ნიკოლა ბრონიანო ჯერ მეორე სეზონია, რაც ბლუმარინის კრეატიული დირექტორია, თუმცა დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ მან შეძლო ხალხი ისევ აელაპარაკებინა ბლუმარინზე. ლოტა ვოლკოვაც, დემნა გვასალიას გახმაურებული სტილისტი, მეორე სეზონია ნიკოლას კოლექციებზე მუშაობს და ეს შეუმჩნეველი არავის რჩება. სექსუალური, გამომწვევი, ვულგარული, ასიმეტრიული და ძალიან ფერადი – 2000-იანების პერის ჰილტონების ესთეტიკამ მოდაში მყარად შემოაბიჯა, და ალბათ, არსადაც აღარ წავა. ნოსტალგია MTV-ს რეალითი შოუებისა და გასახსნელი ტელეფონების ერის მიმართ, სადაც სოციალური მედია ჯერ კიდევ მხოლოდ ჰორიზონტზე ჩანდა, ყველას გვექნება. განსაკუთრებით მილენიალებს, რომელთაც გულით გვწამდა, რომ ასე ჩაცმა საუკეთესო გემოვნების მაგალითი იყო. ასე სწამთ ტიკ-ტოკის ერის Gen Z-საც, რომელთაც მილენიალებმა საკმაოდ უხვად დავუტოვეთ შთაგონების წყარო. რაც შეეხება თავად დიზაინერის შთაგონებას, ნიკოლა ბრონიანოს კონკრეტულად არავინ დაუსახელებია, თუმცა შეუძლებელია გონებიდან ამოშალო სუპერმოდელები კარლა ბრუნი და კლაუდია შიფერი 90-იანებში, შემდგომ კი ტოპ მოდელები ანა სელეზნევა და ვლადა როსლიაკოვა 2000-იანებში, რომლებიც ბლუმარინის ჩვენებებზე მოქარგული შიფონისა და აბრეშუმის კაბებში ფერიებს გვაგონებდნენ.