პანდემიის მიუხედავად 2020 წელს მოდის კვირეულები მაინც ჩატარდა. ბუნებრივია, ისინი არ გამოირჩეოდა ჩვეული მასშტაბურობით, თუმცა ტრადიციული თუ ალტერნატიული გზებით დიზაინერებმა თავიანთი კოლექციები მაინც წარმოგვიდგინეს. TFS-ის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მოდის ინდუსტრიაში თანასწორობასთან დაკავშირებით აქტიური მოწოდებების ფონზე, რიცხვებში წარმოდგენილი მრავალფეროვნება არც ისე სახარბიელო სურათს ქმნის;
კატეგორიების მიხედვით შედეგები ასეთია
მრავალფეროვნება რასობრივი ნიშნით
2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონთან შედარებით, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში ბრენდების მიერ ფერადკანიანი მოდელების აყვანა 0,7%-ით გაიზარდა და 40,6%-იდან 41,3%-ზე ავიდა. საქმე შესაძლოა ზრდასთან გვაქვს, თუმცა ეს ნამატი უმნიშვნელოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე 194 ჩვენებისთვის ჯამში 6,879 სამოდელო ქასთინგი ჩატარდა, ხოლო 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, 180 პრეზენტაციისთვის – 2,293, შესაბამისად ეს სეზონი წინასთან შედარებით ამ მხრივ ნაკლებ მნიშვნელობას იძენს. შეგახსენებთ, რასობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით ისტორიულად მაღალი მაჩვენებელი გასულ წელს, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე დაფიქსირდა. მაშინ 215 მნიშვნელოვანი ჩვენებისთვის ჩატარებული 7,390 სამოდელო ქასთინგიდან შერჩეული მოდელების 41,5% იყო ფერადკანიანი.

ქალაქების მიხედვით 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ფერადკანიანი მოდელების ჩართულობის მაჩვენებელი ასეთ შედეგს მოგვცემს: ნიუ-იორკი 57,1%, ლონდონი 52%, პარიზი 38,9%, მილანი 35,6%.

პრეზენტაციებში მონაწილე პლუს ზომის მოდელები
2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მოდის კვირეულებში პლუს ზომის მოდელი 34-ჯერ ვიხილეთ, რაც წინა სეზონის მაჩვენებელზე (46) ნაკლებია. ქალაქების მიხედვით, ამ მხრივ მილანი ლიდერობს – 14 ჩვენებით, შემდეგ არის ნიუ-იორკი – 12, პარიზი – 5 და ბოლოს ლონდონი – 3.
ტრანსგენდერი/ინტერსექსუალი ადამიანების ჩართულობა
წინა სეზონთან შედარებით დიდი სხვაობა არც გენდერული მრავალფეროვნების კუთხით ყოფილა. 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ტრანსგენდერი, ანდროგენი თუ ინტერსექსუალი ადამიანების 20 გამოჩენას ითვლის, შემოდგომა/ზამთრის სეზონზე 21 ასეთი შემთხვევა იყო. ქალაქებს შორის ამ მხრივ 11 გამოჩენით ნიუ-იორკი ლიდერობდა.

ასაკი
2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე პრეზენტაციებში მონაწილე 50 წელს გადაცილებული მოდელების რაოდენობრივი მაჩვენებელი 32-ია, რაც 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონთან შედარებით 12-ით ნაკლებია. მოდის კვირეულზე ორმოცდაათ წელს გადაცილებული მოდელების ოცჯერ გამოჩენით ქალაქების მიხედვით ამ შემთხვევაში უპირატესობა პარიზს ენიჭება.