2020 წლის ნოემბერში, ყველაზე პოპულარულ ჰიჯაბიან მოდელად წოდებულმა ჰალიმა ადენმა მოდის ინდუსტრიიდან სამუდამოდ წასვლის შესახებ განაცხადა. ინსტაგრამის მეშვეობით, მან გულშემატკივრებს განუმარტა, რომ მიზეზი ამ სფეროსთან თავისი რელიგიური შეხედულებებისა და რწმენის შეუთავსებლობა იყო. ადენმა აღნიშნა, რომ დაიღალა ხანგრძლივი კომპრომისით და სწორედ ამიტომ, კარიერის მიტოვება გადაწყვიტა. ამ განცხადებიდან ორი თვის შემდეგ, ყოფილი მოდელი BBC-სთან ინტერვიუს დასთანხმდა და მედიასთან დეტალურად პირველად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე.

“გარდა რწმენასთან და რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებული პრობლემებისა, აღმოჩნდა, რომ სხვა მუსლიმ გოგონებს ჩემი პროფესიის არჩევისაკენ ვუბიძგე და ლომის ხახაში ჩავაგდე. მათთვის შთამაგონებელ პერსონად ვიქეცი და თავადაც გადაწყვიტეს ჩემს გზას მიჰყოლოდნენ. ვხედავდი, რამხელა საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, სხვადასხვა წვეულებებზე, ხშირად ვამჩნევდი ჩემზე ბევრად პატარა მუსლიმ მოდელებს ჰიჯაბით, რომელთა გარშემოც მუდამ თავს იყრიდნენ მამაკაცები. ეს არ გამოიყურებოდა კარგად, რადგან გოგონები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მათზე და არასდროს ვტოვებდი ასეთ ფაქტებს უყურადღებოდ. “

როგორც ჰალიმამ ინტერვიუში თქვა, მოდიდან სამუდამოდ წასვლის გადაწყვეტილება COVID-19-ის გამო დაწესებული ლოქდაუნისას მიიღო – მაშინ, როცა საკუთარ ოჯახთან დიდი დროის გატარების და დაფიქრების საშუალება მიეცა.

“ლოქდაუნისას, სახლში, ოჯახთან ერთად ვიყავი, მთელს დღეს ვატარებდი დედასთან, რომელთან ურთიერთობის შესაძლებლობა გადაღებებისა და ჩვენებების დატვირთული რეჟიმის გამო თითქმის არ მქონდა. ამ პერიოდმა დამაფიქრა, ჩემს წინ ახალი პერსპექტივები გადაიშალა და ყველაფრის კარგად გააზრების საშუალება მომეცა. ახლა ამ პერიოდის ძალიან მადლობელი ვარ. კარიერაზე ზრუნვისას, მასზე ფიქრისას, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – არის ეს ის, რაც ბედნიერებას მომიტანს?”

გარდა სამოდელო კარიერისა, ჰალიმა ადენმა Unicef-ის კეთილი ნების ელჩის სტატუსიც მოიხსნა. როგორც აღმოჩნდა, არც ეს მომხდარა უმიზეზოდ, ან უბრალოდ საჯარო სივრციდან გაქრობის სურვილით – საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მისთვის კიდევ ერთი იმედგაცრუება აღმოჩნდა.

“მე უბრალოდ დამღალა NGO-ების სამყარომ. დავიღალე იმით, რომ ეს ორგანიზაციები საკუთარი მიზნებისათის გამუდმებით მიყენებდნენ მე და ჩემს “ლამაზ, გამამხნევებელ და იმედისმომცემ ისტორიას” – აღნიშნა ჰალიმა ადენმა.