მოკლე დახასიათებით, ამერიკული მოდა პრაქტიკული და თავისუფალია, მაგრამ თუ მის საფუძველს სიღრმეებში ჩავყვებით, ვნახავთ, რომ ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი და კომპლექსურია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს, რაც გასაკვირი სულაც არ არის. ნებისმიერი სოციუმის იერსახე, ჩაცმის სტილი და მოდისადმი მიდგომა ნათლად გვაჩვენებს ამა თუ იმ ქვეყანაში გაბატონებულ კულტურას, ტრადიციებს და დოგმებს.
ამერიკა მრავალფეროვანი ქვეყანაა, რომელიც აერთინებს ერთმანეთისაგან განსხვავებული რასის, ენის, ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილების ადამიანებს. ეს კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყველა სფეროზე, მათ შორის მოდაზე.
2021 წლის Met Gala -ს სწორედ ამერიკულ მოდას მიეძღვნება. გთავაზობთ იმ ამერიკელი დიზაინერების ჩამონათვალს, რომლებმაც მოდას მნიშვნელოვანი კვალი დაატყვეს.
Geoffrey Beene
ამერიკული მოდის ერთ-ერთი პიონერი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ლუიზიანას შტატში. ჯოფრი ბინი გასული საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ყველაზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერი იყო. მან სახელი ტექნიკური უნარებით და „ოტ-კუტიურისადმი“ ინდივიდუალური მიდგომით გაითქვა. ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, ჯოფრის ელეგანტურ, დახვეწილ და ფემინურ სტილს კომფორტულობაც გამოარჩევდა. ჯოფრი ბინს მიღებული აქვს 8 ‘’Coty Awards“ და 3 ‘’CFDA Awards’’.
აღსანიშნავია, რომ ‘’CFDA Awards’’ თანამედროვე ამერიკულ და საერთაშორისო მოდაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი დაჯილდოებაა, რომელიც ყოველწლიურად, ნიუ-იორკში ტარდება. ამერიკის დიზაინერთა საბჭო გამარჯვებულებს კატეგორიების მიხედვით ასახელებს. განსაცვიფრებელი მიღწევების მქონე დიზაინერებს, რომელთა კარიერა რამდენიმე ათწლეულს ითვლის, ჯოფრი ბინის სახელობის ჯილდო – ‘’Geoffrey Beene Lifetime Achievement Award’’ გადაეცემათ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/geoffrey-beene-feature.jpg)
Bill Blass
„ყველაზე შრომისმოყვარე კაცი მეხუთე ავენიუზე,“ ამ სიტყვებით ახასიათებდნენ 1970-იანი წლების ამერიკული მოდის ლეგენდას, ბილ ბლასს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბილი პირველი ამერიკელი დიზაინერი იყო, რომელმაც ბრენდი წარმატებულ ბიზნესად საკუთარი პერსონის პოპულარიზაციით შექმნა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო – ეპიტომი კარგი სტილის, მანერების და პროფესიონალიზმის.
მისი მთავარი შთაგონების წყარო ძველი ჰოლივუდის ფილმებში წარმოდგენილი ქალები გახდნენ, სწორედ ამიტომ, ბლასის ესთეტიკა ძლიერ იყო შთაგონებული გლამურის კლასიკური გაგებით. აქვე უნდა ითქვას, რომ ბილი ერთ-ერთი იყო იმ ხუთი დიზაინერიდან, რომლებმაც ამერიკა საფრანგეთში, გახმაურებულ The Battle of Versailles-ჩვენებაზე წარადგინეს. თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, ამერიკელს მიღებული აქვს არაერთი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის – Fashion Institute of Technology ‘’Lifetime Achievement Award’’.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/BillBlass_2048x2048-754x1024.jpg)
Roy Halston Frowick
ამერიკული მოდის პირველი ნამდვილი როკ ვარსკვლავი, რომელსაც საზოგადოება უბრალოდ ჰალსტონის სახელით იცნობს. ჰალსტონის ხიბლს, თავისი ეპოქისთვის სენსაციურ კოლექციებთან ერთად, მისი ცხოვრების სტილი წარმოადგენდა. გლამურულ წვეულებებზე შეყვარებული, მუდამ ვარსკვლავი მეგობრებით და ტოპ მოდელების არმიით გარემოცული ჰალსტონი, ზუსტად წარმოადგენდა 1970-იანი წლების ამერიკული კულტურის სახეს, რომელიც ხშირად ასოცირდება Studio 54 -თან, კლუბთან, რომელიც მისი გახსნის დღიდან 54 წლის შემდეგაც, ამერიკული გლამურის, სტილის და დისკოს სიმბოლოდ ითვლება.
