თანამედროვე მოდის სამყაროში მრავალფეროვნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სხვადასხვა დროს, რასობრივი თანასწორობისათვის დაწყებულმა მოძრაობებმა დიზაინერების, მოდის სახლების და პრესის დღის წესრიგი, წლებთან ერთად, თვალსაჩინოდ შეცვალა. თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაფერი მარტივად სულაც არ მომხდარა – მაგალითისათვის, პირველი აფრო-ამერიკული წარმოშობის მოდელი ამერიკული Vogue-ის ყდაზე მხოლოდ 1974 წელს დაიბეჭდა. მას შემდეგ დაახლოებით ხუთი ათწლეული გავიდა და მოდის სამყაროში კანის ფერი დამაბრკოლებელ ფაქტორს აღარ წარმოადგენს.
დღეს უკვე შეგვიძლია გავიხსენოთ მოდელები, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და სილამაზის მრავალფეროვნების სწორად აღქმაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს.
ნაომი სიმსი / Naomi Sims
ნაომი სიმსი პირველ აღიარებულ აფრო-ამერიკელ მოდელად მიიჩნევა. მან კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო და 1968 წელს, პირველი შავკანიანი მოდელი გახდა, რომელიც ჟურნალ Ladies’ Home-ის გარეკანზე დაიბეჭდა.
ბევერლი ჯონსონი / Beverly Johnson
ბევრლი ჯონსონმა კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო – მაშინ, როცა სამოდელო ინდუსტრიაში ჯერ კიდევ რასობრივი სტერეოტიპები დომინირებდა. თუმცა, ჯონსონმა სამოდელო დებიუტიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მოახერხა და მოდის პრესაში ისტორიული პრეცედენტი შექმნა – 1974 წელს ის გახდა პირველი შავკანიანი და აფრო-ამერიკული წარმოშობის მოდელი, რომელმაც ამერიკული VOGUE-ის სოლო ყდა მიიღო.
გრეის ჯონსი / Grace Jones
იამაიკელმა მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა გრეის ჯონსმა 1970-იან წლებში, მოდისა და პოპკულტურის ისტორიაში თავი ხმაურიანად დაიმკვიდრა. ის ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული შავკანიანი ქალია, რომელიც დღემდე ანდროგენული გარეგნობისა და ავანგარდული სტილის სიმბოლოდ მიიჩნევა. გრეის ჯონსი ცნობილ მოდის სახლებთან, ფოტოგრაფებთან და რეჟისორებთან თანამშრომლობდა. მისი ფოტო არაერთი წამყვანი მოდის ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა.
ალეკ ვეკი / Alek Wek
სუდანური წარმოშობის ბრიტანელი მოდელი, ალეკ ვეკი სამოდელო სამყარომ 18 წლის ასაკში აღმოაჩინა. მოდელმა განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როცა ტინა ტერნერის მუსიკალურ ვიდეოში – Golden Eye-ში გამოჩნდა. ვეკი გასული საუკუნის 90-იან წლებში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი რჩეული სახე გახდა. 2015 წელს, BBC-იმ ის 21-ე საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ქალს შორის დაასახელა.
მოუნია/Mounia
Mounia ერთ-ერთი პირველი შავკნიანი ქალია, რომელმაც მაღალი მოდის სამყაროში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მოდელი განსაკუთრებით ცნობილია თავისი თანამშრომლობით ივ სენ ლორანთან. 1970-იანი წლების მიწურულს, Mounia სწორედ ამ საკულტო დიზაინერის რჩეული სახე და ერთ-ერთი მუზა იყო.
