DIOR მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდია. ტანისამოსთან ერთად, დიდი ისტორია აქვს მისი სუნამოების ხაზს. როდესაც მოდის სახლის საკულტო სუნამოზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, MISS DIOR გვახსენდება – ფემინურობის სიმბოლო, რომელმაც ჯერ კიდევ 1947 წელს, ყვავილოვან არომატთან ერთად, ქალებს პოეზიის, ჰარმონიისა და ბედნიერების სურნელი შესთავაზა.
დიორის მოდის სახლმა, 2021 წელს კიდევ ერთხელ გააცოცხლა ლეგენდად ქცეული სუნამო და ქალებს ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM შესთავაზა. სუნამოს სახე კი, რაღა თქმა უნდა, კვლავაც ნატალი პორტმანია. 2010 წლიდან, დიორის მოდის სახლი, მასთან ერთად აგრძელებს რომანტიკული სუნამოს ისტორიას.
სუნამოს პრეზენტაცია, რომელიც მაღალი მოდისა და სიყვარულის არომატად მიიჩნევა, სულ ცოტა ხნის წინ Tbilisi Hills Golf & Residence-ში გაიმართა. საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, სილამაზისა და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე პროფესიონალებს DIOR-ის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაზე მისული სტუმრები აღმოჩნდნენ გარემოში, რომელმაც სუნამოს ესთეტიკა და კონცეფცია ზუსტად გამოხატა – ყვავილოვანი, რომანტიკული გარემო და საზეიმო განწყობა: ასეთი იყო MISS DIOR-ის პრეზენტაცია.
ახალი MISS DIOR EAU DE PARFUM აერთიანებს ხავერდოვან და მგრძნობიარე ემოციებს. სუნამოში გაერთიანებულია ნაზი ვარდების არომატი, შროშანების მაცოცხლებელი სურნელი და მძაფრი პიონების შთაგონება, რომელიც ხავერდოვანი ირისის არომატით გვირგვინდება.
იშვიათი ყვავილების სურნელით გაჯერებული MISS DIOR -ის საიდუმლო, რაც მას ასე განსაკუთრებულს ხდის, გრასის ვარდის არომატია – ყვავილი, რომელიც უნიკალურობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის სურნელი, რომელიც ბუნების სილამაზესთან და მის ჰარმონიასთან გვაახლოებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, MISS DIOR -ის შესახებ შეგვიძლია ერთი რამ დანამდვილებით ვთქვათ – ეს არის სუნამო, რომელიც ბუნების ყვავილოვან არომატებს მაღალი მოდის ტენდენციებთან აერთიანებს და ქალებს თავდაჯერებულობას მატებს.