2021 წლის 4 აგვისტოს Louis Vuitton-ის დამაარსებლის დაბადებიდან 200 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და ლუი ვიტონის როგორც პიროვნების, ისე მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის პატივსაცემად, გამოფენა “200 ჩემოდანი, 200 მეოცნებე” მოეწყო. თავდაპირველად მისი მონახულების შესაძლებლობა დამთვალიერებელს გასულ წელს საფრანგეთში ჰქონდა, შემდეგ მან სინგაპურში, მოგვიანებით კი ლოს ანჯელესში გადაინაცვლა. ამჯერად მისი ნახვის ბოლო შანსი 31 დეკემბრის ჩათვლით ნიუ-იორკში მყოფებს ექნებათ.

გამოფენა მედისონ ავენიუზე მდებარე შენობაში მოეწყო, სადაც სახელგანთქმული სავაჭრო სივრცე “Barneys New York” იყო განთავსებული.

© Louis Vuitton

როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, გამოფენა ფრანგული მოდის სახლის ჩემოდნებზე კონცენტრირდება. 1850-იან წლებში ლუი ვიტონის შექმნილი ორიგინალი, რევოლუციური დიზაინი საკუთარი ხედვის წარმოსაჩენად 200 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მეოცნებისთვის – არტისტებისთვის, დიზაინერებისთვის, მსახიობებისთვის, ათლეტებისთვის, მეცნიერებისთვის – იქცა ტილოდ, რომელიც ახლა საგამოფენო ექსპონატის სახით გვევლინება.

ადგილზე მისულ სტუმრებს, რობოტის სკულპტურა მიეგებებათ, რომელიც თავად ლუი ვიტონს განასახიერებს. ისინი იქვე შენიშნავენ 30,000 ლეგოთი აწყობილ დაბადების დღის ტორტს. როდესაც დამთვარიელებლები LED განათებით გაფორმებულ გვირაბს გაყვებიან, ერთმანეთისგან განსხვავებულ საგამოფენო სივრცეებში აღმოჩნდებიან. თითოეული მათგანი ერთ საკულტო დიზაინზე ინდივიდუალურ, განსხვავებულ ისტორიას ყვება.

ფოტოები გამოფენიდან