1961 წელს, როდესაც ჯონ ფიცჯერალდ კენედის ინაუგურაციაზე, პირველმა ლედიმ, ჯეკი კენედიმ ჰალსტონის ქუდი მოირგო, Halston-ის სახელი ამერიკული მაღალი მოდის და საზოგადოების სინონიმად იქცა. დიდი ხნის მანძილზე, მოდაში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ როი ჰალსტონი იყო „ამერიკის პასუხი ივ სენ ლორანზე“.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/halston-feature-1024x673.jpg)
Ralph Lauren
ამერიკას ხშირად უწოდებენ შესაძლებელობების მიწას. ძალიან ბევრი ადამიანისთვის „ამერიკული ოცნება“ საკუთარი ოცნებების ახდენასთან ასოცირდება. თუ არსებობს დიზაინერი, რომელმაც მოდაში შექმნა საკუთარი ამერიკული ოცნება, ეს – რალფ ლორენია. მიუხედავად იმისა, რომ ლორენი მკერვალობაში ბრწყინვალეა, მან შექმნა უფრო მეტი, ვიდრე კაბა, ან მოდური ბრენდი. მისი ბრენდი ღირებულებების გარშემო აშენდა, რაც გასული საუკუნის 1980-იანი წლების ამერიკული მოდისთვის ერთგვარი რევოლუცია იყო.
რალფ ლორენი გახდა საკუთარი ბიზნესის ცენტრი, როგორც გონებრივად, აგრეთვე შემოქმედებითად და სულიერად. ის თავის პერსონაში და ბრენდში აერთიანებდა ადამიანს თანდაყოლილი დახვეწილი გემოვნებით, სტილით, ბიზნესის მართვის შესაძლებლობით, კარგი რეპუტაციით, ოჯახით და ღირებულებებით.
81 წლის ასაკში რალფ ლორენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პატივსაცემი და მდიდარი დიზაინერია. მისი ქონება 6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. რალფს მიღებული აქვს ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მაღალი მოდის ინდუსტრიაში არსებობს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/af36988e2b6b13088dab458f42646b9b.jpg)
Calvin Klein
მინიმალიზმით სახელის მოხვეჭა არცერთ ეპოქაში არ ყოფილა ისეთი რთული, როგორიც 1980-იანი წლების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც მოდის ინდუსტრიამ თეატრალური სახე მიიღო და გასცდა უბრალოდ მაღალი ხარისხის ტანისამოსის დეფინიციას. ევროპაში გამოჩნდნენ ჯანი ვერსაჩე, თიერი მუგლერი, ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაკქუინი , დიზაინერები, რომელთა სანახაობრივი ჩვენებები მნახველში აღტაცებას, ენერგიის მოზღვავებას და შიშს ერთდროულად იწვევდა. ერთი შეხედვით, ეს არ იყო ეპოქა, რომელშიც სისადავე და სიმარტივე მომგებიანი უნდა გამხდარიყო, თუმცა კელვინ კლეინის წარმატებამ ნათლად დაგვანახა, რომ მოდაში მინიმალიზმის დრო ყოველთვის არის.
