სავარჯიშო სამოსი მხოლოდ სპორტული დარბაზებისთვის აღარ არის
Athleisure – ასე შეგვიძლია მოვიხსენიოთ ტრენდი, რომელიც 2010-იანებიდან თვალშისაცემი გახდა. სპორტული ბიუსჰალტერები, ტოპები, ვიწრო, იოგის შარვლები და შორტები აქტუალური 2010 წლამდეც იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი მიიღეს და შეიყვარეს, თუმცა გასულ ათწლეულში სავარჯიშო ტანსაცმელს მხოლოდ სპორტულ დარბაზებში აღარ ვხედავდით. მან მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების ქუჩის სტილის ფოტოებში და გლამურულ ღონისძიებებზეც შეაღწია. 2010-იანები გაგვახსენდება, როგორც დეკადა,როდესაც ადამიანებმა სავარჯიშო ტოპებს, შარვლებს, შორტებს შანელის ჩანთა შეუხამეს და ქუჩის სტილის ფოტოებში ამაყად გამოჩნდნენ.
ფიბი ფაილოს სელინის ესთეტიკა
2010-იანების დასაწყისში, ფიბი ფაილომ ხელახლა განსაზღვრა რას ნიშნავს ფემინური და მინიმალისტური ტანსაცმელი, რომელიც თანამედროვე ქალების ყოველდღიურობას სრულყოფილად ერგება. ფიბის სელინმა ტრენდად ზრდასრული ქალის სახე აქცია, რომელიც სერიოზულია, სიჩქარე არ უყვარს, ფრთხილობს, მაგრამ რისკზე წასვლის არ ეშინია და არც იმდენად მოსაწყენია, რომ თვლიდეს კლასიკურ ლუქს ადიდასის სპორტული ფეხსაცმელი არ უხდება. ფაილოს ესთეტიკის გავლენამ ინდუსტრიის შიდა წრეებში შეაღწია. გასულ ათწლეულში, მისი სტილი შეიმჩნეოდა არამხოლოდ იმ ადამიანების გარდერობში, რომლებიც მოდას გარედან უცქერდნენ, არამედ სხვა ქალი დიზაინერების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ფესტივალის სამოსი
სიგიჟეა, როდესაც წარმოვიდგენთ, რომ ქეით მოსის 2005 წლის ლუქი, გლასთანბერის ფესტივალიდან, დიზაინერებს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებშიც შთააგონებს. მოსის საფესტივალო სტილი ყოველთვის დიდ ყურადღებას იმსახურებდა, თუმცა ფესტივალებზე ვარსკვლავების, განსაკუთრებით მოდელების, ჩაცმულობა ახალ დონეზე 2010-იანი წლებიდან ავიდა, როდესაც ქოაჩელა გახდა ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყავი, თუ თანამედროვე ვარსკვლავურ კულტურაში სტატუსს ეძებდი.
ლოგომანია
ვინ იფიქრებდა, რომ „რა გაცვია?“ ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო კითხვა გახდებოდა?! თუმცა არა იმიტომ რომ ჩვენი ტანსაცმლის წარმომავლობა უმნიშვნელო გახდა. გასულ ათწლეულში, შესამჩნევად, ხშირად ვულგარულადაც ზედ გვეწერა, რაც გვეცვა. მოდაში ლოგოებს დიდი ისტორია აქვს, მაგრამ 2010-იანებიდან ლოგოების ტრენდმა მწვერვალს მიაღწია, რისთვისაც „მადლობა“ უნდა ვუთხრათ დიზაინების ახალ თაობას,რომლებმაც ბრენდირების ყველაზე ზარმაცი გზა შეარჩიეს და ვარსკვლავებს, რომლებიც ყველა ღონისძიებიდან, თუ პაპარაცული ფოტოებიდან, გვეუბნებოდნენ, რომ დრო, როდესაც ლოგოების დიდი დოზით ჩაცმა უგემოვნობასთან ასოცირდებოდა, დასრულდა.
