ბრიტანული ვოგი სექტემბრის ნომერში 18 დიზაინერის პორტრეტს გვთავაზობს. თვითიზოლაციაში გატარებული თვეების შემდეგ, მაღალი მოდის მნიშვნელოვანი შემოქმედები ვოგს პანდემიის რეალობაში ცხოვრების და მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრნენ.

სექტემბრის ნომერში აღბეჭდილი დიზაინერების უმრავლესობა იტალიელია: ალესანდრო მიკელე (გუჩი), დონატელა ვერსაჩე (ვერსაჩე), რიკარდო ტიში (ბარბერი), სილვია ვენტურინი ფენდი (ფენდი), მარია გრაცია ქიური (დიორი), პიერპაოლო პიქოლი (ვალენტინო), მიუჩია პრადა (პრადა). ყველა მათგანი სამშობლოში იმყოფებოდა, როდესაც იტალიაში მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ასზე მეტ სახელმწიფოში შეაღწია, ჩინეთის შემდეგ, იტალია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც პანდემია აფეთქდა.

იტალიელი დიზაინერები, რომლებიც მაღალი მოდის ყველაზე გავლენიან ჯაჭვს წარმოადგენენ, პანდემიასთან ბრძოლას დასაწყისშივე შეუერთდნენ. პრადამ, გუჩიმ, ვერსაჩემ, ვალენტინომ და სხვებმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფონდში არა ერთი მილიონი დოლარი გადარიცხეს. გარდა ამისა, პრადას ოჯახმა საკუთარ ფინანსებზე 4 საავადმყოფოს საჭირო რესურსებით მომარაგება აიღო.

ედითორიალში მეორე მსხვილ ჯგუფს ინგლისელი დიზაინერები ქმნიან : ჯონათან ანდერსონი (ლუევე), სარა ბარტონი (მაკქუინი), დანიელ ლი (ბოთეგა ვენეტა), ჯონ გალიანო (მარჯიელა), სამუელ როსი (A-COLD-WALL) და გრეის უელს ბონერი (უეილს ბონერი). ინგლისელების მოჰყვებიან ამერიკელები: მარკ ჯეიკობსი, რიკ ოუენსი და ვირჯილ აბლო (Off-white & Louis Vuitton). ლუი ვიტონის ქალის ხაზის და ბალმანის შემოქმედებითი ხელმძღვანელები, ნიკოლა ჟესქიერი და ოლივერ რუსტანი კი, საფრანგეთს წარადგენენ.

ალესანდრო მიკელე

პანდემიაზე, პოლიტიკაზე, ბიზნესის და მოდის მომავალზე ფიქრის გარდა, როგორც სექტემბრის ნომერში ვკითხულობთ, დიზაინერებმა ახალი საქმიანობების და პროფესიების ათვისებაც დაიწყეს. გუჩის ალესანდრო მიკელემ ჩათვალა, რომ ეს პერიოდი საუკეთესო დრო იყო ბავშვობის ოცნების ასასრულებლად. იტალიელმა დიზაინერმა გიტარაზე დაკვრა ისწავლა. სხვათაშორის მისი მენტორები, არც მეტი, არც ნაკლები ჰარი სტაილსი და ჯარედ ლეტო არიან.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კულინარიული უნარების გასაუმჯობესებლად ბევრმა ნაყოფიერად გამოიყენა, ოლივერ რუსტანისთვის და დონატელა ვერსაჩესთვის სამზარეულო კვლავ „მთავარ“ გამოწვევად რჩება. უჩვეულო აღმოჩნდა სახლში გატარებული თვეები ნიკოლა ჟესქიერისთვისაც, რომელიც თურმე „სახლში“ არც იმყოფებოდა.

ნიკოლა, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს პარიზში, იზოლაციის დასაწყისში მშობლიური საფრანგეთის ნაცვლად, კალიფორნიაში აღმოჩნდა, თუმცა როგორც ფრანგი დიზაინერი აღნიშნავს, მას ჰქონდა იმის პრივილეგია, რომ ფრენებით დატვირთული გრაფიკისგან ცოტა ხნით მაინც დაესვენა.

ფოტოგრაფები: Danilo Scarpati, Patrick Fraser, Paul Wetherell, Karim Sadli, Alessandro Furchino Capria, David Burton, Thomas Lohr, Misan Harriman, Nicholas Newbold, Joshua Woods, Brett Lloyd, Annie Powers.