ბოლო რამდენიმე წელია, ყურადღების მიპყრობა კარგი გემოვნებით, მასებისთვის ლამაზად აღსაქმელი პროდუქტით უფრო რთულია, ვიდრე ცუდი გემოვნებით და უმრავლესობისთვის შეუხედავი სამოსით. თუ შენს კოლექციებში რაღაც ისეთი არ შეგაქვს, რაც ზოგადი თვალსაზრისით ნაკლად და ხარვეზად ან უჩვეულოდ აღიქმება მაშინ შეგიძლია თქვა, რომ მეამბოხე ხარ და დღევანდელობას ეწინააღმდეგები. მაშინ როდესაც ვერსაჩეს კოლექციაშიც კი გრანჟის ელემენტები ჩნდება, შენი უბრალო ლამაზი კოლექცია აღარავის აღელვებს. საბედნიეროდ ამას ჩვენთანაც ხედავენ და უბრალოდ ლამაზი საღამო კაბების ჩვენების ყურება არ გვიწევს.

შენს ესთეტიკას მხოლოდ დროის მოთხოვნებზე ვერ დააფუძნებ, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებ, მაგრამ მთავარია ყალბი არ იყო და შენი შემოქმედებისთვის შეუფერებელი დეტალები მასში მხოლოდ იმიტომ არ შეიტანო, რომ აქტუალურია. თუ გინდა, რომ გამოჩნდე, ერთდოულად დროსაც უნდა მოერგო და სხვებისგან რაღაცით განსხვავდებოდე.

კარგი გემოვნება ქართველი დიზაინერებისთვის ნამდვილი გამოწვევაა. კარგი გემოვნება, რომელიც არა ლამაზ შავ კაბაში, არამედ ახალ და განსხვავებულ დიზაინში ვლინდება, რომელიც მნახველს ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს. რომელშიც დროის მახასიათებლებიც გათვალისწინებულია და მისი შემქმნელის თავის დამკვიდრების, განვითარების მცდელობაც ჩანს.

მინიმალიზმი ნებისმიერ დროს ყოველთვის სასურველი იქნება, მაგრამ არა დიდი დოზით. მაგრამ ახლა მინიმალიზმშიც რაღაც არასტანდარტული მოითხოვება. შექმნა კოლექცია, რომელსაც არ ექნება თემა, არ გადმოსცემს მესიჯებს, იქნება სადა, ამავდროულად, საინტერესო და მიმზიდველიც, შესაძლოა უფრო რთული ამოცანა იყოს, ვიდრე დეტალებით დატვირთული კოლექციის შექმნაა.

საქართველოში მინიმალიზმს და არაბანალურ კარგ გემოვნებას ყველაზე კარგად ლადო ბოკუჩავა და ალექსანდრე ახალკაციშვილი წარმოაჩენენ. ერთი შეხედვით მათ შორის დიდი მსგავსებაა, მაგრამ კარგად დაკვირვების შემდეგ არსებითი განსხვავებები აშკარა ხდება.

ლადოს ჩვენებებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც დიზაინერი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მისი კიკალა ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მომენტია ქართული მოდის ისტორიაში, მაგრამ ეს ერა რამდენიმე წელია დამთავრდა. ახლა მის კოლექციებს განსხვავებული სახე აქვს, რომლებზეც ეტაპობრივად ქრება ფიბი ფაილოს და ჯონათან ანდერსონის ხელწერა და თითქოს საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიდის, სადაც დიზიანერი უკვე თავის თავს პოულობს.

Lado Bokuchava Fall/Winter 2019. Photos: Carlo Scarpato / Gorunway.com

თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე ფერებთან მისი თამაში უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა, სადაც გადადგულმა სარისკო ნაბიჯებმა გაამართლა. გამორჩეული იყო მკერვალობაში გამოყენებული დეტალებიც, რომლებიც კიმ ჯონსის დიორისთვის შექმნილ ბოლო მამაკაცის კოლექციას მოგვაგონებს. ახალი დეტალების შეტანის და მათი განსხვავებული გზებით დამუშავების მცდელობის დამსახურებით მისი კოლექციიდან არც ერთი ნაწილი არ არის სტანდარტული, მაგრამ ყველაფერი ჩაცმადია, სწორედ ეს ხდის მის მინიმალიზმს გამორჩეულს და თანაც სასურველს.

Lado Bokuchava Fall/Winter 2019. Photos: Carlo Scarpato / Gorunway.com

ახალკაციშვილს განსაკუთრებით მკერვალობა გამოარჩევს, რაც მისი 2019 წლის ჩვენების პირველივე ლუქიდან გამოიკვეთა და ბოლოს იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ შოუ კოლექციიდან ყველაზე ძლიერი ლუქით გაისხნა.

Aleksandre Akhalkatsishvili Fall/Winter 2019. Photo: Carlo Scarpato / Gorunway.com

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ფიბის სელინის და კრისტოფერ კეინის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი კარგად ნაცნობი დეტალები. ტყავის ლუქებს უხეში ასპექტი შემოჰქონდა. კორსეტებს კი განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭებოდა კოლექციაში, რომელიც მეტ მრავალფეროვნებას მოითხოვდა. სწორედ ეს აკლია მის შემოქმედებას, რომელიც შესაძლოა მოწონებას იმსახურებს, მაგრამ სეზონიდან სეზონზე განმეორებადია. რისკები კი მაშინ უფრო ამართლებს, როდესაც მყარი საფუძველი უკვე არსებობს.

Aleksandre Akhalkatsishvili Fall/Winter 2019. Photos: Carlo Scarpato / Gorunway.com
Aleksandre Akhalkatsishvili Fall/Winter 2019. Photos: Carlo Scarpato / Gorunway.com

ნიჭს განვითარების პერსპექტივა ყოველთვის თან ახლავს – დროის გამოწვევებიც უნდა მიიღო, გარდაქმნა და გამოავლინო – ეს კი ისეთი მიმართულებითაც შესაძლებელია, რომელიც თავისი არსით მხოლოდ იმას გულისხმობს, რაც საჭიროა.

Tags :