მაისურები პოლიტიკური ტექსტებით
#Metoo -ს, ტრამპის ამერიკის, ბრექსითის, ემიგრაციის და დევნილების კრიზისის ერაში მოდა გახდა პოლიტიკური. 2010-იანები გაგვახსენდება, როგორც ათწლეული, როდესაც ანა ვინტურიდან რიგით დიზაინერამდე, ყველა, ვისაც მაღალი მოდის ინდუსტრიაში ხმა ჰქონდა, პოლიტიკურ პოზიციას, არსებულ რეალობაზე თავის სათქმელს მაისურზე წარწერით გამოხატავდა.
ქუჩის სტილი ახალი ოტ კუტიური
წლების წინ, მაშინ ჯერ კიდევ ფრანგული ვოგის მთავარ რედაქტორს, კარინ როიტფელდს ამერიკულ სტილზე დაუსვეს შეკითხვა. როიტფელდის თქმით, ამერიკული სტილის პრობლემა ზედმეტი კომფორტია. „სწორედ ამიტომ ვერ შეედრება ამერიკული სტილი ევროპულს“. გასულ ათწლეულში, კარინ როიტფელდი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო იმ დიზაინერების, რომლებმაც ევროპულ მოდაში ქუჩის კომფორტული სამოსი შეიტანეს და გაყიდეს, როგორც ძვირადღირებული მაღალი მოდის პროდუქტი. 2010-იანები გაგვახსენდება, როგორც დეკადა, როდის ჰუდი გახდა ახალი ოტ კუტიური.
შეუხედავი მოდა და დიდი ზომის ფეხსაცმელები
გასულ ათწლეულში სილამაზის განმარტება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ახალი თაობის გავლენიანი დიზაინერების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხელახლა დასვა შეკითხვა, რას ნიშნავს სილამაზე და სიმახინჯე? მათ დაიწყეს სილამაზის იქ ძიება, სადაც ის წარსულში არ მოიაზრებოდა. შეუხედავი მოდა, როგორც თითქმის ყველა ტრენდი, რომელიც აქტუალურია, გასული ათწლეულის გამოგონება არ არის, თუმცა მისი მეინსტრიმად ქცევა 2010-2019 წლებში მოხდა. 2010-იანები გაგვახსენდება, როგორც დეკადა, როდესაც ტრადიციული გაგებით შეუხედავი გახდა სასურველი.
ანდროგენული სტილი და უნისექს სამოსი
ქალის და მამაკაცის კოლექციების ჩვენებების გაერთიანება 2010-იანების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი საკითხი იყო, რომელიც გავლენიანი ბრენდების ერთმა ნაწილმა წარმატებით მიიღო, თუმცა დიზაინერებმა არამხოლოდ შოუების შერწყმაზე, არამედ გენდერულად ნეიტრალური ტანისამოსის შექმნაზეც დაიწყეს ფიქრი. ამ ათწლეულში ისე, როგორც არასდროს, უნისექსი და ანდროგენული სტილი მოთხოვნადი და მისაღები გახდა. პიონერად ალესანდრო მიკელე მოგვევლინა, რომელმაც მამაკაცის ფემინური კოლექციებით გუჩის დიდი კომერციული წარმატება მოუტანა. იტალიელი დიზაინერის თქმით, როდესაც ტამსაცმელს ქმნის, სქესი უკანასკნელია, რაზეც შეიძლება იფიქროს.
კოლაბორაციები
მიუხედავად იმისა, რომ დიდ დიზაინერებს და კომერციულ / ურბანულ ბრენდებს შორის კოლაბორაციები 2000-იანებში დაიწყო, როდესაც კარლ ლაგერფელდმა H&M-თან ითანამშრომლა, ტრენდული სახე უკანასნელ ათ წელში მიიღო. დღეს ჩვენს გაკვირვებას აღარ იწვევს დიდი ბრენდებისა და H&M-ის, ან ზარას თანამშრომლობა. ტენდენციას ვარსკვლავებიც შეუერთდნენ, რომლებიც აქტუალურად თანამშრომლობდნენ კომერციულ ბრენდებთან და კოლექციების შესაქმნელად დიზაინერების ამპლუაში გვევლინებოდნენ. დეკადის გახმაურებულ კოლაბორაციებად შეგვიძლია გავიხსენოთ: სუპრემე x ლუი ვიტონი, ბიონსე x ბალმანი, მსოფლიოს სასურსათო პროგრამა x ბალენსიაგა, მონკლერი x პიერპაოლო პიჩოლი და სხვა დიზაინერები.