ნიუ-იორკელი აფრო-ამერიკელი დიზაინერის, ტელფარ კლემენსის ბრენდი Telfar ჩანთების მოყვარულთა ახალი ფავორიტია. ტელფარის კარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მან ცნობადობა სოლანჟ ნოულსთან კოლაბორაციის შემდეგ მოიპოვა, რომლის პერფორმანსიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში მოეწყო. ტელფარის ბრენდის განსაკუთრებული აღიარება ჩანთების წარმატებამ განაპირობა – მინიმალისტური დიზაინით გამორჩეული ჩანთები მოკლე დროში ნამდვილ ჰიტად იქცა.
რამდენიმე კვირის წინ, ბუშვიკის ბირკინად წოდებული ჩანთები კვლავ მოხვდა ჰედლაინებში, თუმცა ამჯერად განსხვავებული მიზეზით, ამერიკული სწრაფი მოდის ბრენდმა, Guess ახალი ჩანთები გამოუშვა, რომლის დიზაინიც ძალიან ჰგავს ტელფარის ყველაზე პოპულარულ მოდელს. კოპირება, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ ისეთ ინსტაგრამ გვერდებს, როგორიცაა მაგალითად Diet Prada, სადაც Guess არა მხოლოდ კოპირებაში, არამედ რასიზმშიც კი დაადანაშაულეს.
მიუხედავად იმისა, რომ Guess-ის წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებდნენ, მათ დიდი ხნის განმავლობაში დუმილი ვერ შეძლეს და საჯაროდ ბოდიშიც კი მოიხადეს. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ ჩანთების გაყიდვიდან სრულად ამოღებაც მოუწიათ.