Georgian Fashion Foundation ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ინიციატორი სოფო ჭყონია ავრცელებს.

ქართული მოდის ფონდი ორი წლის წინ, პანდემიის ნეგატიური გავლენის საპასუხოდ, Factory Tbilisi-ის თაოსნობითა და თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულთან კოლაბორაციით შეიქმნა და მიზნად ქართული მოდისა და სხვა შემოქმედებითი სფეროების წარმომადგენლების როგორც ბიზნეს, ისე ფინანსური დახმარების გაწევა დაისახა.

GFF-ის საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობაში ინდუსტრიის არაერთ გავლენიან ფიგურას ვხვდებოდით, მათ შორის: დიზაინერ დევიდ კომას, CFDA-ს მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელ სტივენ კოლბს, British Vogue-ს ყოფილ რედაქტორ ალექსანდრა შულმანს, Vogue Italia-ს დამხმარე რედაქტორსა და Vogue Talents-ის ხელმძღვანელ სარა მაინოს, Polimoda-ს დირექტორ დანილო ვენტურის და ა.შ. ფონდმა მოდაში დასაქმებული ტალანტების დასახმარებლად დააწესა სპეციალური პრიზიც – GFF Prize. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ ფინანსური და PR მხარდაჭერა.