ალბერ ელბაზის AZ Factory ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბრენდისთვის 12 ლუქიან კოლექციას ტენესი თორსონი წარადგენს.

ფრანგმა დიზაინერმა ტენესი თორსონმა მოდის დიზაინის კუთხით განათლება ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში მიიღო (2021 წლის გამოშვება). ახლა ის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. როგორც ცნობილია, თორსონმა AZ Factory-ისთვის 12 ლუქი შექმნა, რომელიც “ქალი სუპერგმირებითა და მათი სუპერშესაძლებლობებითაა შთაგონებული”. კოლექცია თეატრალური შოუს სტილში იქნება.

AZ Factory-ის მფლობელი კომპანიის, Richemont-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაურო გრიმალდიმ აღნიშნა, რომ ის ძალიან შთაგონებულია თორსონის ხედვითა და შემოქმედებით, “მისი ხედვა ძალიან რელევანტური და თანამედროვეა, როგორც მოდის, ასევე საზოგადოების მიმართ. როდესაც ხვდები დიზაინერს, რომელსაც ტექნიკური ცოდნა, ნათელი ესთეტიკა და ძლიერი გადმოცემის უნარი აქვს, ხვდები, რომ მისი წარმატება გარდაუვალია.”

ჩვენების შემდეგ, ნივთების შეძენა წინასწარი შეკვეთის შედეგად იქნება შესაძლებელი. კერძოდ პარიზში, AZ Factory-ის ატელიეში. როგორც ცნობილია, ყოველ წელს, ბრენდი მსგავს 6 პრეზენტაციას გეგმავს მოწვეული დიზაინერების, ან როგორც თავად ამბობენ, “ამიგოების” მეშვეობით.