50 წლის წინ, ამერიკელი კელვინ კლაინი საკუთარი ბრენდის შექმნით მინიმალიზმისკენ მიმავალ გზას გაუყვა. მისმა წინააღმდეგობრივმა სარეკლამო კამპანიებმა, ჯინსებმა, ‘Slip Dresses-მა,’ ქალებისთვის შექმნილმა მამაკაცის სტილის საცვლებმა, უნისექს სამოსმა და სუნამომ კელვინის ბრენდის საყოველთაო აღიარება განაპირობა. კელვინი ქმნიდა როგორც კლასიკურ, ისე მოდერნიზებულ სამოსს. უმეტესად ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს იყენებდა. მისი სახით ამერიკულ და საერთაშორისო მოდაში, მინიმალიზმის მნიშვნელოვანი თავი შეიქმნა, რომელმაც უამრავ შემოქმედზე იქონია გავლენა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/gettyimages-2999694-1573853378-681x1024.jpg)
Donna Karan
დონა კარანის კარიერა 1970-იანი წლებში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა სამსახური მიიღო ენ კლეინის ასისტენტად. კარანს პატივი ხვდა დასწრებოდა The Battle of Versailles -ის გახმაურებულ ჩვენებას, როგორც ენი მთავარი ასისტენტი. იმ პერიოდში, დამწყებმა დიზაინერმა საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, რაც შემდეგ, წარმატებით გამოიყენა საკუთარ ბიზნესში. დონა კარანი ცნობილია თავისი “შვიდი მარტივი ნივთის” იდეით, რაც ძირითადი სამოსის პრინციპს აერთიანებს – სამოსი, რომელიც საჭიროა თითოეული ჩვენგანის გარდერობში.
ამერიკელმა დიზაინერმა “შვიდი მარტივი ნივთი” 1985 წელს წარადგინა: ბოდე, ქვედაბოლო, სადა ჟაკეტი, მარტივი სილუეტის კაბა, თეთრი ზედა, ქაშმირის სვიტრი და ტყავის ჟაკეტი.დღეს, როდესაც მოდაში სამოსის კომფორტულობა და სპორტული ტანსაცმელი აქტუალურია, ბევრი დიზაინერი ოცნებობს პირველს მათ გამოეგონათ “შვიდი მარტივი ნივთის” იდეა. “მაშინ ყველა ქალი მამაკაცივით იცვამდა. ქალები ზედებით, ჰალსტუხებითა და პიჯაკებში გამოწყობილები ჩნდებოდნენ, რადგან ეს “ბიზნესვუმენის” იმიჯად ითვლებოდა. მე ვამბობდი, რომ ეს არ იყო ქალი, რომ ქალი საკუთარი სხეულია, მისი სენსუალობა და სისადავეა, ამიტომაც გავაერთიანე ისინი,” – დონა კარანი.
72 წლის კარანს ამერიკული მოდის და ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების დედოფლად მოიხსენიებენ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/00-holding-dkny-672x1024.jpeg)
Michael Kors
“როდესაც 21 წლის ვიყავი და კარიერას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 40 წლის შემდეგ აქ ვიქნებოდი”, ამბობს დიზაინერი, რომელმაც წელს, მოდაში გატარებული 4 დეკადა საიუბილეო ჩვენებით აღნიშნა. მაიკლ კორსი თანამედროვე ამერიკული მოდის სიმბოლოა. ის 1970-იანი წლების მიწურულს, ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი სავაჭრო სივრცის, Bergdorf Goodman-ის მოდის დირექტორმა, დონ მელომ აღმოაჩინა.
1984 წელს, მაიკლმა თავისი პირველი ჩვენება გამართა, რომელმაც ვარსკვლავების ყურადღებაც დაიმსახურა. აქვე უნდა ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი ამერიკულ ბაზარზე, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, Ready To Wear ხაზს აწარმოებდა, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ხაზის მიმართულებით. 2002 წელს, მაიკლმა, საკუთარი ბრენდის სახელით, პირველად წარადგინა მამაკაცის დამოუკიდებელი კოლექცია, რომელმაც დიდი კომერციული მოგება მოუტანა. 2003 წელს, ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ კორსი მამაკაცის ტანისამოსის წლის საუკეთესო დიზაინერად აღიარა.
