რამდენი დროც არ უნდა გავიდეს „სუპერმოდელების ერაში“ მოღვაწე წამყვანი მოდელები ყოველთვის დარჩებიან იმ ფანტაზიის უკიდურეს გამოვლინებად, რომელსაც სამოდელო სფერო ოდესმე ემსახურებოდა და ყოველთვის, როდესაც გამოჩნდებიან, თანამედროვე მოდელები მათ ჩრდილ ქვეშ მოექცევიან. ასე მოხდა 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, როდესაც ორიგინალი სუპერმოდელები პოდიუმს დაუბრუნდნენ.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ბოლო ჩვენება ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე საუკეთესო მოდელმა დახურა. არავინ ელოდა, რომ ორ დეკადზე მეტი ხნის შემდეგ კრისტი ტარლინგტონი პოდიუმზე ისევ გამოჩნდებოდა, მაგრამ მარკ ჯეიკობსმა თავისი ჩვენებით ყველა სასიამოვნოდ გაოცებული დატოვა.

Marc Jacobs Fall 2019. Photo: Filippo Fior

„ოცნებას ჰგავდა. გამოღვიძების შემდეგ რეალობა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ძალიან კარგად მახსოვს რას ვგრძნობდი იმ მომენტში. მღელვარებას, მადლიერებას და სიამაყეს განვიცდიდი. თითქმის ყველა კრისტი ტარლინგტონზე საუბრობს, რომელიც ჩვენს შოუში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა მას შემდეგ, რაც ოც წელზე მეტი არცერთ ჩვენებაზე არ გამოსულა. რამდენადაც მახსოვს, ბოლო შოუ, რომელზეც გამოვიდა ჩემი 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება იყო, როდესაც რობერტ დაფიმ და მე თავიდან დავიწყეთ ჩვენი კომპანია. მაშინ უკვე პოდიუმზე გამოსვლა შეწყვეტილი ჰქონდა და შემპირდა, რომ ჩემს ჩვენებაზე ისევ გამოვიდოდა უკანასკნელად. თავისი პირობა არ დაივიწყა და შეასრულა. მრავალი წელია მეგობრები ვართ, ერთად ბევრ რამეზე გვიმუშავია. კრისტის სილამაზე, შარმი და ექსტრაორდინალური ხასიათი უდავოა. რეპეტიციის შემდეგ ბნელი, ვრცელი, უზარმაზარი არსენალის იატაკზე მარტო ვიჯექი, როდესაც კრისტი ნიკთან ერთად ბოლოჯერ გამოჩნდა პოდიუმზე გასავლელად. უნდოდა ყველაფერი თავის დროსა და ადგილზე ყოფილიყო. ვიჯექი, ვუყურებდი და უბრალოდ ვერ ვიჯერებდი. ის ჩემთვის დაბრუნდა – ისევ! მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია როგორ ემოციურად ააღელვებდა აუდიტორიას, როდესაც ჩვენება დახურა. ვტიროდი და ემოციებისგან წალეკილი ვიყავი, როდესაც კულისებში მის გამოსვლას მონიტორზე ვუყურებდი.“ – მარკ ჯეიკობსი

Perry Ellis by Marc Jacobs Spring 1993.

„მარკ ჯეიკობსმა თავისი მშვენიერი შოუს დასახურად მიმიწვია და უარი ვერ ვუთხარი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ კაცს მას შემდეგ ვიცნობ და მიყვარს, როდესაც 16 წლის ასაკში პირველად შევხვდი. მეორე, წელს 50 წლის გავხდი და უკვე იმ ფაზაში შევედი, როდესაც საკუთარი თავისთვის დასმულ შეკითხვებზე „რატომაც არა“ არის პასუხი, რომელიც თავში მომდის. და მესამე, 15 წლის ქალიშვილი მყავს, რომელსაც სასოწარკვეთილად სურს ჩემი დანახვა და ხმის გაგონება, ეს კი მედიუმია, რომელიც მასთან „საუბრობს.“ ახლა შემიძლია ზუსტად ვთქვა როდის და ვისთვის გამოვედი ბოლოს პოდიუმზე და ვიგრძნო სიამაყე და მადლიერება ყველა იმ ბუნების ძალის მიმართ ეს შესაძლებელი რომ გახადა!“- კრისტი ტარლინგტონი

Photo: Armando Grillo

ამ მხრივ მღელვარება გამოიწვია ვერსაჩეს ჩვენებამაც. 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, როდესაც შოუ შალომ ჰარლოუმ დახურა, ვერსაჩეს კოლექცია და ტოპ მოდელების ქასთი ბოლო სასაუბრო თემა გახდა. ხოლო როდესაც დონატელამ ახალი კამპანიის გადასაღები მოედნიდან შალომის ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, სუპერმოდელის არტისტულობამ და პროფესიონალიზმმა მრავალი წლის შემდეგ ისევ ყველა აღაფრთოვანა.

