიძინა.
Beyoncé-ს ვიზუალური ალბომი Black Is King და წლის პრინტი

2020 წლის ივლისში, მუსიკოსმა Beyoncé-მ ახალი ვიზუალური ალბომი – Black Is King გამოუშვა, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას და Black Lives Matter მოძრაობას მიუძღვნა. კლიპში ბიონსე ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერის – Marine Serre-ს კოსტიუმით გამოჩნდა. კოსტიუმზე დატანილი ნახევარმთვარის გამოსახულება წლის პრინტად იქცა და თითქმის ყველა ინფლუენსერმა მოირგო. კლიპის გამოსვლიდან 48 საათში, დიზაინერის ბრენდის გაყიდვები 426%-ით გაიზარდა.
პანდემიის ინსტაგრამ პოსტქარდები ცნობილი ადამიანებისგან

სახლებში გამოკეტვა, სხვადასხვა სფეროს ვარსკვლავებისათვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. პანდემიის დღიურების წარმოება ერთგვარ ტრენდად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტრენდის უპირობო ლიდერად მაინც მარკ ჯეიკობსი მიიჩნევა.
We Love New York – ყველაზე ხმურიანი ქალაქისადმი მიძღვნილი პროექტი

Covid-19-მა ყველაზე ხმაურიანი ქალაქის ტემპიც კი შეცვალა, თუმცა ნიუ-იორკის ენერგეტიკა ისევ უცვლელი დარჩა. მრავალი წელია თანამედროვე პოპკულტურის მიერ ეს ქალაქი პერსონაჟად არის ქცეული. სწორედ ამ იდეის შენარჩუნებას ემსახურებოდა Vogue-ის ვიდეო და ფოტოსერიების პროექტი, რომელშიც გამოცემის რჩეული ვარსკვლავები მონაწილეობენ.
Vogue-ის სექტემბრის ნომერი, რომელიც აფროამერიკული წარმოშობის არტისტებს და დამწყებ პროფესიონალებს მიეძღვნა
რასიზმის წინააღმდეგ მიმართული გლობალური მასშტაბური სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ, მოდის ბიბლიად აღიარებულმა ჟურნალმა, აფროამერიკული წარმოშობის ორ თანამედროვე მხატვარს – ჯორდან კასტილს და ჯეიმს მასრშალს სთხოვა ორი ყდა შეექმნათ. არტისტებს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდათ, გამონაკლისის სახით, ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ნახატებზე წარმოდგენილი ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული დიზაინერების სიიდან რომელიმეს სამოსი. საბოლლოდ Off-White-ის და აურორა ჯეიმსის მოდელები შეირჩა.
Lady Gaga-ს შთამბეჭდავი გამოჩენა VMA-ზე

2020 წელს VMA დაჯილდოებაზე Lady Gaga-მ დიდი ყურადღება დაიმსახურა. არამხოლოდ მიღებული ჯილდოებით, არამედ სასცენო იმიჯითაც. ცერემონიის განმავლობაში, მუსიკოსმა ცხრა სხვადასხვა კოსტიუმი მოირგო.
Emmy Awards და რეჯინა კინგი სკიაპარელის კაბით

Emmy-ის 2020 წლის ვირტუალური დაჯილდოების ფარგლებში, ყურადღება მიიპყრო რეჯინა კინგის ვიზუალმა. ცერემონიას მან მაღალი მოდის ელემენტები შესძინა, როცა Schiaparelli-ის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის მოდელი მოირგო.
ვერსაჩეს ჩვენება

ვერსაჩეს 2020 წლის გაზაფხულის სეზონის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა აღმოჩნდა. ჩვენებაზე მოდის ინდუსტრიის წამყვან სახეებთან ერთად, პლუს-ზომის მოდელები გამოვიდნენ.
Moschino-ს მარიონეტების შოუ

პანდემიის გამო, ციფრული მოდის კვირეულები დიზიანერებისა და ბრენდებისათვის, კოლექციების წარდგენის ერთადერთ ალტერნატივად იქცა. სწორედ ამის გამო, საჭირო გახდა კრეატიული ფორმის მოძებნა. Moschino-მ ჩვეული იუმორით და თეატრალურობით მიიპყრო ყურადღება და ჩვენება მარიონეტების შოუს სახით შემოგვთავაზა.
კამალა ჰარისის ისტორიული სიტყვა და კოსტიუმის ფარული გზავნილი