მაიკლ კორსი, სხვადასხვა დროს, მოხვედრილია თითქმის ყველა პრესტიჟულ რეიტინგში, რომლებიც ქვეყნდება ისეთი გამოცემების მიერ, როგორებიცაა: Time, Vogue და Forbes. 2006 წელს, ამერიკული მოდის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და განსაცვიფრებელი მიღწევებისთვის, კორსმა მიიღო ჯოფრი ბინის სახელობის CFDA Lifetime Achievement Award.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/13-2-NUVO-Magazine-Summer-2010-078-081_MICHAEL_KORS_PAGE_1_IMAGE_0001-1024x863.jpg)
Vera Wang
1989 წელს, ვერა ვანგმა იდეალური საქორწილო კაბის ძიება დაიწყო, რომელიც თავისუფალი იქნებოდა ტიპური საქორწილო კაბის იდეისგან, თუმცა ასეთი ვერ იპოვა. სწორედ მაშინ, მან გადაწყვიტა თვითონ შეექმნა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კაბა. ერთი წლის შემდეგ, მისი საქორწილო კაბების ბიზნესიც დაიბადა. კარლელის სასტუმროსთან მდებარე ვერა ვანგის ბუტიკმა მთლიანად შეცვალა ამერიკელი ქალების ჩაცმულობა, როდესაც ისინი წარმოთქვამენ სიტყვებს: “თანხამა ვარ”.
მიუხედავად იმისა, რომ ვერა ვენგის ბრენდი მყიდველს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, როგორც ამერიკულ, აგრეთვე საერთაშორისო ბაზარზე, სახელი Vera Wang ყველაზე გამორჩეული დიზაინის და მაღალი ხარისხის საქორწინო კაბებთან ასოცირდება. წლების განმავლობაში, ვერა ვანგს ისეთი ცნობილი ადამიანების საქორწილო კაბები შეუქმნია, როგორებიც არიან: მერაია ქერი, ჯენიფერ ლოპეზი და ალიშა ქისი.
Forbes -ის მიხედვით, ვენგი ამერიკაში ყველაზე წარმატებულ ქალებთა შორის, რომლებმაც აღიარებას დამოუკიდებლად მიაღწიეს, #61 ადგილს იკავებს. დიზაინერის პირადი ქონება 500 მილიონ დოლარს აჭარბებს.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/075b.jpg)
Carolina Herrera
თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერმინი „პირველი ლედი“ აშშ-ში წარმოიშვა, ალბათ, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ სტატუსის მატარებელი ქალების მიმართ ინტერესი არსადაა ისეთი ძლიერი, როგორც ამერიკაში. ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად, თუმცა ერთი რამ ცხადია, ამ ქვეყნის ისტორიაში, ყველა დიდ ეპოქას ჰყავდა გამორჩეული პირველი ქალბატონი. ისინი ყურადღებას იქცევდნენ არა მხოლოდ საქმიანობით, არამედ პერსონალური სტილით. დღემდე, ამერიკაში, პირველი ლედის შემოსვა ნებისმიერი დიზაინერისთვის მოდის ინდუსტრიის მაღალ წრეებში კარის გაღების ტოლფასია.
კაროლინა ერერა გახლავთ დიზაინერი, თანამედროვე ამერიკული მოდის ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ყველაზე ხშირად თანამშრომლობდა ქვეყნის პირველ ქალბატონებთან. თავისი უნიკალური გემოვნებით, მანერებით და სტილით, კაროლინა , სხვადასხვა დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ჯეკი კენედის, ლაურა ბუშის, მიშელ ობამას და მელანია ტრამპის ჩაცმულობის სრულყოფაში.
