ხშირად გვსმენია კითხვა – არის თუ არა მოდა ხელოვნების ერთ-ერთი ფორმა. კომერციულმა და სამომხმარებლო ხასიათმა ამ ინდუსტრიას უფრო მეტად ბიზნესის სტატუსი მიანიჭა, ვიდრე ხელოვნების. თუმცა, თუ გადავხედავთ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ კოსტიუმებს, საკულტო დიზაინერების ნამუშევრებს, მოდის ჩვენებებს და ცნობილ კოლექციებს, დავრწმუნდებით, რომ მოდა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ უზარმაზარი ბიზნეს ინდუსტრია. საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნება, მითუმეტეს, თანამედროვე გაგებით, მრავალფეროვანია და შეუძლებელია მისი კონკრეტული კრიტერიუმებით განსაზღვრა. მოდა სწორედ შემოქმედებითი პროცესის მრავალგანზომილებიანი ფენომენის ნაწილია.

აღნიშნული მოსაზრების არგუმენტად,  მოდის სახელგანთქმული გამოფენები თვალსაჩინო მაგალითია. სხვადასხვა დროს, მსოფლიოს წამყვანმა მუზეუმებმა თუ სახელოვნებო სივრცეებმა, საკუთარი კარი საკულტო დიზაინერების ისტორიულ კოლექციებს გაუღეს და ექსპონატების სტატუსით გამოფინეს. სამუზეუმო სივრცეებში განთავსებულმა ამ უნიკალურმა ნამუშევრებმა  მოდის ისტორია აუდიტორიამდე იმაზე ახლოს მიიტანეს, ვიდრე ეს ჩვენებებზეა შესაძლებელი. 

Thierry Mugler: Couturissime

2019 წელს მონრეალის ხელოვნების მუზეუმში მუგლერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დიზაინერის საკულტო კოსტიუმები, რომლებიც 1973 წლიდან 2001 წლამდე შეიქმნა.

Christian Dior: Designer of Dreams 

2019 წლის 2 თებერვალს, Victoria & Albert Museum-ში გაიხსნა გამოფენა, სახელწოდებით Christian Dior: Designer of Dreams, რომელმაც წარმოდგენილი 500 ექპონატით, დიორის ისტორია ერთ ექსპოზიციაში გააერთიანა. ორიოლ ქალენის კურატორობით მოწყობილ შოუზე კრისტიან დიორის და მომდევნო ექვსი დიზაინერის შემოქმედება მომხიბლავი ფორმით იხილა დამთვალიერებელმა.

Balenciaga: Shaping Fashion

20017 წელს, Victoria & Albert Museum-ში ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის, ბალენსიაგას შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე კრისტობალ ბალენსიაგას 100-მდე საარქივო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებიც 50-60-იან წლებში შეიქმნა. აღნიშნული კოსტიუმებიდან, ბევრი ისეთი ნამუშევარი იყო, რომელიც საჯაროდ არასდროს გამოტანილა.

The Glamour and Romance of Oscar de la Renta

2016 წელს, ჰიუსტონის მუზეუმში ოსკარ დე ლა რენტას ნამუშევრები გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმები დიზაინერის პირადი კოლექციიდან, ასევე მისი ექსკლუზიური კლიენტებისათვის შექმნილი სამოსი და ნამუშევრები მუზეუმის არქივიდან. გამოფენა ოსკარ დე ლა რენტას ახლო მეგობრის – ანდრე ლიონ ტალის კურატორობით მოეწყო. ექსპოზიცია თემატურ კუთხეებად დაიყო, რომლებშიც განსხვავებული კულტურის შთაგონებით შექმნილი კოსტიუმები განთავსდა.

The Work of Issey Miyake

ისი მიაკი იაპონური მოდის ერთ-ერთ წამყვან დიზაინერად მიიჩნევა. 2016 წელს, ტოკიოში, NATIONAL ART CENTER-ში მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გამოფენამ სრული მასშტაბით აჩვენა უნიკალური ტექნიკა, ხედვა და ფილოსოფია, რომელსაც დიზაინერი კოსტიუმების შექმნისას იყენებდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები მისი კარიერის დასაწყისიდან – 1970 წლიდან გამოფენის გახსნის პერიოდამდე.

