ლონდონში, მილანში და პარიზში პირველი ციფრული მოდის კვირეულების მოახლოებასთან ერთად, პრესაში აქტიურად განიხილავენ კოლექციების ონლაინ წარდგენის შედეგებს. WWD – ს მთავარი რედაქტორი, მაილს სოჩა ინდუსტრიის გავლენიან აღმასრულებელ დირექტორებს ესაუბრა და მათგან მოისმინა პასუხები კითხვაზე, რომელსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად სვამენ:
არის თუ არა ციფრული მოდის კვირეული ახალი ერა, რომელიც ჩვენებების ტრადიციული წარდგენის მოდელს დაასრულებს?
WWD – სთან კოლექციების წარდგენის მომავალი განიხილეს: კომ დე გაღსონის დამფუძნებელმა რეი კავაკუბომ, შანელის, ვეტმანის, LVMH – ის (კომპანია, რომელიც ფლობს: დიორს, ჟივანშის, სელინს, ლუი ვიტონს) გენერალურმა დირექტორებმა, ბრუნო პავლოვსკიმ, გურამ გვასალიამ, რიკარდო ბელინიმ და სიდნი ტოლედანომ, ასევე იტალიის მოდის პალატის პრეზიდენტმა, კარლო კაპასამ.
რეი კავაკუბომ Comme Des Garcons – ის ისტორიას საფუძველი ნახევარი საუკუნის წინ ჩაუყარა. გასული 50 წლის განმავლობაში, ლეგენდარულმა იაპონელმა ძალიან ბევრჯერ გამოიწვია ევროპული მოდის სტანდარტები და სისტემა. ის Anti fashion-ის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ კომ დე გაღსონი სიახლეებთან ყოველთვის კარგად ადაპტირდებოდა, კავაკუბო თვლის, რომ ჩვენებების ტრადიციული წარდგენის მოდელს უკეთესი ანალოგი არ აქვს.
„მე არ მგონია, რომ ჩემი შემოქმედების წარდგენის უკეთესი გზა არსებობს, ვიდრე ნამდვილი ადამიანები, რომლებსაც ის აცვიათ ნამდვილ მაყურებელთან ერთად. ზოგჯერ სხვა ინგრედიენტებიც საჭიროა : მუსიკა, განათება, სივრცე, ვარცხნილობა“. – რეი კავაკუბო.
Anti fashion-იდან თუ ტრადიციულ ევროპულ მოდაში გადმოვინაცვლებთ, მოდის ყველაზე მსხვილი კონგლომერატის, LVMH – ის სიდნი ტოლედანო ამბობს, რომ ფიზიკური ჩვენებები თეატრის და ოპერის მსგავსია, შეგვიძლია ეკრანზეც ვუყუროთ, მაგრამ იგივე ემოციას ვერ მივიღებთ, რასაც ცოცხლად ნახვის დროს განვიცდით.
„ყველას სძულს ჩვენებების, კონცერტების, ან ინტერვიუების თანხმლები წნეხი, მაგრამ ეს ენერგიის მომტანია. მოდა ზეიმია და შოუები დიდი მომენტია. შანელში კარლ ლაგერფელდის წარმატებას ხელი შოუებმა შეუწყო. ჩვენი დიზაინერების უმრავლესობა სექტემბრის ჩვენებებისთვის ემზადება“. – სიდნი ტოლედანო.
შანელის ჩვენებებზე შექმნილი ფანტასტიკური გარემო მართლაც მოდის კვირეულების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომლის ხილვას ყოველ სეზონზე მილიონობით ადამიანი ელის. ბრუნო პავლოვსკიმ, რომელიც შანელის ცენტრალურ ფიგურად გვევლინება, გამოცემას განუცხადა:
„მოდური ჩვენება კვლავ რჩება ტანსაცმლის წარდგენის საუკეთესო გზად. ამ მომენტისთვის ჩვენი უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, არც გვიძებნია, რადგან ჩვენ მოგვწონს ჩვენებების გამართვა. მართლა გვსურს ჩვენებების 3-D სათვალეებით ყურება? მე ასე არ ვფიქრობ“.
