საერთაშორისო ბრენდების ფინანსური მონაცემების კვლევის და შეფასების რეიტინგმა, BrandZ-მა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Kantar-ის მიერ იქმნება, 30 ყველაზე ძვირადღირებული იტალიური ბრენდი დაასახელა. რეიტინგს, ზედიზედ მესამედ, Gucci ლიდერობს. პანდემიური კრიზისის და სირთულეებით დატვირთული წლის მიუხედავად, გუჩის ღირებულებამ 33.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც აღემატება ყველა სხვა იტალიური მწარმოებლის ფასს.

როგორც უახლესი მონაცემებით ირკვევა, კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, იტალიური ბრენდების ღირებულება 11%-ით გაიზარდა, რაც შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, კარგი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ 30 ყველაზე ცნობილი იტალიური მწარმოებლის მთლიანი ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს, 42% -ს ძვირფასი ტანისამოსის ბრენდები წარმოადგენენ. გუჩისთან ერთად, რეიტინგში დასახელდნენ შემდეგი მოდის სახლები: Armani, Prada, Bulgari, Salvatore Ferragamo, Bottega Veneta. აქვე, უნდა ითქვას, რომ ბოთეგა ვენეთამ დამაჯერებელი ზრდა აჩვენა. გასულ თვეებში, ბრენდის ღირებულება 54%-ით გაიზარდა, რაც დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარია.