მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ბრენდების გარკვეულმა ნაწილმა კოლექციების ცოცხალი აუდიტორიისთვის წარდგენა დაიწყო, მაგრამ ციფრული პრეზენტაციები კვლავ თამაშში რჩება და ასეა პრადასთვისაც. იტალიური მოდის სახლისთვის რაფ სიმონსმა და მიუჩია პრადამ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექცია ექვს წუთიანი ფილმის სახით შემოგვთავაზეს.

ვიდეოს დასაწყისში მოდელები პრადას ახალი კოლექციით დახურულ სივრცეში, Fondazione Prada-ში მოწყობილ წითელ გვირაბში ჩნდებიან, შემდეგ კი ღია სივრცეში, სარდინიას სანაპიროზე ინაცვლებენ. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩვენებისთვის, რომელსაც დიზაინერებმა “გრძნობების საჭიროება” უწოდეს.

ის, რაც ვიდეოში ვიხილეთ ერთგვარ გაქცევას, თავის დაღწევას ჰგავს, გარე სამყაროსთან კავშირის დამყარების სურვილს. 

“არ გვინდოდა, რომ შოუ რთულად აღსაქმელი ყოფილიყო – ამბავი წმინდა, პირდაპირია,” – განაცხადა რაფმა. “ის შიგნიდან გარეთ გადანაცვლებას შეეხება. შეზღუდვების შემდეგ უსასრულობის, უსაზღვრო ჰორიზონტის არსებობის განცდის ძალა გვიპყრობს და თავისუფლების გრძნობა კვლავ ჩნდება. ასეთია ადამიანის ბუნება. როგორ შეიძლებოდა ამ ორი მომენტის, ორი გარემოს ერთმანეთთან შეთავსება? ეს მოდის ინდუსტრიის სისტემაში კონტრასტია – პოდიუმი და ბუნება.”

Prada SS 2022 Menswear © WWD

კოლექციის იდეა ყოველდღიური ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნების წარმოჩენაა. “საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი შეიძლება ეიფორიული გამოცდილება იყოს,” – ამბობს მიუჩია. “რაღაც ძალიან მარტივს შეიძლება დიდი სიხარული მოჰყვეს: როცა დრო რთულია, ჩვენ მარტივ, პირდაპირ სიხარულს დავეძებთ. უბრალოებას.” ის ასევე ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მსოფლიო ზედმეტად რთულად არის მოწყობილი, მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლის არსის შენარჩუნება შევძლოთ და თუ წინა პრეზენტაციები ტექნოლოგიების მნიშვნელობას შეეხებოდა, ამჯერად პრადა უშუალოდ ადამიანზე კონცენტრირდა. “ეს წარმოდგენა ბევრად უფრო პირდაპირია,” – აღნიშნა მან.

SS 2022 სეზონზე პრადას კაცს, რომელიც “სიხარულის გვირაბიდან” “ნორმალურობის უტოპიაში” ინაცვლებს, უკიდურესად მოკლე შორტები აცვია, მას დახურულ ფეხსაცმელს და მაღალ წინდებს უხამებს, თავზე bucket ქუდი ახურავს, რომლის უკანა მხარეს ბრენდის სამკუთხა ლოგოს ფორმის საფულეა განთავსებული და ზევიდან სათვალესაც იკეთებს. ის მოკლე კომბინიზონს იცვამს, თბილი სეზონისთვის ქურთუკებს, ჰუდებს და ნაქსოვ ჟილეტებსაც ირჩევს, პრადას რეტრო პრინტებზეც არ ამბობს უარს და თამამად ირგებს შორტისა და ქვედაბოლოს ერთგვარ ჰიბრიდს. როგორც იტალიელი მოდის ჟურნალისტი ანჯელო ფლაკავენტო წერს, “პრადას მამაკაცი, რომელიც სექსუალური გამოღვიძების პროცესში ყოველთვის ბიჭი იყო, უსქესო ბავშვად გარდაქმნას რისკავს.”

Prada გაზაფხული/ზაფხული 2022 – მამაკაცის კოლექცია