უგუნურებით, უმეცრებით, განზრახ, ან გაუაზრებელი ქმედებით გამოწვეული სკანდალების მოწმე ხშირად ვხდებით, მაგრამ ცნობილი ბრენდები ჭკუას მაინც ვერ სწავლობენ. კულტურულად ყველაზე სენსიტიური ათწლეულის დასასრულს კრიტიკის ქარცეცხლში არაერთი დიზაინერი აღმოჩნდა. თვალი გადავავლოთ გასული 12 თვის რამდენიმე საკამათო და გახმაურებულ შემთხვევას.

2019 რთული წელი იყო გუჩისთვის. იტალიური ბრენდის კოლექციაში ინდური ჩალმის მსგავსი თავსაბური გამოიყენეს, რომელიც ონლაინ საიტზე მთლიანად გაიყიდა. აღშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ ინდური ჩალმა წარმოდგენილი იყო, როგორც მოდური აქსესუარი. ინდოელები ამტკიცებდნენ, რომ მათთვის ჩალმა წმინდა რელიგიური რწმენის გამოხატულებაა და ეს მოდური აქსესუარი არ არის. ამიტომ ისეთ ცნობილ ბრენდში, როგორიც გუჩია, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს განსხვავებული კულტურების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, რისი გამოყენება შეიძლება კომერციული მხრივ და რა არის კულტურულად ხელშეუხებელი.

Gucci 2018 წლის შემოდგომა/ზამთარი

მძაფრი რეაქციები მოჰყვა ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ნიღაბს. ვერც მოდის ინდუსტრია და მითუმეტეს ვერც ინტრნეტი შეთანხმდა, იყო, თუ არა გუჩის ნიღაბი “Blackface“, თუმცა სკანდალმა მედიაში და პოპულარულ ბლოგებში გააღწია, რასაც გუჩის მხრიდან ლოგიკური ნაბიჯები მოჰყვა. პროდუქტი ჯერ გაყიდვიდან ამოიღეს, შემდეგ ბოდიში მოიხადეს და ახალი პროგრამებიც შექმნეს მსგავსი შემთხვევებისგან თავის ასარიდებლად.

Blackface თეატრალური მაკიაჟი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თეთრკანიანების მიერ შავკანიანების დასამცირებლად გამოიყენებოდა.  გუჩის პროდუქტების ‘’Blackface’’-სთან ასოციაციები გამოიწვია შავმა ნიღაბმა და სვიტრებმა, რომლებიც სახის ნახევარს ფარავდა და მასზე დატანილი წითელი ხაზით გამოკვეთდა შავკანიანებისთვის დამახასიათებელ დიდ ტუჩებს. კატალოგშიც და პოდიუმზეც სამოსი თეთრკანიან მოდელებს ეცვათ. აღნიშვნას იმსახურებს ფაქტი, რომ კოლექციის გაყიდვაში გამოსვლიდან თვეები იყო გასული, ეს არ ყოფილა მომენტალური აფეთქება, თუმცა როგორც ბრენდის გენერალურმა დირექტორმა თქვა:

‘’ციფრულ ერაში თუ ვინმე იტყვის, რომ ეს [სვიტერი] ბლექფეისია, მაშინ ის ბლექფეისად გამოცხადდება. რთული იყო იმის ყურება, რომ ასეთმა პატარა რაღაცამ ყველაფერს, რისიც გვწამს, საფრთხე შეუქმნა.’’

Gucci
Gucci

თითქოს ეს ორი სკანდალი საკმარისი არ იყო, წლის ბოლოს გუჩი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა კრიტიკის სამიზნე, თუმცა ამჯერად პროტესტი პირდაპირ პოდიუმზე ვიხილეთ. გუჩის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება თეთრ ხალათებში შემოსილმა მოდელებმა გახსნეს მაკიაჟის და ვარცხნილობის გარეშე. განათება, პოდიუმი და თეთრი ხალათები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო დაწესებულების განწყობას ქმნიდა. პოდიუმზე გამოსვლისას მოდელმა, აიშა ტან-ჯონსმა ხელები აწია და კამერების წინ შემდეგი წარწერით ჩაიარა: „მენტალური ჯანმრთელობა არ არის მოდა.“ აიშა ჯონსისთვის მენტალური ჯანმრთელობა პირად გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. მოდელს ბიპოლარული აფექტური აშლილობა ჰქონდა და წლების განმავლობაში იტანჯებოდა, ამიტომ მისთვის მიუღებელი იყო, როდესაც პოდიუმზე მენტალური ჯანმრთელობა, როგორც მოდის ნაწილი იხილა.

