L’Oréal დათანხმდა, რომ კოსმეტიკური ფუნჯების შესაქმნელად ცხოველების ბეწვი არ გამოიყენოს. სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა და უკვე მოიცვა პრესის წამყვანი გამოცემები. მსოფლიოს უდიდესი კოსმეტიკური კომპანიის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეამცირებს ცხოველების მიმართ სისასტიკეს სილამაზის სახელით. ლორეალი, როგორც სხვა წამყვანი ბრენდები და კომპანიები, პოპულარული ფუნჯების საწარმოებლად, მეტწილად მაჩვის ბეწვს იყენებდა.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება ცხოველების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, PETA-თან აქტიური თანამშრომლობის შემდეგ იქნა მიღებული. მსოფლიოში უკვე 100-ზე მეტმა ცნობილმა სავაჭრო ცენტრმა და ბრენდმა აკრძალა მაჩვის ბეწვის გამოყენება ფუნჯების საწარმოებლად, მათ შორის არიან: Sephora, Nocibé, Nars, Morphe, Bleu Libellule, Procter & Gamble. 2020 წლის დეკემბერში, ასობით ბრენდმა მოაწერა ხელი წერილს, რომელიც ევროპის პარლამენტს გაეგზავნა, რათა მოხდეს კოსმეტიკური პროდუქტების ცხოველებზე დატესტვის აკრძალვის შენარჩუნება.