აღსანიშნავია, რომ კაროლინა პირველი ყურადღება გამორჩეული სტილით მიიქცია. 1970-იან წლებში, ის Studio 54-ის ხშირი სტუმარი იყო , მეგობრობდა ენდი უორჰოლთან და მიკ ჯაგერთან. მისი ლუქები გავლენიანი მედია გამოცემების “საუკეთესოდ შემოსილი ნიუ-იორკელების” სიებში ხვდებოდა. 1981 წელს, ვოგის რედაქტორმა, დაიანა ვრილანდმა, ნიუ-იორკის სტილის ვარსკვლავს საკუთარი ხაზის შექმნა ურჩია. ასე და ამგვარად, შეიქმნა ბრენდი Carolina Herrera, რომელიც დღემდე საკმაოდ წარმატებულია.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/081716-the-diary-carolina-herrera-lead-2000-897x1024.jpg)
Tommy Hilfiger
მოდაში წარმატების განმსაზღვრელად რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია დავასახელოთ, მათ შორისაა ესთეტიკა, სილუეტი, ლოგო, ან სიმბოლო, რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ბრენდის ამოსაცნობად სწრაფი მინიშნებაა. ტომი ჰილფიგერის თეთრი, წითელი და ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპინაციაა, რომელიც ასოცირდება ყველაფერ იმასთან, რასაც ხშირად ამერიკულ კულტურას ვუწოდებთ. ძალიან გასართობი, მარტივი, თუმცა საინტერესო, კომფორტული, ყოველდღიური, შთაგონებული R&B და რეპ მუსიკით – ტომი ჰილფიგერის ბრენდი ზუსტად გამოხატავს, როგორც ამერიკელი, აგრეთვე საერთაშორისო აუდიტორიის წარმოდგენას ამერიკულ სტილზე და მოდაზე. სწორედ ამან განაპირობა მისი წარმატებული კარიერა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
ტომი ჰილფიგერი სახელგანთქმულია საქველმოქმედო საქმიანობითაც. 2005 წელს, დიზაინერმა შექმნა ფონდი – The Tommy Hilfiger Corporate Foundation, რომლის მიზანი რისკის ქვეშ მყოფი ამერიკელი ახალგაზრდების დახმარებაა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/tommy-hilfiger-portrait-808x1024.jpg)
Tom Ford
ტომ ფორდი ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს რიგით მეთერთმეტე არჩეული თავმჯდომარეა. „35 წელია რაც ამ ინდუსტრიაში ვარ. მოღვაწეობა ნიუ-იორკში დავიწყე, მეშვიდე ავენიუმ კი ჩემი ბიზნეს ალღო გამაცნო, მან გარკვეულწილად თავისი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი ევროპაში ვიყავი, როგორც დიზაინერი თავს ყოველთვის ამ ქვეყანას ვუკავშივრებდი. ყოველთვის ამერიკული მიდგომა მქონდა. ამერიკულ მოდაში ყოველთვის არსებობდა ეს პრაქტიკულობა; ერთნაირად ვამაყობთ იმით, რაც იყიდება და იმით, რასაც ფოტოებზე აღბეჭდავენ. როდესაც 1990 წელს გუჩიში მივედი, იმის თქმა, რომ კომერციული იყავი ცილისწამების ტოლფასი იყო. მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდით, „ვინ ჩაიცვამს ამას?“ „რატომ სჭირდებათ ეს?“ „რა მიზანს ემსახურება?“
ფორდის ეს სიტყვები კარგად გამოხატავს ამერიკული მოდის იდეას, ის კრეატიული და სახალისოა, თუმცა ძალიან კომერციული და პრაქტიკული. ასეთია ფორდიც, რომელიც თანამედროვე მოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/CFDA_INSTAGRAM_1lm-1024x1024.jpg)
Marc Jacobs
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების დამსახურებით, გრანჟი იმ პერიოდში, როდესაც მარკ ჯეიკობსი თავის ბრწყინვალე კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა, უკვე არსებული კულტურის შემადგენელი ნაწილი იყო და გავლენას ახდენდა საზოგადოების ფორმირებაზე, მოდაში განსხვავებული აღქმა არსებობდა. მაშინ, მოდა რეალობისგან გაქცევას ცდილობდა, ის კონცენტრირებული იყო ფანტაზიაზე და არა სინამდვილეზე. ‘’გრანჟი საშინელებაა’’ -ამბობდა მოდის კრიტიკოსი, სუზი მენქესი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანჟს მოდაში ადვილად არ შეუღწევია, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, რომელშიც დიდი როლი ითამაშა მარკ ჯეიკობსის მიერ პერი ელისის ბრენდისთვის შექმნილმა 1993 წლის კოლექციამ.