ტრეისი აფრიკა / Tracey Africa
ტრეისი ნორმანი, იგივე ტრეისი აფრიკა, პირველი აფრო-ამერიკელი ტრანსგენდერი მოდელია, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში წარმატებას მიაღწია. თუმცა, ეს თავისი იდენტობის გამო საკმაოდ გაუჭირდა. 1971 წელს, ის ცნობილი ფოტოგრაფის, ირვინ პენის ობიექტივში მოხვდა, ამის შემდეგ, რამდენიმე ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა სხვადასხვა ჟურნალთან და ბრენდთან, თუმცა, არავისთვის იყო ცნობილი, რომ ტრეისი აფრიკა ტრანსგენდერი ქალი იყო. მას შემდეგ, რაც მისი სქესის შესახებ გახდა ცნობილი, სამოდელო სააგენტოებმა და ჟურნალებმა მოდელთან მუშაობაზე უარი განაცხადეს. ტრეისი აფრიკამ დატოვა შეერთებული შტატები და პარიზში გადავიდა, სადაც ბალენსიაგამ ხალნგრძლივი კონტრაქტი გაუფორმა. რამდენიმე წელიწადში, ტრეისი აფრიკა შეერთებულ შტატებში დაბრუნდა – ამერიკული მოდის ინდუსტრია მის მიმართ უწინდელივით რადიკალურად აღარ იყო განწყობილი. შედეგად, წარმატებით გააგრძელა სამოდელო კარიერა.
იმანი/Iman
ამერიკაში მცხოვრები, წარმოშობით სომალელი სუპერმოდელი იმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაა მოდის სამყაროში. გარდა წარმატებული სამოდელო კარიერისა, ის გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების სტილის ვარსკვლავადაც მიიჩნევა. იმანი დაახლოებით 20 წლის იყო, როცა უნივერსიტეტში სწავლისას ფოტოგრაფმა პიტერ ბიერდმა აღმოაჩინა. პროფესიონალ მოდელად მუშაობის დაწყებიდან მალევე, იმანი იქცა ისეთი დიზაინერების მუზად, როგორებიც არიან: კელვინ კლაინი, ჯანი ვერსაჩე, ივ სენ ლორანი, დონა კარანი.
ნაომი ქემბელი / Naomi Campbell
ნაომი ყველა დროის, ყველაზე გავლენიან შავკანიან მოდელად მიიჩნევა, რომელმაც თავისი გარგენობით, სტილით და პოდიუმზე განსაკუთრებული თავდაჯერებულობით ეპოქალური აღიარება მოიპოვა. 15 წლის იყო, როცა სამოდელო სააგენტო Pennington Models-ის სკაუტმა, ბეთ ბოლდტმა აღმოაჩინა. საჯარო გამოჩენიდან მალევე, კარიერის მწვერვალზე აღმოჩნდა და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი გახდა. ნაომის კარიერა დღემდე გრძელდება.
ტაირა ბენქსი / Tyra Banks
ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი ტაირა ბენქსი 90-იან წლებში შენიშნეს, მაშინ, როცა 15 წლის იყო. 16 წლის ასაკში სამოდელო სააგენტო Elite Model Management-თან გააფორმა კონტრაქტი. ის არის პირველი აფრო-ამერიკელი მოდელი, რომელიც ჟურნალ GQ -სა და Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გარეკანზე დაიბეჭდა. 2000 წელს, ტაირა ბენქსი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანზღაურებად მოდელად დასახელდა.
ჯოან სმოლსი / Joan Smalls
პუერტო რიკოელი ჯოან სმოლსი პირველი ლათინური წარმოშობის სუპერმოდელია, რომელიც კოსმეტიკური ბრენდის Estée Lauder-ის სახე გახდა. ის დღემდე თანამრომლობს წამყვან მოდის სახლებთან და ჟურნალებთან. 2012 წელს, სმოლსი Models.com-ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებდა. 2013 წელს კი, წამყვანმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სარეიტინგო სიაში შეიყვანა.
უინი ჰარლოუ / Winnie Harlow
კანადელმა მოდელმა უინი ჰარლოუმ მსოფლიო პოპულარობა 2014 წელს მოიპოვა, როცა ამერიკულ სატელევიზიო რეალით შოუში – America’s Next Top Model-ში გამოჩნდა. ის პირველი შავკანიანი მოდელია ვიტილოგოს სინდრომით, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე გაიარა და არაერთი ავტორიტეტული ჟურნალის ფოტოსესიებში მიიღო მონაწილეობა. არაერთმა გამოცემამ ჰარლოუ 2010-იანი დეკადის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად დაასახელა.
