ბოლო წლებში საქართველო მოდის სამყაროში საკმაოდ აქტუალურია, ქართველი დიზაინერები მოექცნენ მსოფლიო მოდის ყურადღების ქვეშ, თუმცა სამწუხაროდ ეს ქართველ მოდელებს არ ეხებათ. რა არის მიზეზი იმის, რომ საქართველოში უამრავი სამოდელო სააგენტოა, თუმცა არცერთი ტოპ მოდელი არ გვყავს ?
რთულია, პირდაპირ ხელი დაადო რომელიმე მხარეს, თუმცა აშკარაა, რომ მიზეზი რეალურად ორივე მხარეშია, სამოდელო სააგენტოებშიც და თავად გოგონებშიც. სამოდელო სააგენტოების უმეტესობას არ აქვს იმის რესურსი, რომ გოგონები საზღვარგარეთ გააგზავნონ, სააგენტოების უმეტესობა ნებისმიერ გოგონას მიიღებს, თუ გოგონა სავალდებულო თანხას გადაიხდის ყოველთვიურად. ასეთი სააგენტოები არ აქცევენ ყურადღებას, გოგონა რამდენად აკმაყოფილებს მოდელის პარამეტრებს, არ აქცევენ ყურადღებას რამდენად ღირს მასში შრომის ჩადება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ხშირად არასწორ წარმოდგენას უქმნიან გოგონებს პირველ რიგში საკუთარ თავზე, შემდეგ მოდის ინდუსტრიაზე.

“ტოპ მოდელად რომ გადარჩე, რკინის უნდა იყო, გამძლე უნდა იყო მუდმივი უარყოფის და შეურაცხყოფის, რომელსაც ისე პირდაპირ გაყენებენ, თითქოს არც არსებობდე, უნდა გაუძლო სხვის შურს, ინდუსტრიის პოლიტიკას, უნდა გაუძლო ბრძოლას არ გახდე არც ნარცისულად შეყვარებული საკუთარ თავზე და არც ღვარძლით სავსე ადამიანი.” – სტივენ მეისელი.

თავიდან ყველაზე აშკარად მენტალიტეტის პრობლემა იჩენდა თავს, რის შედეგადაც მოდელის პროფესიისადმი ძალიან არასწორი დამოკიდებულება ყალიბდებოდა. ყველას მოსწონდა და მოსწონს ჟურნალის პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი ლამაზი მოდელი, მაგრამ ქართველისთვის ეს რაღაც შორეული, წარმოუდგენელი რამ იყო. ვერ წარმოედგინათ, რომ ქართველმა გოგონამ გადაიღოს ფოტო, სადაც გამომწვევი მზერა აქვს, ან ზომაზე მეტად შეხსნილი კაბა აცვია. ეს ავტომატურად მსუბუქი ყოფაქცევის გოგონას იმიჯს აკერებდა. დროთა განმავლობაში ეს დამოკიდებულება შეიცვალა, თუმცა ბოლომდე არ დაკარგულა. პრობლემა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა არის ქართველი მოდელების დამოკიდებულება თავიანთი პროფესიისადმი. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მოდელობა სარფიანი გათხოვების საუკეთესო საშუალებაა და მიუხედავად იმისა, რომ გვინდა ასე არ იყოს, ფაქტები სხვას მეტყველებს. ქართველი მოდელის კარიერა გრძელდება მანამ სანამ იმ ერთადერთს არ იპოვის, და შემდეგ მთელ თავს ოჯახს უძღვნის, ან უეცრად ახალი პროფესიისადმი უჩნდება ლტოლვა, რომელიც როგორც წესი დიზაინერობაა და უკვე სარფიანად გათხოვილი მოდელი აუცილებლად ქმნის საკუთარ ბრენდს. ოჯახისთვის თავის მიძღვნაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამის გაკეთება შეიძლება ისე, რომ 18 წლის ასაკში არ გათხოვდე და ჯერ საკუთარი კარიერის შექმნა შეძლო.