ეს იყო კოლექცია, რომლის ჩვენების შემდეგ, მარკ ჯეიკობსი პერი ელისიდან გაუშვეს, ეს იყო შოუ, რომელმაც მარკ ჯეიკობსი ყველა დროის, ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ამერიკელ დიზაინერად შექმნა. ამ მხრივ, მარკის კარიერა ნამდვილად პრეცედენტულია, რადგან რთულია გავიხსენოთ სხვა დიზაინერი, რომლის კარიერული აღმავლობა ბრენდიდან სკანდალურად გაგდებამ განაპირობა.
დღევანდელი გადმოსახედიდან მარკ ჯეიკობსის 1993 წლის კოლექცია გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნამუშევარია, რომელიც ოდნავ ნაადრევი აღმოჩნდა მაშინდელი ინდუსტრიისთვის. კოლექციის მიმართ დამოკიდებულება მალევე შეიცვალა, მარკმა თავისი ბრენდი დააარსა, ხოლო 1997 წელს, ლუი ვიტონის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაც დაიკავა. ჯეიკობსი ლუი ვიტონს 15 წელი ხელმძღვანელობდა.
2019 წელს, CFDA-ს და MTV- ს თანამშრომლობით, მარკ ჯეიკობსი გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც მუსიკაში და პოპ-კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, VMA Awards – ზე ჯილდო მიიღო.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/marcjacobs_icone.jpg)
Rick Owens
როგორც უკვე ითქვა, მოდისადმი ამერიკული მიდგომა ხშირად ეფუძნება კომფორტს და პრაქტიკულობას, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს ელეგანტური, მდიდრული და გლამურული. ერთადერთი, რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკულ მოდასთან არ ასოცირდება, არის გოთური, ბნელი, მგრძნობიარე ესთეტიკა. ალბათ, სწორედ ამიტომ, რიკ ოუენსისთვის მოდაში პირველი ათწლეული წარმატებული არ აღმოჩნდა. მუქი მაისურები, კოლექციები გადაწყვეტილი მეტწილად შავ და ნაცრისფერ ტონალობებში, სახის ნიღბები, ასიმეტრიული ჭრები – ”ვის სურდა ასე ჩაცმა? ეს ხომ მზიანი ლოს ანჯელესი იყო?! ვარსკვლავური ლოს-ანჯელესი!” იხსენებს მოდის კრიტიკოსი, ქათი ჰორინი.
ამერიკაში რიკის ხედვას მხოლოდ პატარა ჯგუფი იზიარებდა. რეალური წარმატება კი, ევროპაში გადასვლის შემდეგ მოვიდა. სწორედ ევროპა და პარიზი გახდა ის ადგილი, სადაც რიკ ოუენსმა თავი დაიმკვიდრა, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა შემოქმედმა. ის იმ იშვიათ დიზაინერთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც საკუთარი პერსონის გარდაქმნა შექმნეს. ნიშური ბრენდიდან, რომლის შესახებ მხოლოდ გარკვეულმა წრეებმა იცოდნენ, რიკ ოუენსი მაღალი მოდის გლობალურ ფენომენად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელის ყველა ჩვენება განსაკუთრებული სიღრმის მატარებელია, რიკი მხოლოდ არტისტული მხარის განვითარებით არ დაკმაყოფილდა. 2013 წელს, ადიდასთან გახმაურებული კოლაბორაციით, ოუენსმა გამოუშვა გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტული ფეხსაცმელი, რომელმაც ბრენდის კომერციული ხედვა კიდევ უფრო სანდო და ძლიერი გახადა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/001-RickOwens-VogueInt-16Oct19-Credit_Danielle-Levitt-768x1024.jpg)
Thom Browne
რა შეიძლება ითქვას დიზაინერზე, რომელსაც შეუძლია რომანტიკული და გლამურული იერი სიკვდილსაც კი შესძინოს? თომ ბრაუნი კონცეპტუალური მოდის ლიდერია. მისი შემოქმედებითობა და ტანისამოსით ისტორიების თხრობის უნარი ხშირად იწვევს საზოგადოების აღტაცებას. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი კოლექციების დიდი ნაწილის ჩაცმა მოგვინდეს, თუ საკმარისად თამამები და ეპატაჟურები არ ვიქნებით, რადგან სიმარტივის, კომფორტის და პრაქტიკულობის იდეისგან ის საკმაოდ შორს დგას. თუმცა ბრაუნისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. “მთავარი საინტერესო სამყაროს შექმნაა; სამყაროსი, რომელიც იმ კლასიკურ ჟაკეტსაც საინტერესოდ აქცევს.” ამბობს დიზაინერი.
