Bottega Veneta-ში მეთიუ ბლაზის დებიუტი შესაძლოა იყოს მილანში 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო მოვლენა, თუმცა კვირეულის ორგანიზატორები ფსონებს მხოლოდ ერთ შოუზე არ დებენ.

22 – 28 თებერვალს, მილანში 57 ფიზიკური პრეზენტაცია გაიმართება, რაც უტოლდება პანდემიამდელ მაჩვენებელს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორონავირუსის შემდეგ, იტალიური მოდა პირველად უბრუნდება ფიზიკურ ფორმატს.

Bottega Veneta

ოფიციალურ კალენდარში ვხედავთ გუჩის. ექსპერიმენტული სეზონების შემდეგ, გუჩის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე ახალ კოლექციას კვლავ მშობლიური მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს. აღსანიშნავია არმანის და დიზელის გამოჩენაც.

ჯორჯო არმანიმ იანვარში დაგეგმილი მამაკაცის და ოტ-კუტიურ ჩვენებები გაუარესებული ეპიდ-ვითარების გამო გააუქმა. როგორც ახლა ხდება ცნობილი, არმანი ქალის ტანისამოსის ყოველდღიურ ხაზთან მიმართებით იგივეს არ გეგმავს და თებერვალში აუცილებლად გამართავს ახალი კოლექციის ჩვენებას.

რაც შეეხება დიზელს, აქაც ერთგვარი დებიუტის მომსწრე გავხდებით. ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის, გლენ მარტენსის პირველი კოლექცია უკვე ნანახი გვაქვს, თუმცა პანდემიის გამო, დღემდე ვერ მოხერხდა გლენის ხელმძღვანელობით დიზელის ფიზიკური შოუს გამართვა.

Diesel by Glen Martens

45 ფიზიკურ შოუს უმასპინძლებს პარიზის მოდის კვირეული, რომელიც 28 თებერვალს გაიხსნება და 8 მარტს დაიხურება. საფრანგეთის მოდის ფედერაციამ დაადასტურა, რომ კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: დიორი, ვალენტინო, ბალმანი, სენ ლორანი, ბალენსიაგა, რიკ ოუენსი, ჟივენში, შანელი, მიუ მიუ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ლუი ვიტონი, რომელიც ტრადიციულად ხურავს პარიზის მოდის კვირეულს, ამ სეზონზე ჩვენებას არა დასკვნით დღეს, არამედ 7 მარტს გამართავს. საინტერესო სიახლეს წარმოადგენს კალენდარში The Row-ს გამოჩენა. ამერიკული მინიმალისტური ბრენდი, რომელსაც მერი-ქეით და ეშლი ოლსენები ხელმძღვანელობენ, ნიუ-იორკის მაგივრად ახალ კოლექციას პარიზში აჩვენებს. შოუ 2 მარტს იგეგმება.

The Row

კვირელის ახალწვეულებშია Vtmnts, ვეტმანის ახალი ბრენდი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვეტმანის კრეატიულ დირექტორად გურამ გვასალია დასახელდა. საინტერესო და ემოციური იქნება Off-White-ის შოუც. ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდეგ, ბრენდი პირველად გამოჩნდება პარიზის მოდის კვირეულზე.