როცა სააგენტო პარიზში გაგზავნის კარიერის ასაწყობად, კარიერაზე უნდა იფიქრო და იმაზე, თუ რამხელა შანსი მოგეცა, უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა და იბრძოლო თავის დასამკვიდრებლად. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა კარიერის წასამართად, არ ესმის უმეტესობას როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. არ ესმით, როცა მოდელობას გადაწყვეტ, ყველა შანსი უნდა გამოიყენო რაც გზად შეგხვდება და არ უნდა დანებდე. პირველივე ცდაზე ვერსაჩემ შეიძლება ვერ აგიყვანოს შოუზე, თუმცა რომელიმე უბრალო ბრენდმა დაგამტკიცოს, ამას ცუდად არ უდნა შეხვდე, პირიქით, უნდა გამოიყენო ეს შანსი. ათმა უბრალო ბრენდმა რომ დაგამტკიცოს, მაღალი მოდის ბრენდებს კი არ უნდა დაელოდო, არამედ ათივეზე უნდა გახვიდე და მაქსიმალურად დიდი და მრავაფეროვანი პორტფოლიო შეიქმნა. გასაგებია, რომ მიზნად გაქვს მაღალი მოდის მოდელობა, თუმცა უნდა შეძლო იმის მიღება რაც იმ მომენტში გეძლევა. ეს მარტო სამოდელო ბიზნესს არ ეხება, არამედ ყველა პროფესიას და ყველა საქმეს. მიზნამდე პირდაპირი გზა უმეტესწილად არ არსებობს, ყოველთვის უნდა ეცადო დააფასო შესაძლებლობები, რასაც ცხოვრება გაძლევს და მიზნის მისაღწევად გამოიყენო. ეს შესაძლებლობები უბრალოდ არის გზა, რომელიც შენს საბოლოო მიზნამდე მიგიყვანს. შესაბამისად, კი არ უნდა დაჯდე და ელოდო რომელიმე დიდი კონტრაქტი როდის დაგეცემა თავს რაღაც სასწაულით, არამედ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო და წინ იარო, განვითარდე, გამოცდილება დააგროვო, თუმცა შენი მიზანი არ დაივიწყო.
მოდელის პროფესია გარედან ლამაზი და მარტივი ჩანს, თუმცა გოგონებს ძალიან დიდი შრომა უწევთ წარმატების მისაღწევად და შემდეგ პოზიციის შესანარჩუნებლად. ქართველ გოგონებში ვერ ვხედავ მონდომებას და საქმის სიყვარულს, მხოლოდ ზედაპირულად უყურებენ ამ პროფესიას და გართობისა და ლამაზი ცხოვრებისთვის მოსწონთ. თავადაც არ სჯერათ იმის, რომ მოდელობა პროფესიაა და დიდი შრომით და მონდომებით შესაძლებელია სერიოზული კარიერის შექმნა. რეალურად რომ შევხედოთ საქართველოსთვის ძალიან რთულია ამ მხრივ ბიზნესში ფეხის მოკიდება, რადგან არ გვყავს მოდელების დიდი ნაკადი. სამწუხაროდ არ ვართ ერი, რომლის ყოველი მეორე გოგონა მოდელის გარეგნობითაა დაჯილდოებული. ვინც არის დაჯილდოებული იმათ ნაწილს არ აინტერესებს ეს სფერო, ნაწილს მხოლოდ ზედაპირულად აინტერესებს და ინტერესის ნაკლებობის გამო მზად არ არის შრომა ჩადოს კარიერაში.

ცალკე ფენომენი კიდევ ის არის, რომ სტერეოტიპების მსხვრევა მაინცდამაინც რამდენიმე შოუზე გავლილ ქართველ მოდელებს უნდებათ და დაჟინებით აგრძელებენ სწავლას უნივერსიტეტებში, შემდეგ მოდელის კარიერას თავს ანებებენ და სხვა პროფესიას მიჰყვებიან, თუმცა მთელი ცხოვრება გასდევთ მოდელის სახელი. სწავლა ძალიან კარგია, განათლებული რომ ხარ ძალიან კარგია, თუმცა როცა მოდელობას იწყებ სჯობს ის რამდენიმე წელი, რომელიც ოქროს წლებად ითვლება მოდელისთვის და რეალური შანსია გამოცდილების დასაგროვებლად, ამ საქმეს დაუთმო და თუ არ გამოვიდა მერე გააგრძელო სწავლა, ან თუ გამოვიდა და შეძლებ კარიერის აწყობას, შეგიძლია რამდენიმე წლის მერე სწავლას მიხედო. შეხედეთ კარლი კლოსს,2008 წელს მიეცა შანსი გამხდარიყო ტოპ მოდელი. დაახლოებით 6 წელი ამ საქმეს თავი მიუძღვნა და ბოლომდე დაიხარჯა. 2014 წელს,როდესაც უკვე შემდგარი კარიერა ჰქონდა, რამდენიმე კონტრაქტი (მათ შორის ვიქტორია სეკრეტი) დათმო და უნივერსიტეტში ჩააბარა. ისწავლა, შექმნა საკუთარი საერთაშორისო კოდირების პროექტი და პოდიუმიდან ეტაპობრივად წინა რიგში გადაინაცვლა, როგორც სუპერმოდელმა, რომელსაც პოდიუმის გარდა სხვა საქმეც აქვს. 2018 წელს შექმნა ოჯახი. დღეს აქვს განათლებაც, წარმატებული სამოდელო კარიერაც და ჰყავს ქმარიც. კარლი ბრწყინვალე მაგალითია იმის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და მომენტის სწორად გამოყენება უნდა ისწავლოთ. 18-20 წლის ასაკში მდიდარ ქმარზე და სტერეოტიპების მსხვრევაზე არ უნდა ფიქრობდე, არამედ – კონცენტრაცია უნდა მოახდინო იმ შანსზე, რომელიც ჩაგივარდა, რომელმაც შეიძლება შენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.

ახლა, როგორც არასდროს, ქართველებს აქვთ შანსი ყურადღების ქვეშ მოექცნენ, მოდურ პრესას არასდროს არ დაუთმია საქართველოსთვის ამხელა ყურადღება. ძალიან მინდა ქართველმა მოდელებმა შეძლონ ამ შანსის გამოყენება და იბრძოლონ წარმატებისთვის. გვჭირდება რეალურად მებრძოლი გოგონები, რომლებიც ერთი სეზონის წარმატებით არ დაკმაყოფილდებიან, არც რომელიმე ბრენდში მოხვედრას შეაწირავენ კარიერისთვის საუკეთესო წლებსა და მომენტს. გვჭირდება გოგონები, რომლებიც დაუღალავად ივლიან კასტინგიდან კასტინგზე, 20 წუთიანი ცნობადობისთვის ტყუილებს არ შეთითნხავენ, გოგონები, რომლებსაც რეალურად ესმით როგორ მუშაობს ეს ბიზნესი და იციან, რომ თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და კარგი პიროვნულობა უამრავ კარს გააღებს მათ კარიერაში.