1992 წელს Central Saint Martin-ში ლი მაკქუინს დამამთავრებელი კოლექცია გამოჰქონდა. ჩვენებას იზაბელა ბლოუც ესწრებოდა, ქალი რომელიც სტუდენტის შემოქმედებით იმდენად მოიხიბლა, რომ კოლექციის სრულად შეძენა გადაწყვიტა. იზაბელამ ჩათვალა, რომ ეს კოლექცია, რომლის შესაქმნელადაც მაკქუინმა საკუთარი თმაც გამოიყენა, ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც კი ოდესმე ენახა. თუმცა სტუდენტთან შეხვედრას ვერ ახერხებდა, ამიტომ მასთან რეკვა დაიწყო, დღეში ექვსჯერ თუ რვაჯერ. მას მაკქუინის დედა პასუხობდა, რომელსაც იზაბელა შეშლილი ეგონა, რადგან თავისი შვილის სამოსი სურდა. მაგრამ ის არ ნებდებოდა, საბოლოოდ მაინც შეხვდა დამწყებ დიზაინერს, რომელსაც ფული სჭირდებოდა და მისი კოლექცია მთლიანად შეიძინა 5000 ფუნტად. იმ მომენტიდან იზაბელა ახალგაზრდა ტალანტის მხარდამჭერი, მოგვიანებით კი შემოქმედებითი პარტნიორი, მეგობარი და მუზა გახდა.

Alexander McQueen and Isabella Blow, photographed by David LaChapelle in 1997


იზაბელა, რომელიც მოდის გავლენიან წრეებში ტრიალებდა, დაეხმარა მაკქუინს შეექმნა საკუთარი ბრენდი, მანვე ურჩია მისთვის “ლი მაკქუინის” ნაცვლად “ალექსანდრ მაკქუინი” დაერქმია. მისივე ძალისხმევით 27 წლის ლი მაკქუინი ჟივანშის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. ლის ბლოუ მოდის სახლის მუზად უნდა გამოეცხადებინა და მისთვის ხელფასი დაენიშნათ, მაგრამ ეს არ მომხდარა. ყველაზე დიდი მხარდამჭერი თავის ახალ გუნდში არ წაიყვანა. ამან იზაბელა გულნატკენი დატოვა და მათ ურთიერთობაში ბზარიც გააჩინა. 


“მან ლის ყველაფერი მისცა,” – ამბობს დიზაინერი ჯულიენ მაკდონალდი. “მთელი თავისი ფული, დრო, მთელი ენერგია. მან ის ყველას წარუდგინა. მერე კი, როდესაც [ლი] ჟივანშიში წავიდა და ფული იშოვა, ზურგი აქცია. მილიონები ჰქონდა, ხოლო [იზაბელა] უკაპიკოდ იყო დარჩენილი, მან კი არაფერი მისცა. უბრალოდ კარი მიუხურა.”

© Desmond O’Neill Features

ყველაფრის მიუხედავად მათი ურთიერთობა გაგრძელდა. ისინი რთული პიროვნებები იყვნენ. დეპრესია მათ ცხოვრებას მუდამ თან სდევდა. ამასთან ორივე კრეატიული პიროვნება იყო, შემოქმედება კი ორივეს თავიანთი დრამატული ცხოვრების გაგრძელებისაკენ უბიძგებდა. 
2005 წელს, ლონდონში, იზაბელა საკუთარი ტუჩსაცხის პრეზენტაციაზე ლისთან ერთად ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ერთ-ერთ მათგანს განუცხადა: 


“თუ ის თავის ჩვენებებზე ჩემს რაღაც იდეებს წარადგენს მე არ მიხდიან, ის კი ამას აკეთებს.” 


მაკქუინს ამაზე ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა. 


შემდეგ იზაბელამ თავის მეგობარს შეკითხვით მიმართა: 


“გახსოვს ძველი კარგი დღეები?” და გამოიყენა ყველაზე მახვილი მეტაფორა, რომლის გამოყენებაც უშვილო, გულგატეხილ მეგობარს შეეძლო: “შენ მე დამაორსულე.” ლიმ კი უპასუხა: 


“მაშინ სამყარო სხვანაირი იყო, იზი.” 

2005


იზაბელას ქმარი, დეთმარ ბლოუ, აღნიშნავს:


“ჯერ ფულმა შეცვალა [მაკქუინი], მერე კი ნარკოტიკებმა. მახსოვს ვკითხულობდი თუ როგორ ჩააფრინა თავისი შეყვარებული სადღაც 130000 ევროდ. იზი რას იღებდა მისგან? რაღაც ტანსაცმელს. ამას საკმაოდ შოკისმომგვრელად მივიჩნევ.”


დიზაინერს და მუზას კიდევ ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ორივემ თავისი ნებით შეწყვიტა ცხოვრება. პირველად ეს ნაბიჯი 2007 წელს იზაბელამ გადადგა, 3 წლის შემდეგ კი ლიმ დაასრულა სუიციდით სიცოცხლე.

იზაბელა ბლოუს დაკრძალვაზე მიმავალი ალექსანდრ მაკქუინი, 2007 წელი.


ივნისში მაკქუინის შესახებ გადაღებული ფილმი გამოვიდა, რომელიც მანამდე მოდის ინსაიდერებმა იხილეს და მასთან დაკავშირებით თავიანთი აზრიც გამოთქვეს. ყველა ხაზს უსვამდა ფილმის განსაკუთრებულ სიმძაფრეს. კრიტიკოსი სუზი მენქსისთვის ლის და იზაბელას ურთიერთობის ეკრანზე ხილვა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა და აღნიშნა:


“იზაბელა ბლოუს, რომელიც დიზაინერის მენტორი და მთავარი მხარდამჭერი იყო სანამ განზე გაწევდნენ, მნიშვნელოვანი როლი აქვს. ამ ურთიერთობის ეკრანზე ყურებისას ამ ფილმის პარალელურ სამყაროში ცხოვრების დისკომფორტის შეგრძნება გამიჩნდა. როდესაც დეთმარ ბლოუ, იზის ქმარი, მაკქუინთან თავისი ცოლის ურთიერთობაზე საუბრობს, მხოლოდ იზის მტკივნეულ მეილებზე ვფიქრობ, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე აქვს ჩემთვის გამოგზავნილი, სანამ თავს მოიკლავდა და იმ ღალატზე, რომელსაც გრძნობდა დიზაინერისგან, რომელიც მან აღზარდა.”