თომის ესთეტიკაში, უდიდესი როლი უჭირავს უნიფორმას. “ჩემთვის არის რაღაც ძალიან ძლიერი, უნიკალური და ინდივიდუალური უნიფორმებში. ვთვლი, რომ ის მართლა გამოხატავს თითოეული პიროვნების ინდივიდუალურობას. შემოგვხედეთ: ერთი და იგივე რამეები გვაცვია, მაგრამ ყველანი განსხვავებულად გამოვიყურებით, ჩვენი პიროვნულობა განსხვავდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან ძლიერი მესიჯია.”
აღსანიშნავია, რომ ივლისში, გამოქვეყნდა Lyst Index-ის 2021 წლის მეორე მეოთხედის შემაჯამებელი შედეგები. კაცებისთვის ყველაზე სასურველი პროდუქტების ათეულში პირველად მოხვდა ქვედაბოლო, რომელიც სწორედ თომ ბრაუნს ეკუთვნის. როგორც ჩანს, თომის ნაკეცებიანი კაბა იმ სამოსსა და აქსესუარებს შორისაა, რომლებიც კაცებს 2021 წელს განსაკუთრებით სურთ.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/original-thom-browne-portrait-43-jpg-8518ce38-1024x768.jpg)
Virgil Abloh
„ჩვენ დავინახეთ, რომ მაღალი მოდის სტანდარტები ზედმეტად მაღალია, ამიტომ უბრალოდ დავაიგნორეთ,“ ეს სიტყვები ამერიკული მოდის ახალი თაობის ვარსკვლავს, ვირჯილ აბლოს ეკუთვნის. ვირჯილი გასული ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ბრენდს, Off-White-ს, და მომენტის ყველაზე ძვირადღირებული მაღალი მოდის ბრენდის, Louis Vuitton-ის, მამაკაცის ხაზს შემოქმედებითად ხელმძღვანელობს.
ის პირველი შავკანიანი დიზაინერია, რომელიც მოდის უდიდეს კონგლომერატში, LVMH-ში შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. სპეციალობით ინჟინერი მოდის დიზაინში მიმდინარე დროის და ცვლილების ელჩად იქცა. არატრადიციული და წინააღმდეგობრივი მიდგომით, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით, ხალხის სურვილების და მოთხოვნილების შეცნობის უნარის საშუალებით მან ნიადაგის გარღვევა შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობის დიზაინერების კარიერის ხანგრძლივობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ ხშირად დგება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვირჯილი ნამდვილად არ იქნება ის, ვისი წარმატებაც გასულ ათწლეულში დაიწყო და დასრულდა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ცოტა ხნის წინ გავრცელებული სიახლე. LVMH კომპანია Off-White-ის (რომლის შემადგენლობაშია ამავე სახელწოდების ბრენდი) 60% წილის მფლობელი გახდა. კომპანიის 40% კვლავ დიზაინერ ვირჯილ აბლოს საკუთრებაში რჩება.
მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატი კომპანია Off-White-ში ახალი ბრენდების და მიმართულებების შექმნას და განვითარებას გეგმავს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა LVMH-ის წარმომადგენლები მკაფიოდ უსვამენ ხაზს, რომ ვირჯილი რჩება ბრენდ Off-White-ის და ლუი ვიტონის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2021/09/virgilabloh-cover-site-2000x1100-1-1024x563.jpg)