ანა ვინტურს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს მისთვის ყველა დროის საუკეთესო ჩვენებაა. „ვენითი ფეარის“ მოდისა და სტილის განყოფილების ხელმძღვანელმა მაიკლ რობერტსმა ჩვენებაზე ყოფნის გამოცდილება ნარკოტიკების ძლიერ ზემოქმედებას შეადარა. ჟურნალისტ ალექსანდრ ფიურისთვის შოუ განსაკუთრებული გალიანოს უნარმა გახადა – მან არაფრისგან მაგია შექმნა.

„ჩვენება ძველ სალონურ პრეზენტაციას ჰგავდა. დიდებული ქმნილებები ღვთაებრივი, ძლიერი მაკიაჟით ამ მიტოვებულ სახლში დადიოდნენ, იხრებოდნენ და მტვერში მივიწყებულ სასიყვარულო წერილებს ეძებდნენ … ჯადოსნური იყო.“

ჯონ გალიანო
John Galliano Fall 1994 © Pinterest, Guy Marineau

1994 წელს ჯონს არაფერი გააჩნდა და მეგობრის ბინაში იატაკზე ეძინა. ყველა, ვინც ჯონს ამ ზღაპრული იდეის განხორციელებაში დაეხმარა – სუპერმოდელები, მაკიაჟის არტისტები, ფეხსაცმლის დიზაინერი მანოლო ბლანიკი და სხვები – ჯონს მუშაობას უფასოდ დასთანხმდნენ, რადგან მისი სჯეროდათ. გალიანოში ეჭვი არ ეპარებოდა ანა ვინტურსაც, რომელიც პირადად ზრუნავდა დიზაინერისთვის დამფინანსებლის პოვნაზე და ფინანსური კრიზისის მიუხედავად საშუალება არ მისცა კიდევ ერთხელ გაჩერებულიყო.

ანდრე ლეონ ტალის დახმარებით ჯონმა ჩვენებისთვის ადგილი მონახა. მათ São Schlumberger – ს შოუს მოსაწყობად თავისი სახლის დათმობა სთხოვეს. São – ს დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული ჰქონდა პარიზის მარცხენა სანაპიროზე მე-17 საუკუნეში აშენებული თავისი საკუთრება, სადაც სამოცდაათიან წლებში ლეგენდარულ წვეულებებს მართავდა. გალიანოსი მანაც ირწმუნა და 1994 წლის 5 მარტს Schlumberger – ის Hôtel Particulier – ში ვარსკვლავი ხელახლა დაიბადა.

John Galliano Fall 1994 © Guy Marineau

პატარა სივრციდან გამომდინარე, ჩვენებას სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრო. მათი მოსაწვევები ფლი მარკეტებზე ნაპოვნ დაჟანგულ გასაღებებს წარმოადგენდა. ატმოსფერო ძველი კუტიურ მოდის სახლების ჩვენებებისას ჰგავდა. ამ ინტიმურ გარემოში უფრო აზრიანი და ემოციური განწყობის შესაქმნელად, ფანჯრები ღია იყო, გარშემო ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლები იყო მიმობნეული, ძირს მოთავსებული ჭაღები ვარდის ფურცლებით იყო ამოვსებული, სივრცეში დაუსრულებელი საწოლები და ამობრუნებული სკამები ელაგა. როგორც ჯონი იხსენებს, სახლი მშრალი ყინულით გაავსეს, რათა მთელ ადგილს უკაცრიელი, პოეტური იერსახე ჰქონოდა, „როგორც სარა მუნის ფოტოს.“ სახლი გარედან იყო განათებული, რათა გათენების, მზის ამოსვლის განცდა შექმნილიყო.

გალიანოს მაშინდელი კრეტიული კონსულტანტის, ამანდა ჰარლეკის, თქმით, კოლექციას ნარატივად საფუძვლად უდევს „ორიენტალისტი კეკლუცი პრინცესა,“ რომელიც თავის შეყვარებულის დაბრუნებას ელოდება. გალიანოს ჩვენებებს სხვებისგან მათთვის დამახასიათებელი სიღრმე, თემები, პერსონაჟები და უხვი რეფერენსებიც გამოარჩევს.

კოლექცია მთლიანად შავ ფერში იყო შექმნილი – გარდა ორი ვარდისფერი ლუქისა, რომლებიც სუპერმოდელებმა კრისტი ტარლინგტონმა და ქეით მოსმა მოირგეს. უსახსრობის გამო ის არც სხვადასხვა ნაჭრების სიუხვითაც გამოირჩეოდა, მასში ერთი ქსოვილი – ატლასი დომინირებდა, რომელიც გალიანომ ორივე მხრიდან წარმოადგინა და ორი განსხვავებული ქსოვილის გამოყენების ილუზიაც შექმნა. სხვადასხვა საიუველირო მაღაზიებისგან ნასესხები სამკაულებით ლუქებს ბრწყინვალებაც შემატა. კიმონოს სილუეტები ორმოციანი წლების ევროპულ ‘თეილორინგთან’ გააერთიანა და გლამურის იდეას ხოტბა კიდევ ერთხელ შეასხა.

John Galliano Fall 1994 © Guy Marineau

ამ „მოდურმა მომენტმა“ გალიანოს კარიერა შექმნა – პრესა მისით დაინტერესდა, ბაიერებს ჯონის სამოსის შეძენა სურდათ, კლიენტებს მისი ჩაცმა და რაც მთავარია, სწორედ ამ ჩვენების შემდეგ აქციეს ჯონ ბალტმა და მარკ რაისმა ჯონ გალიანო სრულყოფილ კომპანიად, რომელსაც უკვე სათანადო სტუდიაც ჰქონდა (მათ ხელში კომპანიის 75% გადავიდა).

„უეცრად, პარიზში ჩემი პირველი ატელიე მქონდა და კუტიურის მომხმარებელი ეს გასაოცარი ქალბატონები შეკვეთებს ამ დიკენსური შენობიდან აკეთებდნენ!“

ჯონ გალიანო
John Galliano Fall 1994 © Guy Marineau

“Japonisme” კოლექციის წარგდენიდან ძალიან მალე, ჟივანშიში დასაქმებით ჯონ გალიანო გახდა პირველი ბრიტანელი დიზაინერი, რომელიც ფრანგული ოტ კუტიურ ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად დაინიშნა.

Tags :