2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შალომი ისევ გამოვიდა ვერსაჩეზე, ამჯერად მას ჩვენების გახსნის პატივი ერგო.

Photo: Regis Colin Berthelier

მაგრამ ამ სეზონზე ნამდვილი მოულოდნელობა არა შალომის გამოსვლა, არამედ სტეფანი სეიმურის გამოჩენა აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენება დახურა.

Photo: Regis Colin Berthelier

კიდევ ერთი ორიგინალი სუპერმოდელი, რომელიც ამ სეზონზე ვიხილეთ არის ტატიანა პატიცი, რომელიც მილანში გამართულ ეტროს ჩვენებაზე გამოვიდა.

Photo: Alessandro Lucioni

ისევ მოთხოვნად მოდელად რჩება სტელა ტენანტი, რომელმაც ბარბერის, ბალენსიაგას და ალექსანდრ მაკქუინის შოუებში მიიღო მონაწილეობა.

Stella Tennant for Balenciaga Fall 2019. Photo: Alessandro Lucioni 

პოდიუმზე გაიარეს ოთხმოცდაათიანი წლების ტოპ მოდელებმაც, მათ შორის: გუინევერ ვან სინუსმა, დებრა შოუმ და კირსტი ჰიუმიმ.

Guinevere Van Seenus for Erdem, Debra Shaw for Tommy Hilfiger, Kirsty Hum for Salvatore Ferragamo

გარდა ოთხმოცდაათიანი წლებში მოღვაწე მოდელებისა, ჩვენებებზე ვიხილეთ სხვა თაობის წარმომადგენელი მნიშვნელოვანი მოდელებიც. 68 წლის პატ კლივლენდი ნიუ-იორკში ნაემ ხანის, ჰელესის და პარიზში ტომი ჰილფიგერის ჩვენებებზე. ჰილფიგერის ჩვენებაზე გამოვიდნენ 70 წლის გრეის ჯონსი, 66 წლის ბევერლი ჯონსონი და 54 წლის ვერონიკა ვები. ელი ტაჰარის შოუში მონაწილეობა მიიღო 65 წლის კრისტი ბრინკლიმ. 68 წლის პატი ჰენსენმა კი მაიკლ კორსის სამოცდაათიანი წლებით შთაგონებული შოუ დახურა.

პოდიუმზე სელებრითებიც ვიხილეთ, მათ შორის ქლოე სევინი სიმონ როშაზე და პენელოპე კრუზი შანელზე.

Chloe Sevigny for Simone Rocha Fall 2019. photo: Armando Grillo
Penelope Cruz for Chanel Fall 2019. Photo: Gio Staiano 

„სუპერმოდელების ერის“ შემდგომ პერიოდში მოღვაწე მოდელებიდან პოდიუმზე გამოჩნდნენ ქეროლაინ ტრენტინი ტომ ფორდის, ბრენდონ მაქსველის, მაიკლ კორსის, როუს, ლილი ქოული სიმონ როშას, ალექსანდრ მაკქუინის და ჯემა უარდი ეტროს და რობერტო კავალის ჩვენებებზე.

Caroline Trentini for Tom Ford, Lily Cole for Alexander Mcqueen, Gemma Ward for Roberto Cavalli.

პოდიუმს აქტიურად დაუბრუნდა ლინდსი უიქსონიც. მარკ ჯეიკობსი, სიმონ როშა, ფენდი, მისონი და შანელი იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩვენებებზეც მოდელმა გაიარა. ლინდსი ფეხზე მიღებული ტრამვის გამო რამდენიმე წლის განმავლობაში პოდიუმზე ვერ გამოდიოდა.

Lindsey Wixson for Fendi Fall 2019. Photo: Armando Grillo

ყოველ სეზონზე მილიონობით ახალი გოგო ცდილობს ამ სფეროში წარმატების მიღწევას. ვინც შეძლებს და ასეთი კონკურენციის მიუხედავად რაღაცას მიაღწევს არ აქვს გარანტია, რომ მომდევნო სეზონზე ისევ სასურველი იქნება. ცოტამ შეძლო მუდმივად მოთხოვნადი სახე გამხდარიყო, მაგრამ ვინც ამას მიაღწია, მას კარგი ვიზუალის გარდა სხვა მიმზიდველი მახასიათებლებიც გააჩნია. ისინი საზოგადოებას არამარტო იმ ტანსაცმლით აინტერესებენ, რომელსაც წარადგენენ, არამედ საკუთარი პიროვნებით და პროფესიონალიზმითაც, სწორედ ამიტომ იწვევს მათი თითოეული გამოჩენა ხალხში აღტაცებას.