დავიწყოთ 1017 ALYX 9SM – ის განმარტებით;
- 1017 მიემართება მეთიუ უილიამსის დაბადების თარიღს, 17 ოქტომბერს.
- ALYX დიზაინერის ქალიშვილის სახელია.
- 9SM იმ სტუდიის მისამართს აღნიშნავს, სადაც ბრენდი დაფუძნდა (Saint Mark’s Place, New York City).
თავდაპირველად, ბრენდს მხოლოდ ALYX ეწოდებოდა. სახელი მოგვიანებით შეეცვალა, თუმცა შემოკლებით მას ისევ ალიქსად მოიხსენიებენ.

“ამბის თხრობა არის ის, რაც ჩემთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც საინტერესოა. კულისებს მიღმა დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი და ძალიან ბევრი გავიღე სხვა ადამიანებისთვის, დრო იყო რაღაც ძალიან პირადულის კეთება დამეწყო. მისთვის ჩემი ქალიშვილის სახელის დარქმევა ცხადყოფს მის მიმართ ჩემს პერსონალურ დამოკიდებულებას და ვალდებულების განცდას. უბრალოდ ბიზნესის კეთება არ მსურდა; მინდოდა ის ცხოვრებასთან დამეკავშირებინა. არ ვთვლი, რომ სამსახურის ცხოვრებისგან გამიჯვნა შეგიძლია – ეს ჩემი ცხოვრებაა.”
მეთიუ უილიამსი
სანამ მეთიუ ალიქსამდე მივიდოდა მისი პორტფოლიო არაერთი აღსანიშნავი კოლაბორაციით შეივსო. მან 2008 წელს მუსიკალურ ინდუსტრიაში კანიე უესტთან მუშაობით დაიწყო, მერე 2011 წლამდე ლედი გაგას კრეატიული დირექტორის როლი ჰქონდა მორგებული. გაგას შემდეგ ლონდონში ფოტოგრაფ ნიკ ნაითთან დაიწყო თანამშრომლობა. მისი მომდევნო ნაბიჯი ვირჯილ აბლოსთან და ჰერონ პრესტონთან ერთად Been Trill-ის ჩამოყალიბება იყო, 2015 წელს კი საკუთარი ბრენდი ალიქსი შექმნა. მომდევნო წელს ის LVMH Prize-ის ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა.
1017 ALYX 9SM თანამედროვეობის პროდუქტია. ის თავის ცენტრში აქცევს ახალგაზრდულ სცენას და აერთიანებს ფუფუნების სეგმენტზე გათვლილ ქუჩის სტილს, გრანჟს და მკაცრ სტილს, ასევე შთაგონებულია სკეიტ, პანკ და ურბანული სუბკულტურებით. მისი ესთეტიკა აგრესიულ ელეგანტურობას ეფუძნება და თითოეული ჩვენება დროული განაცხადია.
“ალიქსი ნამდვილად წარმოაჩენს თუ რას ნიშნავს დღეს ტანსაცმლის შექმნა.”
მეთიუ უილიამსი
ის ასევე გახდა ბრენდი, რომლის მიმართ ინტერესი რამდენიმე დღეა განსაკუთრებით გაიზარდა. მიზეზი მარტივი და ლოგიკურია – მისი დამფუძნებელი ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა.
ALYX გაზაფხული/ზაფხული 2019 © Vogue Runway
ALYX შემოდგომა/ზამთარი 2019 © Vogue Runway
ALYX გაზაფხული/ზაფხული 2020 © Vogue Runway