ადუთ აკეჩი / Adut Akech
სხეულის იდელური პარამეტრებითა და გამორჩეული გარეგნობით, ადუთ აკეჩმა მსოფლიო მოდის აღფრთოვანება პირველივე გამოჩენით მოახერხა. აკეჩი სამხრეთ სუდანში დაიბადა და თავისი ცხოვრების პირველი 8 წელი დევნილების ბანაკში გაატარა. ამის შემდეგ კი, ავსტრალიაში დევნილის სტატუსით დაიწყო ცხოვრება. მისი სამოდელო დებიუტი 2016 წელს შედგა, 2019 წელს კი, უკვე VOGUE-ის ხუთ ყდაზე იყო დაბეჭდილი. ადუთ აკეჩი BOF 500-ის ერთ-ერთი წევრია – ეს ნიშნავს იმას, რომ მოდის გავლენიანმა გამოცემამ ის დაასახელა იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც მოდის ინდუსტრიის ფორმირების პროცესში უდიდესი გავლენა აქვთ .
დაქი სოტი / Duckie Thot
დაკი სოტი, ადუთ აკეჩის მსგავსად, სამხრეთ სუდანიდან არის დევნილი. ის ავსტრალიაში გაიზარდა და დაახლოებით 18 წლის იყო, როცა მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა – 2013 წელს, Australia’s Next Top Model-ის მესამე ადგილის მფლობელი გახდა. პოდიუმზე დაკის დებიუტი 2017 წელს, Yeezy-ის ჩვენებაზე შედგა. მალევე ის ინტერნეტში “შავი ბარბის” სახელით გახდა ცნობილი. ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ და გავლენიან ბრენდებთან, როგორებიც არის: Fenty Beauty, Moschino, Balmain და Oscar de la Renta. 2018 წელს, მოდელმა “ვიქტორია სეკრეტის” შოუშიც მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით დაკი მაღალი მოდის ჩვენებებზე ხშირად არ ჩნდება, ის ახალი თაობის ინსტაგრამის მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულის სახეა.
ანოკ იეი / Anok Yai
ანოკ იეი სუდანური წარმოშობის კიდევ ერთი მოდელია, რომელმაც თავისი პარამეტრებითა და ეგზოტიკური გარეგნობით მოდის სამყაროს ყურადღება მომენტალურად მიიპყრო. ინდუსტრიამ ენოკი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, როცა უნივერსიტეტის წვეულებაზე დაქირავებულმა ფოტოგრაფმა მისი კადრი მოულოდნელად გადაიღო. ფოტო ინტერნეტში გავრცელდა და მალევე ანოკთან ათობით აგენტი ცდილობდა დაკავშირებას. მიუხედვად იმისა, რომ მისი გეგმები სრულიად განსხვავებული იყო, ის ერთ-ერთ წარმატებულ პროფესიონალ მოდელად იქცა და დღეს არაერთ წამყვან ბრენდთან თანამშრომლობს.
ჰალიმა ადენი / Halima Aden
მიუხედავად იმისა, რომ სომალელმა მოდელმა ჰალიმა ადენმა მოდიდან წასვლის შესახებ განცხადება 2021 წელს ოფიციალურად გაავრცელა, მან მაინც მოასწრო თავისი კვალის დატოვება ამ ინდუსტრიაში. 2020 წელს ჰალიმამ თავის ხანმოკლე კარიერაში ისტორიული მომენტი შექმნა – ის გახდა პირველი მუსლიმი მოდელი, რომელმაც ჟურნალ Sports Illustrated Swimsuit-ისთვის ჰიჯაბითა და ბურკინით იპოზიორა. გამოცემის გამოსვლისთანავე, ჰალიმა ადენს მოდის სამყარო და ინტერნეტმომხმარებლები “ჰიჯაბიან მოდელად” მოიხსენიებდნენ.