8 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კამალა ჰარისი ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას, მას Carolina Herrera-ს მოდის სახლის დიზაინერის, ვეს გორდონის თეთრი კოსტიუმი ეცვა. ეს არის ფერი, რომელიც 1900-იანების დასაწყისში, უფლებებისათვის მებრძოლი ქალების სტილს გამოხატავდა.
სერიალი The Crown და პრინცესა დაიანას სტილის იდეალური ინტერპრეტაცია

Netflix-ის ‘The Crown’ სეზონი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად სერიალად იქცა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ლედი დის პერსონაა. სერიალის შემქმნელებს რთული მისია დაეკისრათ – მათ ისტორიული დოკუმენტური ფოტოებით და ვიდეო კადრებით შემონახული, პრინცესა დაიანას სტილი უნდა გაეცოცხლებინათ. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. კოსტიუმების დიზაინს ინტერნეტმომხმარებლები დღემდე განიხილავენ.
ემილი პარიზში – მთავარი გმირის სტილი

სერიალი “ემილი პარიზში” Netflix-ის 2020 წლის ჰიტად იქცა. სიუჟეტი ამერიკელი ემილის ირგვლივ ვითარდება, რომელიც თავისი ტიპური ამერიკული იდეებით და ცხოვრების სტილით საფრანგეთში გადადის სამუშაოდ. სოციალური ქსელების მომხმარებლები და საერთაშორისო მედია, სერიალთან დაკავშირებით, მრავალი კვირის განმავლობაში უამრავ დეტალს განიხილავდნენ. ერთ-ერთი ასეთი დეტალი კი, სწორედ მთავარი გმირის სტილია, რომელიც მოდის უამრავმა კრიტიკოსმა საკმაოდ უარყოფითად შეაფასა.
Dua Lipa-ს ვირტუალური პერფორმანსი, შთამბეჭდავი სასცენო კოსტიუმები და რეკორდული რაოდენობის მაყურებელი

როდის წავალთ ისევ კონცერტზე? – მუსიკის და გართობის მოყვარულებისათვის, ეს ერთ-ერთი პასუხგაუცემელი კითხვაა. თუმცა, ინტერნეტის და ტექნოლოგიების ეპოქამ, შესაძლებელი გახადა, რომ არტისტებს მუსიკალური შოუები ციფრულ ფორმატში გაემართათ. ნოემბერში, Dua Lipa-მ Studio 2054-ის ფარგლებში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსფორმანსი შემოგვთავაზა და მაყურებლის ჩართულობის რეკორდებიც მოხსნა. ონლაინ კონცერტი ხუთმა მილიონმა მაყურებელმა ნახა. გარდა მუსიკალური ნაწილისა, აღსანიშნავია არტისტის სასცენო იმიჯიც, განსაკუთრებით კი, Mugler-ის ეს შთამბეჭდავი მოდელი.
Gucci-ის მინისერიები

იტალიელმა დიზაინერმა, ალესანდრო მიკელემ ახალი კოლექცია სერიული ეპიზოდების სახით წარადგინა. შვიდსერიან ფილმზე, ალესანდრომ რეჟისორ Gus Van Sant -თან ერთად იმუშავა. ეპიზოდები რომშია გადაღებული და მასში მონაწილეობენ ბილი აილიში, ჰარი სტაილსი და სხვა ცნობილი არტისტები, რომლებიც გუჩის სარეკლამო კამპანიებში წარსულშიც გვინახავს.
კომპიუტერული თამაში Balenciaga-სგან

დემნა გვასალიამ, ტრადიციისამებრ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც მოდის პრესის და ინტერნეტის დიდი ყურადღება დაიმსახურა. დიზაინერმა კოლექცია ვიდეოთამაშის სახით წარადგინა.
ჰარი სტაილსი – პირველი მამაკაცი Vogue-ის ყდაზე

ჰარი სტაილსი მოდის სამყაროს რჩეული ვარსკვლავია. ამერიკული Vogue-ის დეკემბრის ნომერში, გარეკანზე სწორედ მისი ფოტო დაიბეჭდა, ეს ფაქტი მოდის ინდუსტრიაში ისტორიულ მოვლენად ჩაიწერა – სტაილსი გახდა პირველი მამაკაცი, რომელიც Vogue-ის ყდაზე არა ქალი მოდელის თანმხლების, არამედ გარეკანის მთავარი გმირის ამპლუაში დაიბეჭდა.