გასული წლის დეკემბერში, შანელში დააანონსეს, რომ 2016 წლის შემდეგ, პირველად, ბრენდი Resort კოლექციის ჩვენებას საფრანგეთში არ გამართავდა. წამყვანი ფრანგული ბრენდის ჩვენება 7 მაისს იტალიაში, კაპრიზე უნდა გამართულიყო, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბრენდმა ჩვენების გაუქმების და კოლექციის კატალოგის სახით წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ შანელის ახალი რესორთ 2021 კოლექცია – Vogue.com (Chanel Resort 2021)
გუჩის გახმაურებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სეზონების გაუქმებას და 2 ძირითად კოლექციაზე კონცენტირებას გულისხმობს, საუბარი არ წყდება იტალიურ მოდაშიც, რომელიც ინდუსტრიის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.
8 ივნისს, იტალიის მოდის პალატამ, ოფიციალურ კალენდარში, დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას დაბრუნება დააანონსა. გავლენიანი დუეტი კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ, პირველ ჩვენებას 15 ივლისს მილანში გამართავს. როგორც ირკვევა, დოლჩე და გაბანა 200 სტუმრის მიწვევას და 100 მოდელის აყვანას გეგმავენ, რაც ნიშნავს ტრადიციულ ჩვენებას საკმაოდ ბევრი მონაწილით და სტუმრით. იტალიურ მოდაში ფიქრობენ, რომ პირველი ციფრული მოდის კვირეული შექმნილ რთულ ვითარებაში კარგი გამოსავალი იყო, თუმცა აღნიშნული არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ტრადიციულ ჩვენებებზე უარის თქმა.
ინდუსტრიის შედარებით ახალგაზრდა გავლენიანი მოთამაშე, გურამ გვასალია, რომელიც ახლა ვეტმანს თავისი ძმისგან, დემნა გვასალიასგან დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფიგურაა, როდესაც საქმე მაღალი მოდის ინდუსტრიის სისტემის, ჩვენებების, ბიზნესის ხელახალ მოწყობას და ცვლილებებს ეხება. გასულ ათწლეულში, გურამი ტრადიციული ბიზნეს მოდელის, Pre, Resort, Cruise, Holiday კოლექციების და მოდის კვირეულების კალენდარის ყველაზე აქტიური და ხმამაღალი კრიტიკოსი იყო.
„ჟურნალისტების, მყიდველების და მოდის სხვა მსხვერპლების ხმაში ნოსტალგია იგრძნობა. ცოცხლად წარმოდგენილი მოდური ჩვენება ემოციას ქმნის და მნიშვნელოვანია არა მარტო საბოლოო მომხმარებლისთვის, არამედ მთლიანად ინდუსტრიისთვის. ადამიანური ბუნებისთვის ცოცხალი გამოცდილება შეუცვლელია. ჩვენ საარსებოდ ერთმანეთი გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ინდუსტრია ერთ უფუნქციო ოჯახად გვეჩვენება, ჩვენ მაინც ერთი დიდი, გიჟი ოჯახი ვართ“. – გურამ გვასალია.
3 წლის წინ, მან გააუქმა Pre-Fall კოლექციები, გააერთიანა ქალის და მამაკაცის ჩვენებები, უარი თქვა სექტემბერში და მარტში ჩვენებების წარდგენაზე, რამდენჯერმე დატოვა კვირეულების ოფიციალური კალენდარი და საბოლოოდ, შეჩერდა წელიწადში 2 შოუზე, რომლებსაც იანვარში და ივნისში მართავს.
„ყველა ეს ნაბიჯი ბრენდებისთვის პოსტ-ვირუსის წლებისგან გადასარჩენად აუცილებელი გახდება. ამ ვირუსმა შესაძლოა ინდუსტრიაზე კარგი გავლენა იქონიოს. შედეგებს უკვე ვხედავთ, შემდგარი ბრენდები ჩვენს დამტკიცებულ სტრატეგიას ასრულებენ“. – გურამ გვასალია.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდური ჩვენებები ისეთი სახით, როგორიც თანამედროვე მსოფლიოს წარმოუდგენია, არ სრულდება. გავლენიან ბრენდებში ეძებენ გზებს, როგორ გახდნენ უფრო ციფრულები, თუმცა ჩვენებების ცოცხლად წარდგენის მნიშვნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ. მოდას, როგორც ხელოვნების სხვა დარგებს, სჭირდება შემოქმედები, რომლებიც პროდუქტთან ერთად ქმნიან ემოციას, ენერგიას და დაუვიწყარ ცოცხალ გამოცდილებას.