Alexander McQueen: Savage Beauty

2011 წელს, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მოდის სამყაროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა გახსნა. “ველური სილამაზე” იყო გამოფენა, რომელმაც ლეგენდარული დიზაინერის, ალექსანდრ მაკქუინის შემოქმედება ერთ სივრცეში გააერთიანა. გამოფენამ საერთო ჯამში, 6 საგამოფენო სივრცე დაიკავა, რომლის მიხედვითაც სრული ექსპოზიცია თემატურად დაიყო. გამოფენა მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ორი ლეგენდარული პროფესიონალის – ჰაროლდ კოდას და ენდრიუ ბოლტონის კურატორობით ჩატარდა. Alexander McQueen: Savage Beauty დაახლოებით 650,000 დამთვალიერებელმა იხილა.

Musée Yves Saint Laurent Paris

ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მუდმივ გამოფენასთან, რომელიც მაროკოში, ლეგენდარული დიზაინერის მუზეუმის სახელს ემთხვევა. მუდმივი ექსპოზიცია განთავსებულია პარიზში, მე-5 გამზირზე მდებარე Hôtel Particulier-ში, სადაც ივ სენ ლორანმა დაახლოებით 30 წელი გაატარა. 1974 წლიდან, 2002 წლამდე, დიზაინერი ამ სივრცეში თავის კოლექციებს ქმნიდა. ექსპოზიცია განსხვავდება დიზიანერების ტრადიციულ გამოფენებზე წარმოდგენილი ექსპონატებისაგან. ივ სენ ლორანის მუდმივი გამოფენა საკულტო კოსტიუმების გარდა, ძირითადად აერთიანებს ფოტოებს, მის სამუშაო ნივთებს, ჩანახატებს და სხვა პირად ნივთებს.

Azzedine Alaïa: Je Suis Couturier

აზადინ ალაია იყო დიზაინერი, რომელმაც იცოდა თუ როგორ გარდაექმნა ქსოვილი ხელოვნების ნიმუშად. 2018 წელს ლონდონის დიზაინის მუზეუმში მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მინიმალისტურ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 60 ნამუშევარი. გამოფენა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიგეგმა და მის ორგანიზებაში ალაიაც იყო ჩართული, ნამუშევრებიც თავად მან შეარჩია. სწორედ ამიტომ, Je Suis Couturier კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამოფენად იქცა.

Margiela / Galleria: 1989 – 2009

მარტინ მარჯიელა მოდის სამყაროსათვის ამოუხსნელი საიდუმლოა. უსახო დიზაინერი, რომელიც არასდროს იძლევა ინტერვიუს, არასდროს ჩნდება ფოტოგრაფების ობიექტივში და არ ესწრება არც ერთ საჯარო ღონისძიებას და ინტერნეტში მისი სულ რამდენიმე ფოტო მოიპოვება. სწორედ ამ ანონიმურობამ ის ერთგვარ მისტიკად აქცია. 2018 წელს, პარიზში, PALAIS GALLIERA-ში დიზაინერის კოსტიუმების გამოფენა გაიხსნა. დიზაინერის პირველმა რეტროსპექტივამ დამთვალიერებელს საშუალება მისცა, გაეცნო მარჯიელა ისე ახლოს, როგორც არასდროს.

Gabrielle Chanel: Manifeste de Mode

2020 წლის 1 ოქტომბერს, პარიზში, PALAIS GALLIERA-ში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა გაიხსნა. Gabrielle Chanel: Manifeste de Mode 350-მდე ექსპონატს აერთიანებს – მათ შორის არის შანელის დიზაინით შექმნილი სამოსი და აქსესუარები. ორგანიზატორების და მოდის პრესის შეფასებით, გამოფენა კოკო შანელის კარიერას და იმ კვალს, რომელიც მან მოდის ინდუსტრიაში დატოვა, სრული მასშტაბით აჩვენებს. Gabrielle Chanel: Manifeste de Mode კიდევ ერთი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი – ეს არის პირველი გამოფენა, რომელმაც PALAIS GALLIERA რენოვაციის შემდეგ, ახალი სტატუსით გახსნა. 2 წლიანი რენოვაციის და პროექტზე დახარჯული 10 მილიონი ევროს შემდეგ, PALAIS GALLIERA მოდის მუდმივი მუზეუმი იქნება.