გასული წლის ნოემბერში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული პირველად ჩატარდა ციფრულად. პანდემიურ რეალობაში, ადგილობრივმა დიზაინერებმა წარმატებით მოახერხეს თავიანთი შემოქმედების საერთაშორისო საზოგადოებისთვის ვირტუალურად წარდგენა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა სოფო ჭყონიამ ნათელა ფოცხვერიასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, განსხვავებულ ფორმატში მუშაობა უდიდესი გამოწვევა იყო, რამაც ინდუსტრია ახალი მხარეებიდან დაანახა.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ამ სეზონზეც ციფრულ ფორმატში იმართება. ცნობილია ოფიციალური თარიღიც. ონლაინ პლატფორმა mbfwtbilisi.online ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებას 6-9 მაისს უმასპინძლებს. უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც მოდის კვირეულის ოფიციალურ გვერდებზე ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები გადასაღები მოედნიდან.

როგორც უკვე ითქვა, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეული ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს ყველაზე წარმატებულ ქართველ დიზაინერებს, მოდელებს და არა მარტო. არც ციფრული სეზონი აღმოჩნდა გამონაკლისი. ახალ გადაღებებში მონაწილეობას იღებენ ქართული სამოდელო ბიზნესის ისეთი წარმატებული სახეები, როგორებიც არიან მარიშა ურუშაძე და ანი გავვა. სწორედ მარიშას ინსტაგრამ სთორით დაიწყო საუბარი მოდელების შრომითი უფლებების დარღვევაზე.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე მოდელობა თითქმის 10 წლის წინ დავიწყე და თავს პროფესიონალად ვთვლი. ჩვეულებრივ, უკმაყოფილებას არ გამოვთქვამ, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ იმდენად შეურაცხყოფილი და გაბრაზებული, როგორც ახლა,” წერს გუჩის და მარკ ჯეიკობსის ქართველი მოდელი საკუთარ ინსტაგრამზე.

IG: @1marisha_ (მარიშა ურუშაძე)

მარიშა ურუშაძემ საკმაოდ მძიმე ბრალდებები გააჟღერა. მისი თქმით, კვირეულის ციფრულ გადაღებებზე, მოდელების შრომითი უფლებები სრულებით უგულებელყოფილია და გოგონებს დილიდან საღამომდე უწევთ მუშაობა შენობაში, სადაც არ არის საპირფარეშო, არ არის საკვები, ამასთან ერთად, არ არის გათვალისწინებული კომენდატის საათის დროს, მოდელების გადაადგილების უზრუნველყოფაც.

ძალიან მალე, მარიშას სთორებს გამოეხმაურა ბალენსიაგას ფავორიტი ქართველი მოდელი, ანი გავვა, რომელმაც განმარტა, რომ ქართველი დიზაინერების ნაწილი მოდელებთან ურთიერთობაში სნობიზმს და უპატივცემულობას ავლენს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სამუშაო ადგილზე ცუდი პირობების შექმნაში, არამედ თვეებით დაგვიანებულ ანაზღაურებაშიც.

IG: @anigavva (ანი გავვა)

აღსანიშნავია, რომ მარიშას და ანის მხარდაჭერა გამოუცხადეს ლიკა რიგვავამ, თაკო ნაცვლიშვილმა და თათია ახალაიამ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სამოდელო ბიზნესის ამდენი გავლენიანი ტოპ მოდელი ხმამაღლა საუბრობს შრომითი უფლებების დარღვევაზე. გოგონებს მხარდაჭერა გამოუცხადეს დიზაინერებმა გიორგი ქებურიამ და თიკო პაქსაშვილმაც.

IG: @TakoNats / @TatiaAkhalaia (თაკო ნაცვლიშვილი და თათია ახალაია

აღსანიშნავია, რომ სთორების გამოქვეყების შემდეგ, მარიშა ურუშაძეს ინსტაგრამი დაარეპორტეს. ამ ფაქტს თაკო ნაცვლიშვილი და თათია ახალაია ასეთი ფორმით გამოეხმაურნენ.

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ოფიციალურ წარმომადგენელს, მოდელების მიერ გასულ 24 საათში გავრცელებულ ბრალდებებზე, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.