შვეიცარიაში მდებარე კონგლომერატის, Richemont-ის აქციებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც დაკავშირებულია გუჩის და ივ სენ ლორანის მფლობელ კომპანიასთან. გავრცელებული ინფორმაციით, Kering დაინტერესებულია სამკაულების ცნობილი ბრენდის, Cartier-ის შეძენით, რომელსაც ახლა სწორედ Richemont ფლობს.
სანდო წყაროებზე დაყრდნობით, მოდის ცნობილი ონლაინ გამოცემები იუწყებიან, რომ პირველი ოფიციალური მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა და რიჩმონთმა ქერინგის შეთავაზება არ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ კვირას საღამოს, მოდაზე და ძვირადღირებულ ბრენდებზე ორიენტირებულმა ფრანგულმა მედია საშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებაში ჩართულები არ არიან მესამე პირები და შეთავაზება ფრანსუა პინომ (ქერინგის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი) პირდაპირ Richemont-ის აღმასრულებელ დირექტორს და უმსხვილეს მეწილეს, იოჰან რუპერტს გაუგზავნა. ეს კი მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად მოიაზრებს Cartier-ის შეძენას მოდის ერთ-ერთი უდიდესი კონგლომერატი – Kering.
François-Henri Pinault Johann Rupert
ქერინგის და რიჩმონთის შესაძლო გაერთიანებაზე, ან თანამშრომლობაზე, ჭორები ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. როგორც ვკითხულობთ, 2020 წლის ნოემბერში, იოჰან რუპერტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა სამკაულების ბრენდის გაყიდვას, თუმცა ახლა, ის მზად არის განიხილოს საკითხი, თუ ფრანგული კონგლომერატი რიჩმონთს მისაღებ პირობებს შესთავაზებს.
კომპანიების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.