ახალი წლის დასაწყისში, მოდის პრესა მოიცვა სიახლემ, რომელიც იტალიური ბრენდის, Bottega Veneta -ს სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებას ეხებოდა. ინსტაგრამი, ფეისბუქი, თვითერი – ბრენდმა უკლებლივ ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელში გააუქმა ოფიციალური გვერდი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ინსტაგრამზე, ბოთეგა ვენეტას 2.5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მყიდველს თეორიები თითქმის ყველაფერზე აქვს, ცნობილი მოდის სახლის ამ ნაბიჯის ახსნა ყველას გაუჭირდა.

Mona Tougaard for Bottega Veneta

სიახლიდან ერთი თვის შემდეგ, Bottega Veneta-ს მფლობელი კომპანიის, ქერინგის თავმჯდომარემ და მფლობელმა, ფრანსუა პინომ პირველად ახსნა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ბრენდის ახალი სტრატეგია: “რაც შეეხება ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიას, ეს არ ნიშნავს სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებას – ეს უბრალოდ მათი განსხვავებულად გამოყენებაა. ბოთეგამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ წარმდგენებს და ფანებს,“- აღნიშნავს პინო. როგორც ჩანს, ბოთეგა ამის გაკეთებას ფანებისთვის და წარმდგენებისთვის საჭირო მასალების მიწოდებით აპირებს, რათა შემდეგ, სწორედ მათ ისაუბრონ, სოციალურ ქსელებში, ბრენდის ნაცვლად.

François-Henri Pinault

ფრანგი მილიარდერის თქმით, ეს სტრატეგია მხოლოდ ბოთეგა ვენეტას ეხება და არა ქერინგის მფლობელობაში არსებულ სხვა ცნობილ ბრენდებს.