“მეტ გალას” მზარდი აუდიტორია და პოპულარობა ამ კულტურული მოვლენის არაპროგნოზირებადი და ხშირად პარადოქსული ხასიათით შეგვიძლია ავხსნათ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ერკვევით შერჩეულ თემაში, მოდაში გაბატონებულ ტრენდებში, დიზაინერებში, ვარსკვლავებსა, თუ მათ სტილისტებში – ეს არის ყოველწლიური კოსტიუმირებული შოუ, რომლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
როდესაც ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის Met Gala-ს თემა თანამედროვე ამერიკული მოდა იქნებოდა, ყველაფერი ბევრად მარტივად ჩანდა, ვიდრე თუნდაც 2018 წელს, როდესაც საერთაშორისო პრესა და მოდის მოყვარულები განვიხილავდით კემპის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში.
მიუხედავად ერთი შეხედვით ყველაზე პროგნოზირებადი და ადვილად განსამარტი თემისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელ Met Gala-ზე თითქმის არაფერი იყო ისე, როგორც წარმოვიდგენდით.

Gigi Hadid – Prada 
Kendall Jenner – Givenchy 
Lil Nas X – Versace 
Rihanna- Balenciaga 
Normani – Valentino 
Ella Emhoff – Stella McCartney 
Imaan – Versace 
Sienna Miller – Gucci 
Grimes – Iris van Herpen
რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, პანდემიით დაზარალებული ამერიკული მოდის მხარდასაჭერად დაგეგმილი 2021 წლის Met Gala-სგან ყველაზე დიდი სარგებელი ევროპელმა დიზაინერებმა მიიღეს, რაც შესამჩნევი იყო წითელი ხალიჩის დაწყებისთანავე და ახლა უკვე დასტურდება ციფრებითაც.

Cara Delevingne – Dior 
Yara Shahidi – Dior 
Hailey Bieber – Saint Laurent 
Kristen Stewart – Chanel 
Naomi Osaka – Louis Vuitton 
Carey Mulligan – Valentino 
Timothée Chalamet – Haider Ackermann 
Kim Kardashian – Balenciaga 
Emma Raducanu – Chanel
Balenciaga, Prada, Versace, Valentino, Givenchy – ამ ევროპულმა ბრენდებმა გავლენიანი ვარსკვლავების უმრავლესობა შემოსეს. მოდაში და მეტ გალაზე არსებული ყველა წესის, თუ ტრადიციის გათვალისწინებით, ეს არ უნდა ყოფილიყო საღამო, რომელსაც ტიმოთი შალამე ჰაიდერ აკერმანის, ხოლო რიანა დემნა გვასალიას ოტ კუტიურით დახურავდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი აპროგნოზირებადობა ხდის მეტ გალას, რომელიც ერთი შეხედვით არაფერია, გარდა წითელი ხალიჩისა, საინტერესოს.




