10 წლის წინ, Margiela-ს მოდის სახლის მფლობელმა, რენცო როსომ ჯონ გალიანოს მეორე შანსი მისცა, როდესაც ბრენდის შემოქმედებით დირექტორად დანიშნა. მაშინ, მხოლოდ სამი წელი იყო გასული გლობალური სკანდალიდან, რომელმაც გალიანო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საძულველ დიზაინერად აქცია.

ჯონ გალიანო

შემთხვევა, რომელმაც მოდის სამყარო შეძრა და შემდეგ მთელი მსოფლიო მოიცვა 2011 წლის 24 თებერვალს პარიზის ერთ-ერთ კაფეში მოხდა. არაბული სამყაროს ინსტიტუტის გამოფენების ხელმძღვანელი, 35 წლის Geraldine Bloch და თავისი შეყვარებული, 41 წლის Philippe Virgitti კაფე La Perle – ს ტერასაზე ლუდს მიირთმევდნენ და საუბრობდნენ, როცა მათი მისამართით მთვრალმა მამაკაცმა უხეში სიტყვების სროლა დაიწყო. „თქვენი ხმა მაღიზიანებს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობთ. მე დიზაინერი ჯონ გალიანო ვარ!“ სანამ სიტუაცია უფრო გაუარესდებოდა, გალიანოს დაცვის წევრმა იგრძნო, რომ მალე ყველაფერი შესაძლოა ჩხუბში გადაზრდილიყო, რადგან დიზაინერი დანებებას არ აპირებდა, ჯერალდინს კი მისი წამოძახილები უფრო და უფრო ანრისხებდა. დაცვის წევრმა გალიანოს ადვოკატს დროულად დაურეკა და ტელეფონის მიწოდება ჯერალდინისთვის დააპირა, რათა მისი დამშვიდება შეძლებოდა. ჯერალდინმა ადვოკატთან ლაპარაკზე უარი განაცხდა, რის შემდეგაც დაცვის წევრმა სხვა მაგიდასთან გადაჯდომა შესთავაზა. ვიდრე ქალი ასე მოიქცეოდა, ვითარება უკიდურესად სწორედ მაშინ დაიძაბა. გალიანო მას თმაში სწვდა და ყვირილი დაიწყო: „ბინძური ებრაული სახე, შენ მკვდარი უნდა იყო.“ და როცა ჯერალდინი ტკივილისგან ყვიროდა, ის აგრძელებდა: „მოკეტე, ბინძურო ძუნკავ. არ შემიძლია შენი ბინძური მეძავი ხმის ატანა.“

ჯონ გალიანო

მიუხედავად იმისა, რომ ჯონის ქცევის შესახებ სიახლემ ყველა დაადუმა და შეაშფოთა, საქმე მოდის გენიას ეხებოდა, რომლის გადარჩენაც ინდუსტრიამ რა თქმა უნდა სცადა. Dior-ის მოდის სახლი და მისი მფლობელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო ყველა შესაძლო გზით ცდილობდა გალიანოსა და ბრენდის რეპუტაციის გადარჩენას. როგორც გალიანომ მოგვიანებით გაამხილა, ბერნარი მას პირადად სამჯერ შეხვდა და სთხოვა რომ დახმარების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა უშედეგოდ.

ჯონ გალიანო და კიმ კარდაშიანი 2024 წლის Met Gala-ზე

სიტუაცია უარესად მას შემდეგ დამძიმდა, რაც The Sun – მა თავის ვებ-საიტზე გამოაქვეყნა ვიდეო. კადრები გადაღებული იყო რამდენიმე თვით ადრე, იმავე კაფეში, სადაც ეს ინციდენტი მოხდა. ჩანაწერში დიზაინერი იქ მყოფებსაც ანტისემიტური ფრაზებით აყენებს შეუაცხყოფას და თამამად ამბობს: „მე მიყვარს ჰიტლერი.“ აღსანიშნავია ისიც, რომ გალიანოს არცერთი ადრესატი ებრაელი არ ყოფილა. ამ კადრების შემდეგ, Dior-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრენდი დიზაინერ ჯონ გალიანოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

ჯონ გალიანოს პირველი კოლექცია Margiela-ს მოდის სახლისთვის

გავრცელებული სიახლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებული გალიანო, რომელსაც საკუთარ თავსა და ქცევაზე კონტროლი ჰქონდა დაკარგული, სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს. მაშინ არავის სჯეროდა, რომ ჯონს მოდაში მომავალი კვლავ ექნებოდა, თუმცა როგორც დასაწყისში ითქვა, 2014 წელს რენცო როსომ გალიანოს მეორე შანსი მისცა, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯონმა მაქსიმალურად სწორად გამოიყენა.

Margiela-ს 2024 წლის ზაფხულის კოლექცია ჯონ გალიანოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით

გალიანოს ხელმძღვანელობით, Margiela-ს მოდის სახლის არა მხოლოდ გაყიდვები, არამედ ცნობადობაც გაიზარდა. 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის თეატრალური შოუ, რომელიც ჯონმა იანვარში, პარიზის ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის ფარგლებში გამართა, წლის და დეკადის ყველაზე დასამახსოვრებელ მოდურ მომენტად იქცა. კოლექცია ვირუსულად მოედო ინტერნეტს და ხალხი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა გალიანოს გენიაზე. 2024 წლის მაისში, გალიანო იქცა “მეტ გალას” ვარსკვლავ დიზაინერადაც, როდესაც წითელ ხალიჩაზე ყველაზე ბევრი გახმაურებული კოსტიუმი სწორედ ჯონის შექმნილი იყო. საბოლოოდ, ეს მართლაც ჯონის წელიწადი იყო, ტრიუმფალური მეათე წელი Margiela-ს მოდის სახლში და ღირსეული დასასრული მისი კარიერის კიდევ ერთი თავის.

ზენდეია 2024 წლის Met Gala-ზე ჯონ გალიანოს კოსტიუმში

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად შეიძლება ვიხილოთ ბრიტანელი დიზაინერი მომავალში – განაახლებს/დაიბრუნებს საკუთარ ბრენდს, თუ კვლავ რომელიმე მემკვიდრეობითი მოდის სახლის შემოქმედებით დირექტორად მოგვევლინება.