გუჩის წარმომადგენელმა ჩვენების დასრულებისთანავე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ხალათები გაყიდვაში არ გამოვიდოდა, როგორც მოდური პროდუქტი.

Gucci გაზაფხული/ზაფხული 2020

აიშა ჯონსის მსგავსად, ლიზ კენედისაც საკუთარი ოჯახის დიდ ტკივილზე ჰქონდა გამოცდილი ტრაგედია, რომელიც ბარბერის ჩვენების ტანსაცმლის მორგებაზე იხილა. გაზაფხულზე რიკარდო ტიში ბარბერიში თავისი მეორე კოლექციის წარსადგენად ემზადებოდა, როდესაც ახალგაზრდა მოდელმა სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. ვინ ტოვებს რიკარდო ტიშის სტუდიას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავის კარიერას?! მოგვიანებით, ლიზ კენედიმ თავისი საქციელი ახსნა.

გოგონას თქმით, შეძრწუნებული იყო, როდესაც ტანსაცმლის მორგებაზე მივიდა და დაინახა ჰუდი, რომელსაც თოკის კვანძი ჰქონდა. მოდელმა გაარკვია, რომ რიკარდოს კოლექცია ახალგაზრდების პრობლემებზე და ლონდონში გატარებულ თინეიჯერობის წლებზე ჰქონდა შექმნილი. „სუიციდი მოდა არ არის“ ამ სიტყვებით ლიზიმ ბარბერი დატოვა. კენედიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ბარბერის და რიკარდო ტიშის ლოგიკური ნაბიჯი – ბოდიში მოჰყვა.

ლიზ კენედი:

“სუიციდი მოდა არ არის. ის არც გლამურული არ არის და არც განსაკუთრებული და რადგანაც ეს შოუ მიეძღვნა ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ ხმას იყენებენ, ეს უნდა ვთქვა. ჩემთვის დაუჯერებელია როგორ შეეძლო რიკარდო ტიშის და ყველა დანარჩენს ბარბერიში თოკისგან გაკეთებული კვანძის პოდიუმზე წარმოდგენა. როგორ შეუძლია ვინმემ მას შეხედოს და იფიქროს, რომ მისაღებია მითუმეტეს იმ ხაზში, რომელიც ახალგაზრდა გოგოებს და ახალგაზრდობას ეძღვნება. მგრძნობიარე ახალგაზრდობას. რომ აღარაფერი ვთქვათ მთელ მსოფლიოში სუიციდის შემთხვევების მზარდ რიცხვზე. მოდით ნუ დავივიწყებთ ლინჩის წესით გასამართლების საზარელ ისტორიასაც. მორგება უკიდურესად აღშფოთებულმა დავტოვე მას შემდეგ, რაც ეს ლუქი ვნახე. თითქოს ისევ იმ დროში დავბრუნდი, როდესაც ჩემს ოჯახში სუიციდის ფაქტი მოხდა. ასევე უნდა დავამატო, რომ ერთი ჭერზე დაკიდეს და გასახდელში ამაზე იცინოდნენ. მოვითხოვე, რომ ამაზე ვინმეს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ მხოლოდ წერილის დაწერა შემეძლო. ვიღაცასთან მოკლე წერილობითი საუბარი მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე დახასიათდა: “ეს მოდაა. არავის ადარდებს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, ამიტომ შენთვის შეინახე.” მაპატიეთ, მაგრამ ეს საკითხი მხოლოდ მე არ მეხება.”

Burberry