ჩვენი მკითხველისთვის მოდის საკულტო ჟურნალში განვითარებული დრამატული ცვლილებების შესახებ ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა, 3 წლიანი ქაოსის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ახალი ვოგის“ ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა. შეიცვალა ბევრი რამ რაზეც კამათი არ წყდება, თუმცა ამ სტატიაში ყურადღება დაეთმობა ანა ვინტურის გაზრდილ ძალაუფლებას.

ანა ვინტური მოდის სამყაროში რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი ადამიანია, ამის შესახებ ყველამ იცის. გარდა იმისა, რომ ის ვოგის 4 ყველაზე დიდი გამოცემიდან ერთ-ერთის, ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორია, ანა 2000 წლიდან „ქონდე ნასტის“ შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობასაც იკავებს. „ქონდე ნასტი“ არის ამერიკული მედია-კომპანია, რომელიც გამოსცემს ისეთ ჟურნალებს, როგორებიცაა: Vogue, The New Yorker, GQ, Glamour, Architectural Digest, Vanity Fair, Pitchfork, Wired.

გამომდინარე იქიდან, რომ ანა არა მხოლოდ ვოგში, არამედ Condé Nast-შიც იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობას, მისი გავლენა ყოველთვის აღემატებოდა ჟურნალის სხვა გამოცემების მთავარი რედაქტორების ძალაუფლებას. მეტიც, ზოგჯერ შეიძლება გვეფიქრა, რომ წარმოუდგენელიც იყო ანა ვინტურის კიდევ უფრო გავლენიან ფიგურად ქცევა, თუმცა „ახალი ვოგის“ მოწყობამ საპირისპიროში დაგვარწმუნა.

ანას ძალაუფლების ზრდა დაიწყო, რა თქმა უნდა, Condé Nast-იდან. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ცნობილი გახდა, რომ მასმედიის ამ საერთაშორისოდ წარმატებულ კომპანიაში სპეციალურად ვინტურისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა – „ქონდე ნასტის“ სარედაქციო პოლიტიკასა და მასალების დირექტორი.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანა ვინტური Condé Nast-ის ყველა გლობალური ჟურნალის საგამომცემლო სამსახურის უფროსი გახდა.  აქვე უნდა ითქვას, რომ ანას ეს დაწინაურება, მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდს მოჰყვა – პანდემიის გამო, სხვა მედიაკომპანიების მსგავსად, Condé Nast დიდ ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა.

2020 წლის ბოლოს,  უკვე ვინტურის ხელმძღვანელობით, Condé Nast-მა გაავრცელა ახალი სტრატეგიის გეგმა, რომლის მთავარი მიზანი იყო Vogue -ის ერთიანი პოლიტიკის და სარედაქციო ღირებულებების სქემაში მოქცევა.

წლების განმავლობაში, ამერიკული ვოგი, ჟურნალის სხვა დიდ გამოცემებთან (იტალიური, ფრანგული და ბრიტანული) ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მოდის ერთიანი პოლიტიკის შექმნაში, გამომდინარე იქიდან, რომ ვოგის სხვა საერთაშორისო გამოცემები ხშირად მიჰყვებოდნენ დიდი ქვეყნების ხედვას. ზუსტად ისე, როგორც პატარა ბრენდები მიჰყვებიან გლობალური მოდის სახლების მიერ შემოთავაზებულ ტრენდებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 2020 წლამდე, Vogue -ის სხვა საერთაშორისო გამოცემების სარედაქციო პოლიტიკას ანა ვინტური განსაზღვრავდა.

მარტივად რომ ვთქვათ, Condé Nast-ის ახალი სტრატეგიის წარდგენამდე, Vogue -ის არცერთი გამოცემის მთავარი რედაქტორი არ ექვემდებარებოდა ანა ვინტურის ხედვას. 2020 წლიდან, როდესაც Condé Nast-ში ვინტური სპეციალურად თავისთვის შექმნილ თანამდებობაზე დაწინაურდა და ოფიციალურად მოხდა ვოგის ერთიან სარედაქციო სქემაში მოქცევა, ჟურნალის ყველა ქვეყნის გამოცემა დაექვემდებარა Condé Nast-ის გლობალური საგამომცემლო სამსახურის უფროსს – ანა ვინტურს.

რადიკალურმა ცვლილებამ ბუნებრივად გამოიწვია Vogue -ის სხვა გავლენიანი რედაქტორების თანამდებობიდან წასვლა. ერთ-ერთი პირველი ჩინური ვოგის ლეგენდარული მთავარი რედაქტორი ანჯელიკა ჩეუნგი იყო, რომელიც აზიაში ვოგის ყველაზე დიდ გამოცემას 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მხოლოდ 5 თვის ინტერვალში, თანამდებობა დატოვეს ესპანური, რუსული და გერმანული გამოცემების რედაქტორებმაც, თუმცა ყველას აინტერესებდა როგორ მოხდებოდა ვოგის 3 დიდი გამოცემის, იტალიურის, ბრიტანულის და პარიზის ერთიან სქემაში მოქცევა. მაშინ ანამ რეგიონალური დირექტორების დანიშვნის საკითხი წამოჭრა.

ასე და ამგვარად შეიქმნა ახალი თანამდებობა – ვოგის ევროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის დირექტორი. ამ პოზიციაზე ვინტურმა ბრიტანული ვოგის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული დააწინაურა.

ანა ვინტური ედვარდ ენინფულთან ერთად

ეს კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი იყო, რომლითაც ვინტურმა ვოგის ფრანგული და იტალიური გამოცემების რედაქტორები, ფაქტობრივად, ედვარდ ენინფულს დაუქვემდებარა. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ანასთან. სიახლის გავრცელების შემდეგ, არავის გაკვირვებია, რომ Vogue Paris -ის და Vogue Italia -ს მთავარმა რედაქტორებმა დაკავებული თანამდებობა დატოვეს. ემანუელ ალტის (პარიზის ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი) და ემანუელე ფარნეტის (იტალიური ვოგის ყოფილი მთავარი რედაქტორი) შემცვლელებად, ახლა უკვე ვროპული გამოცემების ზოგადი სარედაქციო კურსის დირექტორმა, ედვარდ ენინფულმა ეჟენი ტროშიუ და ფრანჩესკა რაგაცი წარადგინა. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის, რომ ზემოთხსენებულ 2 გამოცემაში მთავარი რედაქტორის თანამდებობას საერთოდ აღარ ვხვდებით – ეჟენი და ფრანჩესკა დაინიშნენ Vogue Paris -ის და Vogue Italia -ს სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელებად.

ვოგში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოდაში ყველას საკუთარი პოზიცია გააჩნია, თუმცა ერთი რამ ცხადია – ანა ვინტური, ახლა უკვე ოფიციალურად, Vogue-ის ერთპიროვნული ლიდერია.